მარიამ ოსეფაიშვილი: „ლისის მწვანე ქალაქში ცხოვრება ნამდვილი სიამოვნებაა!“

PR კლუბი

18 ივლისი 22:00, 2016 წელი
54

პიარკლუბის სტუმარია ქართული დეველოპერული კომპანიის „ლისი დეველოპმენტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი მარიამ ოსეფაიშვილი.


- მარიამ, რა გამოცდილებით მოხვედით „ლისი დეველოპმენტში“?
- ჩემი სამუშაო გამოცდილება თორმეტ წელს ითვლის, აქედან ბოლო ექვსი წელი მარკეტინგის სფეროში ვიმუშავე - ოთხი წელი „რედ ბულის“ მარკეტინგის გუნდში, ხოლო შემდეგ „ჯიდი ალკოს“ მარკეტინგის განყოფილებაში დიაჯეოს პორტფელის მიმართულებით.

- გამოდის, რომ მარკეტინგის სფეროში მუშაობა თქვენთვის უცხო არ ყოფილა?
- მარკეტინგის სფეროში მუშაობა ჩემთვის უცხო ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ძირითადი გამოცდილება ჯერ კიდევ „რედ ბულში“ მუშაობისას დავაგროვე. თუმცა „ლისი დეველოპმენტში“ მოსვლისას ახალი გამოწვევების წინაშეც დავდექი. მოგეხსენებათ, რომ „რედ ბული“ და „ჯიდი ალკო“ საერთაშორისო კომპანიებია, სადაც არსებობს გარკვეული გაიდლაინები, „ლისი დეველოპმენტი“ კი გახლავთ ქართული ბრენდი, სადაც შეგიძლია, მთლიანად იყო ჩართული მის განვითარებაში.


- რა თვისებები უნდა ჰქონდეს მარკეტინგის მენეჯერს?
- გარდა იმისა, რომ ნებისმიერი წარმატებული მენეჯერი უნდა იყოს მოტივირებული და ორგანიზებული, მარკეტინგის მენეჯერი აუცილებლად ყოველდღიურად უნდა ვითარდებოდეს, ეცნობოდეს მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას სფეროს სიახლეებსა და მსოფლიო მიმდინარეობებზე, უნდა გრძნობდეს ტრენდებს. ასევე, მნიშვნელოვანი პირობებია - ბიზნესეთიკა, კონკურენტების პატივისცემა, ინიციატივა და საქმის სიყვარული.

- რას მოიცავს პროექტი „მწვანე ქალაქი ლისზე“, რომელსაც „ლისი დეველოპმენტი“ ახორციელებს?
- პროექტი „მწვანე ქალაქი ლისზე“ 20/80 კონცეფციაზეა აგებული, რაც იმას გულისხმობს, რომ 350 ჰექტარი მიწის ტერიტორიის მხოლოდ 20% უკავია საცხოვრებელ ერთეულებს, დანარჩენი 80% კი გამწვანებას, პარკებსა და დამხმარე ინფრასტრუქტურას. ამ პროექტის სახით „ლისი დეველოპმენტი“ მომხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ საცხოვრებელ კვადრატულ მეტრებს, არამედ ცხოვრების ახალ სტილს, ბედნიერებას, ლაღ და დაცულ ქალაქს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. „მწვანე ქალაქის“ მცხოვრებლები სარგებლობენ აუზით, სავარჯიშო დარბაზით, დასუფთავებისა და დაცვის სერვისით. ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრებიც არსებობს: ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია და ბრიტანულ-ქართული აკადემია. ქალაქის ტერიტორიაზე საბოლოოდ შვიდი პარკი იქნება განთავსებული. მოკლედ, ლისის მწვანე ქალაქში ცხოვრება ნამდვილი სიამოვნებაა!

- კომპანიის სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
- კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ აგრძელებს მწვანე ქალაქის განვითარებას. ამ ეტაპზე დასრულებულია პირველი უბანი, ერთ წელიწადში დასრულდება მეორე უბანიც. საბოლოო ჯამში, ქალაქში იქნება არანაკლებ ხუთი უბნისა. ამ ეტაპზე ჩვენს ქალაქში უკვე ცხოვრობს 200-ზე მეტი ოჯახი, რასაც მალე კიდევ 150 ოჯახზე მეტი დაემატება.

- როგორია თქვენი სამუშაო რეჟიმი და როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
- ჩემი სამუშაო რეჟიმი საკმაოდ მრავალფეროვანი, საინტერესო და დატვირთულია. ის დიდწილად სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობას მოიცავს, შემდეგ აღსრულებას და ბოლოს შედეგის გაანალიზებას. ნებისმიერი ქმედების შემდეგ მაშინვე მაქვს შედეგის დანახვის შესაძლებლობა. რაც შეეხება, თავისუფალ დროს, ძირითად ნაწილს ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ, დანარჩენს კი მეგობრებთან ურთიერთობას, ველოსიპედით სეირნობას ან საინტერესო ფილმის ყურებას ვუთმობ.