X

დაზიანებული „სვეჩები“ ავტომობილის ძრავს აზიანებს!

რჩევები ავტომოყვარულებს
23.12.2016 22:00
241

ალბათ, გაგიგიათ, რომ, როდესაც ანთების სანთლები სველდება, მათ გამოწვავენ ან ხეხავენ, რათა ისევ იმუშაოს. საინტერესოა, რას ფიქრობენ სპეციალისტები ასეთ ხერხზე, ზოგადად რა აზიანებს ანთების სანთლებს და რამდენად მიზანშეწონილია მეორადი „სვეჩების“ გამოყენება? 

ანთების სანთლების ფუნქციებსა და საჭირო მოვლაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი საუბრობს.

- რა ფუნქცია აქვს ანთების სანთლებს?
- ანთების სანთლები ძრავის უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლის მეშვეობითაც ძრავში აალდება ჰაერისა და საწვავის ნაზავი, რის შედეგადაც მოძრაობაში მოდის ძრავის დგუშები და სარქველები.

- როგორი ტიპის ანთების სანთლები გამოიყენება შიდა წვის ძრავზე?
- შიდა წვის ძრავზე გამოიყენება ორი ტიპის სანთელი: ანთების სანთლები ბენზინზე მომუშავე შიდა წვის ძრავის შემთხვევაში, ხოლო გამახურებელი სანთლები - დიზელის შიდა წვის ძრავის შემთხვევაში.

- რა აზიანებს ანთების სანთლებს? 
- დაზიანების მიზეზია ექსპლუატაციის გადაჭარბებული ვადა და, რაც ყველაზე გავრცელებულია, მისი არასწორი მონტაჟი, რის გამოც, ანთების სანთლები დეფორმირდება, ბინძურდება, ტყდება კერამიკული ნაწილი, იშლება ცენტრალური ელექტროდის სტრუქტურადა ა.შ.

- როგორ უნდა შემოწმდეს ანთების სანთლის მუშა მდგომარეობა?
- შემოწმება ხდება სპეციალური დანადგარებით, რომელშიც თავსდება ანთების სანთლები, იქმნება ვაკუუმი და მას მიეწოდება ძაბვა. სპეციალურ ეკრანზე კი ჩანს, როგორ გამოსცემს ანთების სანთელი ნაპერწკალს. თუკი ნაპერწკალი ანთების სანთელზე გადადის ან არასწორ ნაპერწკალს იძლევა, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ანთების სანთელი დაზიანებულია. 

- როგორ იცვლება ანთების სანთლები?
- როდესაც მძღოლი დამოუკიდებლად ცდილობს ანთების სანთლების შეცვლას, ფიქრობს, რომ ამისთვის საჭიროა მხოლოდ ქანჩი, ძველი ანთების სანთლის მოხსნა და ახლის გადაჭერა. თუმცა ასე მარტივი არ არის. შეცვლა უნდა მოხდეს სერვისცენტრში, დინამომეტრიანი ქანჩ-გასაღების საშუალებით. ანთების სანთლებს თავისი გადაჭერის ძალა აქვს, რომელიც იზომება ნიუტონ მეტრობით. ანთების სანთლების გადაჭერის ძალა, საშუალოდ, 25-დან-27 ნიუტონ მეტრამდეა  (ყველა მანქანასა და მოდელზე ანთების სანთლების გადაჭერის ძალა ინდივიდუალურია).  შესაძლოა, მძღოლმა ზედმეტად გადაუჭიროს ან პირიქით, დააკლოს გადაჭერა, რაც შემდგომში აუცილებლად გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის - ძრავის დაზიანებასაც კი.

- რამდენად მიზანშეწონილია მეორადი ანთების სანთლების გამოყენება?
- ავტომობილზე მეორადი ანთების სანთლების დამონტაჟება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან არავინ გვაძლევს გარანტიას, რამდენ ხანს იმუშავებს მეორადი ანთების სანთლები. დაზიანებული სანთლების გამო კი ძრავი არ იმუშავებს გამართულად, მას ექნება დეტონაცია, საწვავის არასწორი წვა, ასევე, მას შესაძლოა, დაზიანდეს ჩიბუხები, ჰაერმზომი, კატალიზატორი. მით უმეტეს, რომ ანთების სანთლები ძვირი არ არის და ამ დეტალზე ეკონომიის გაკეთება ნამდვილად არ ღირს. არის შემთხვავები, როდესაც ანთების სანთლები სველდება და მათ გამოწვავენ ან ხეხავენ, რათა აამუშაონ. ამ ხერხს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში მიმართოთ, ვიდრე სერვისცენტრამდე ან ავტომაღაზიამდე მიხვალთ. 

- როგორ უნდა შევარჩიოთ ანთების სანთელი?
- პირველ რიგში, ავტომწარმოებლების რეკომენდაციის მკაცრი დაცვით.
მძღოლი შეცდომაში შედის, როდესაც ამ დეტალის შეცვლას დაუფიქრებლად იწყებს. შესაძლოა, ანთების სანთლის ზომა თქვენი ავტომობილისთვის საჭირო ანთების სანთლის ზომას დაემთხვეს, ვიზუალურად ძალიან ჰგავდეს, ხრახნი ბუდეში კარგად ჩაჯდეს, კარგადაც მოეჭიროს, ჩიბუხიც თავზე კარგად მოაჯდეს და ძრავიც დაიქოქოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ანთების სანთლის სწორ შერჩევას. ანთების სანთები უნდა შეირჩეს კონსულტანტის მიერ, რომელიც კატალოგში ნახულობს, რომელი შეესაბამება თქვენს ავტომობილს. კიდევ ერთხელ ვურჩევ მძღოლებს, არასდროს გააკეთონ ეკონომია ანთების სანთლებზე, რადგან ამან მომავალში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს და ძვირად ღირებული რემონტი დასჭირდეთ.

ბოლო 50 წლის განმავლობაში როგორც ავტომობილის ძრავებმა, ასევე მათთან ერთად ანთების სანთლებმაც განიცადა ევოლუცია. თანამედროვე სანთლებში ნიკელის ნაცვლად გამოიყენება ისეთი ძვირფასი მეტალი, როგორიცაა პლატინა და ირიდიუმი. სწორედ ასეთი ხარისხის ანთების სანთლებს შეუძლია ექსპლუატაციის ვადის ბოლომდე გამართულად იმუშაოს  ისეთ ექსტრემალურ პირობებში, როგორიცაა მაღალი ტემპერატურული რეჟიმი და წნევა. ამავდროულად, უზრუნველყოს ძრავის გამართული მუშაობა უფრო ხანგრძლივი საექსპლუატაციო პერიოდით.
„თეგეტა მოტორსში“ შეგიძლიათ შეიძინოთ „ბოშის“ ბრენდის უმაღლესი ხარისხის ანთების სანთლები (BOSCH NGK,  DENSO), რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. „ბოშის“ ანთების სანთლებში ირიდიუმისა და პლატინის შემცველობა და მათი საექსპლუატაციო ვადა, სხვა ბრენდებთან შედარებით, გაცილებით ხანგრძლივია.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია