როგორ ავიცილოთ თავიდან ავტომობილში უხარისხო ბენზინის ჩასხმა?

რჩევები ავტომოყვარულებს

15 მარტი 22:00, 2016 წელი
230

იმისთვის, რომ მანქანა დიდხანს გვემსახუროს, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას მივაწოდებთ მას - ეს ეხება ზეთს, გამაგრილებელ სითხეს, დიზელის ან ბენზინის საწვავს და თუნდაც გაზს. ეს ყველაფერი კარგად იცის ყველა მძღოლმა, თუმცა არავინ არის დაზღვეული უხარისხო საწვავისა და ძრავში კაკუნის ხმისგან... რა გამოსავალს გვთავაზობენ ამ შემთხვევაში სპეციალისტები? ჩვენი დღევანდელი სტუმარია ავტოექსპერტი შალვა ოგბაიძე.


- ბატონო შალვა, რა მნიშვნელობა აქვს ბენზინის ხარისხს? 

- ბენზინის ხარისხი მნიშვნელოვანია როგორც ავტომობილის ძრავის რესურსისთვის, ასევე გარემოსთვის. ქარხანადამამზადებლები ძალიან გულმოდგინედ და დაბეჯითებით ურჩევენ მომხმარებლებს, რომ აუცილებლად მათ მიერ რეკომენდებული სორტის ხარისხის საწვავი და ზეთები გამოიყენონ. მთელ მსოფლიოში საწვავის ხარისხი განისაზღვრება მონაცემით, რომელიც ოქტანური რიცხვის სახელითაა ცნობილი. ოქტანური რიცხვი განსაზღვრავს ბენზინის დეტონაციურ  მდგრადობას. რაც უფრო მაღალია ბენზინის ოქტანობა, მით უფრო მეტია დეტონაციის მიმართ მდგრადობა და შესაბამისად, მაღალია ძრავის შეკუმშვის შესაძლო ხარისხი, რაც ხელს უწყობს ძრავის სიმძლავრესა და ეკონომიურობას.

- ანუ რაც უფრო მაღალოქტანურ და ძვირიან საწვავს ჩავასხამთ, მით უფრო კარგია ავტომობილისთვის?
- არავითარ შემთხვევაში! უნდა ჩაისხათ ის საწვავი, რომელიც რეკომენდებულია კონკრეტული ავტომობილისთვის. მაგალითად, ამერიკული მწარმოებლების ავტომობილები გათვლილია შედარებით დაბალი სორტის საწვავზე. მათ აქვთ დაბალი კუმშვის ხარისხი (ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია ძრავისთვის). ამერიკაში საწვავის ფასი ძალიან დაბალია და ისინი არც ისე მკაცრად მისდევენ იმ სტანდარტებს, რაც ევროპაშია. ამიტომ მათი მანქანები შედარებით დაბალფორსირებულია, დაბალი კუმშვის ხარისხით და გათვლილია შედარებით დაბალი სორტის საწვავზე, კერძოდ, რეგულარ 92-ზე. თუ ასეთ ავტომობილში მაღალი ოქტანობის საწვავს ჩავასხამთ, ძრავს მწყობრიდან გამოვიყვანთ. თუ 92-ზე დაბალოქტანურს ჩავასხამთ, ძრავა მაინც გამოვა მწყობრიდან. ამიტომ რეგულარზე განსაზღვრული ამერიკული მანქანა, სუპერსა და მაღალოქტანურ საწვავზე არ უნდა ამუშაოთ.

- რა მიგვახვედრებს იმაზე, რომ მანქანაში უხარისხო საწვავი გვისხია?
- როდესაც ავტომობილში დაბალი ხარისხის საწვავს ჩაასხამთ და აქსელერატორზე ფეხს დაადგამთ, ძრავიდან  სპეციფიკური წკრიალისა და კაკუნის ხმას გაიგებთ. ძველი მძღოლები ამას სარქველებს (ე.წ. „კლაპნებს“) აბრალებდნენ, მაგრამ  ეს მცდარი აზრია. ამ დროს სარქველები არ ხმაურობს. ეს არის დეტონაციური წვა, ძალიან არასასურველი მოვლენა. ვეცდები, მარტივად აგიხსნათ, რა ხდება ამ დროს:
შიდა წვის ძრავი მუშაობს ბენზინისა და ჰაერის ნარევით. როდესაც დგუში ბენზინისა და ჰაერის ნარევს კუმშავს, სანამ ბოლომდე მივა, დაბალი სორტის ხარისხი იწყებს უკვე გახურებული სარქველის თავიდან ან ანთების სანთლის (სვეჩის) კორპუსიდან თვითაალებას. ამას ჰქვია დეტონაციური წვა. თუ ჩვეულებრივი წვის დროს ალის გავრცელების სიჩქარეა 25 -30 მეტრი წამში, დეტონაციური წვის დროს ეს სიჩქარე რამდენიმე რიგით მაღალია: 2000-2500 მეტრი წამში. ანუ ეს არის, ფაქტობრივად, აფეთქება - როდესაც დგუში ბოლომდე მისული არ არის და ამ დროს უკვე ფეთქდება ნარევი, რაც აზიანებს დგუშის ძგიდეებს, რომლებსაც შემამჭიდროებელი რგოლები უჭირავს. ერთი სიტყვით, დეტონაცია ძალიან არასასურველი მოვლენაა.

- და როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო ბენზინის ჩასხმა?
- ძალიან სამწუხაროა, რომ საწვავის შემოწმება სავალდებულო არ არის. სანამ სახელმწიფო დაიწყებს ტექდათვალიერების მოთხოვნას, მანამდე საწვავის ხარისხის კონტროლი უნდა მოაწესრიგოს. ამ ეტაპზე კი გულმოდგინედ ვურჩევ ყველას, არავითარ შემთხვევაში არ ისარგებლონ ისეთი ბენზინგასამართი სადგურებით, რომელთა დასახელებები უცნობია. საქართველოში რამდენიმე ცნობილი ბენზინგასამართი კომპანია არსებობს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ სოლიდურობაზე და არცთუ უსაფუძვლოდ. გარდა იმისა, რომ ეს კომპანიები ხარისხიან საწვავს გვთავაზობენ, ამ შემთხვევაში დაცულობის ფაქტორიც უფრო დიდია.

ცნობისთვის: ერთ-ერთი ასეთი სანდო და მაღალხარისხიანია ლუკოილის საწვავი, რომელიც შპს „ლუკოილ ჯორჯიას“ ბულგარეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებიდან შემოაქვს საქართველოში. ლუკოილის საწვავს - სუპერს, პრემიუმ ავანგარდსა და ევრო დიზელს - აქვს დანამატი Ecto, რომლის უმაღლესი ხარისხი დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში დამოუკიდებელი საერთაშორისო ცენტრის „Tickford Power Train Test Ltd“-ს მიერ და აკმაყოფილებს ევროკავშირის გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ლუკოილის საწვავი არ შეიცავს ტყვიას. არომატიზებული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებით.