ეს ყველა მძღოლმა უნდა იცოდეს! - ცეცხლმაქრის არჩევის, შენახვისა და გამოყენების წესები

რჩევები ავტომოყვარულებს

14 ივნისი 22:00, 2016 წელი
222

მანქანაში ცეცხლმაქრი რომ აუცილებელია, ეს თეორიულად ყველა მძღოლმა ვიცით, თუმცა მოდით, გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ეს ნივთი ყველას არ მოგვეპოვება მანქანაში, ან, თუ მოგვეპოვება, შეიძლება, ექსტრემალურ სიტუაციაში ვერც კი მოვახერხოთ მისი გამოყენება. დღეს ამ თემაზე დეტალურად გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.

- ბატონო ლაშა, ზოგადად, რა აქსესუარები სჭირდება მძღოლს უსაფრთხო მგზავრობისთვის?
- სადაც არ უნდა მივემგზავრებოდეთ, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მიზნით, ავტომობილში აუცილებლად უნდა გვქონდეს:
- პირველადი დახმარების სააფთიაქო ყუთი;
- ავარიული გაჩერების ნიშანი;
- სათადარიგო საბურავი, დომკრატი და საბურავის დისკის მოსახსნელი ქანჩის გასაღები;
- ბუქსირის გვარლი;
- სტარტ-სადენები;
- მინიმალური ხელსაწყოების კომპლექტი;
- დაშვებული საბურავისთვის დასაბერი ტუმბო;
- ცეცხლმაქრი.
ხშირად მძღოლები ავტომობილისთვის საჭირო აქსესუარებს ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, მგზავრობის დროს, ზემოჩამოთვლილი აქსესუარებიდან ყველა მნიშვნელოვანია. 


- ვეჭვობ, ცეცხლმაქრი ყველა მძღოლს ედოს მანქანაში. მოდით, უშუალოდ ცეცხლმაქრის აუცილებლობასა და გამოყენების წესზე ვისაუბროთ...
- ცეცხლმაქრის რამდენიმე ტიპი არსებობს: ფხვნილოვანი, ნახშირორჟანგოვანი და ქაფოვანი. ავტომობილებში ყველაზე ხშირად ფხვნილოვანი და ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრებით სარგებლობენ. ღია ცეცხლთან ყველაზე ეფექტურია ფხვნილოვანი ცეცხლმაქრი. გარდა ამისა, არსებობს ცეცხლმაქრები თანდართული კარტრიჯით, რომელიც დატუმბულია მშრალი ფხვნილით და რამდენიმე გრამი ნახშირორჟანგით. ეს მოწყობილობა, ანალოგიურად, კარგად მუშაობს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ცეცხლმაქრიდან, წყლის ნაცვლად, ფხვნილი გადმოდის.


- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ცეცხლმაქრის შეძენის დროს?
- პირველ რიგში, აუცილებელია ის, რომ ცეცხლმაქრი არ იყოს ვადაგასული, ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ცეცხლმაქრი შესაბამის წნევაზე უნდა იყოს დატუმბული. მძღოლმა ცეხლმაქრის შეძენისას აუცილებლად უნდა წაიკითხოს მისი ინსტრუქცია. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს ცეცხლმაქრის ზომას, რადგან მცირე ზომის ცეცხლმაქრს თითქმის არ აქვს შანსი, გაუმკლავდეს ძლიერ ცეცხლს. ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრი ავტომობილზე ცეცხლის ჩასაქრობად ყოველთვის უსაფრთხო არ არის, რადგან მისი გამოყენების დროს ნახშირორჟანგს, რომელიც ცეცხლმაქრიდან გამოდის, დაბალი ტემპერატურა აქვს, რამაც შესაძლოა, სხეულის ღია ნაწილების მოყინვა გამოიწვიოს. ამასთანავე, ჩამქრობი ნივთიერება ნეგატიურად აისახება სასუნთქი ორგანოების მუშაობაზე და შესაძლოა, მათი პარალიზება გამოიწვიოს. ცეცხლმაქრის შერჩევის დროს, ასევე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის წონაზე. დაახლოებით, 2-კილოგრამიანი ცეცხლმაქრი ავტომობილის უსაფრთხოებისთვის სრულიად საკმარისია. უფრო მცირე მოდიფიკაციის ცეცხლმაქრები შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს. და კიდევ, რაც უფრო დიდი ხნის დატუმბულია ცეცხლმაქრი ნივთიერებით, მით უფრო ხანგრძლივად და ეფექტურად მუშაობს. 


- როგორ მოიქცეს მძღოლი ავტომობილში ხანძრის გაჩენის პირველ წამებში?
- ამ დროს მძღოლმა უნდა ამოსწიოს ხელის მუხრუჭი, გათიშოს ძრავი, გადმოვიდეს ავტომობილიდან და ძალიან ფრთხილად ასწიოს „კაპოტი“. აუცილებლად უნდა მოარიდოს თავი ცეცხლის ალს. შემდეგ კი, მთელი ძალით შეუდგეს ცეცხლის ჩაქრობას.


- ავტომობილში სად უნდა შევინახოთ ცეცხლმაქრი და საჭიროების შემთხვევაში როგორ გამოვიყენოთ?
- ცეცხლმაქრი აუცილებლად მიმაგრებული უნდა იყოს ავტომობილში. ყველა ავტომობილი განსხვავდება, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად კონკრეტული ადგილის დასახელება ცეცხლმქირის დასამაგრებლად რთულია, თუმცა, ავტომობილში მისთვის რამდენიმე ადგილი მოიძებნება. პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ცეცხლმაქრი თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ადგილას, მყარ და ძლიერ ზედაპირზე  მიამაგროთ. ცეცხლმაქრის მიმაგრება ნებისმიერ მდგომარეობაში შეგიძლიათ - ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ან დახრილად. უფრო მისაღები ადგილია ავტომობილის წინა ნაწილი და სავარძლის უკან.
რაც შეეხება ცეცხლმაქრის გამოყენებას: მას აქვს ჩამკეტი. საჭიროების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გამოაძროს ჩამკეტი, დაუმიზნოს ცეცხლმაქრი ცეცხლს და ხელი მოუჭიროს სახელურს. ამ დროს ცეცხლმაქრი გარედან ცივი ხდება, და ეს ბუნებრივია, რადგან ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრის შიგთავსი გამოფრქვევის დროს -72 გრადუსამდე ცივდება. დროთა განმავლობაში, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ცეცხლმაქრის გამოშვების თარიღს და დროს, რადგან ვადის გასვლის შემდეგ მისი გამოყენება შეუძლებელია.


ცნობისთვის: პირველი ცეცხლმაქრი მე-18 საუკუნის დასაწყისში, 1715 წელს, გერმანელმა ზაქარია გრეილმა გამოიგონა. ხის კასრს ავსებდნენ დენთით და წყლით. შემდეგ კი ფითილწაკიდებულს ისროდნენ ცეცხლში, სადაც კასრი ფეთქდებოდა და ცეცხლს აქრობდა.
მე-19 საუკუნეში უკვე გამოჩნდა ახალი ტიპის ცეცხლმაქრები, რომლებშიც ნატრიუმის ბიკარბონატიანი ფხვნილი და ნახშირორჟანგოვანი ცეცხლმაქრები გამოიყენებოდა.
დღევანდელი სახით კი, დაახლოებით, 70 წლის წინათ შექმნეს.