დიზელზე მომუშავე ძრავის პლუსები და მინუსები

რჩევები ავტომოყვარულებს

5 ივლისი 22:00, 2016 წელი
210

ბევრი მძღოლი თავს იკავებს დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილების შეძენისგან, რადგან გავრცელებულია მოსაზრება, რომ ამგვარი ძრავი ბევრ საზრუნავს აჩენს. დიზელის ძრავის ქომაგები კი ირწმუნებიან, რომ დაზიანებას მხოლოდ მძღოლის შეცდომები იწვევს და დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილი გაცილებით იოლი მოსავლელია. ვნახოთ, კონკრეტულად რა პლუსები და მინუსები აქვს დიზელის ძრავს. 


დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.


- ბატონო ლაშა, არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე: რომელი ძრავი სჯობია - ბენზინის თუ დიზელის?
- არა, რა თქმა უნდა. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ძალიან რთულია. როცა ძრავებს ბრუნთა დაბალ რიცხვზე მოეთხოვებათ მაღალი მაბრუნებელი მომენტი, ასეთ შემთხვევაში დიზელზე მომუშავე იდეალურია. ბენზინისა და დიზელის ძრავებს შორის პრინციპული სხვაობაა. ბენზინზე მომუშავე ძრავებში სამუშაო ნარევი ფეთქდება სანთლის („სვეჩზე“) მეშვეობით წარმოქმნილი ნაპერწკლით. დიზელის ძრავში კი იკუმშება მხოლოდ ჰაერი და შემდგომ საწვავის შეფრქვევით ხდება აალება. ეს შეკუმშული ჰაერი იმდენად გაცხელებულია, რომ შეფრქვევის შემდეგ  საწვავის თვითაალებას იწვევს. დიზელის ძრავში ჰაერისა და საწვავის რეაქციას დრო სჭირდება. ამიტომ ბენზინის ძრავი უფრო სწრაფად ახდენს აქსელერაციას, თუმცა, როგორც კი დიზელის ძრავი „გახურდება“ და ლიმიტურ რეჟიმში ამუშავდება, არანაკლებ სიმძლავრეს გამოიმუშავებს და ბენზინის ძრავს სიძლიერით არ ჩამოუვარდება. დიზელის ძრავსა და ბენზინის ძრავს შორის მარგი ქმედების კოეფიციენტი განსხვავებულია. დიზელის ძრავს უფრო დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს, სწორედ ამიტომ არის უფრო ეკონომიური. 


- მოდით, ჩამოვთვალოთ დიზელის ძრავის დადებითი და უარყოფითი მხარეები...
- დიზელის ძრავის უპირატესობებია:
1. დიზელის ძრავის უდავო პლუსად  საწვავის მოხმარებაში მისი ეკონომიურობა მიიჩნევა (30-40%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს);
2. მომსახურების ვადა (ორჯერ მეტი გამავლობა აქვს, ვიდრე ბენზინის ძრავიან ავტომობილს. დიზელის ძრავიანი ავტომობილით შესაძლოა, მილიონამდე კილომეტრის გავლა კაპიტალური რემონტის გარეშე).
3. დიზელის ფასი (ბენზინთან შედარებით 10-15%-ით ნაკლებია).
4. უფრო მარტივი კონსტრუქცია (არ აქვს სანთელზე, ე.წ. „სვეჩზე“ ნაპერწკლის მიწოდების ფუნქცია  და საიმედოობა უფრო მაღალია).
5. ეკოლოგიურობა (დიზელის საწვავში CO2-ის დონე ძალიან დაბალია).


დიზელის ძრავს უარყოფითი თვისებებიც აქვს, რომელთაგან ძირითადია: სოლიდური მასა და ხმაურის მაღალი დონე.
ასევე, დიზელის ძრავიან ავტომობილებში ხშირად შეინიშნება ზეთის დიდი დანახარჯი. ზეთის წვა შესამჩნევია ცისფერი ბოლით და ამ დროს აუცილებელია მისი მარაგის შევსება. თუმცა, მინდა, აღვნიშნო, რომ წამყვანმა კომპანიებმა  და მწარმოებლებმა კიდევ უფრო დახვეწეს დიზელის ძრავები და მისი უარყოფითი თვისებები (ხმაურიც კი) მინიმუმამდე დაიყვანეს. 
აქვე დავსძენ, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოება 10-ჯერ იზრდება. ექსპერტების პროგნოზის თანახმად, 2018 წლამდე ამგვარი ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 1,5-2%-ით გაიზრდება. მიზეზად კი ბენზინის ფასის მატება და ეკოლოგიური ნორმების გამკაცრება სახელდება. საქართველოშიც უკვე რამდენიმე წელია, დიზელის ძრავიანი ავტომობილები პოპულარული ხდება სწორედ იმ მიზეზით, რომ ეკონომიურია. 


- ძირითადად, რამ შეიძლება დააზიანოს დიზელის ძრავის საწვავი სისტემა? 
- დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილის საწვავი სისტემის პირველი მტერია წყალი, რომელიც შეიძლება იყოს უხარისხო საწვავში. ასევე, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, კონდესატი დაგროვდეს ავტომობილის საწვავის ავზში, რის შედეგადაც საწვავი ბინძურდება, დაბინძურებული საწვავი კი, თავის მხრივ, იწვევს კოროზიას და აზიანებს საწვავის მაღალი წნევის ტუმბოს და მფრქვევანებს. ამიტომ რეკომენდებულია, დროულად შეცვალოთ ავტომობილზე როგორც საწვავის ფილტრი, ასევე ჰაერისა და ძრავის ზეთის ფილტრები.


- რას გვეტყვით დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების მომსახურებაზე?
- ეს ავტომობილები გაცილებით იშვიათად ზიანდება, რადგან დაბალ ბრუნზე გამოიმუშავებს ცხენის ძალას. შესაბამისად, ძრავის შიგნით არსებული დეტალები ნაკლებად იცვითება. უბრალოდ საჭიროა, პერიოდულად შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში შეიცვალოს ზეთი და ფილტრი. 
დიზელის ძრავის მქონე ავტომობილების კომპიუტერული დიაგნოსტიკა, გაფუჭებული დეტალის აღმოჩენა და შეკეთება იოლია. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს ცალკე სრულ მომსახურებას დიზელზე მომუშავე როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მაღალი დონის, ძვირად ღირებული აპარატურითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება. ცენტრი ემსახურება დიზელის აპარატურის ისეთ წამყვან მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Denso, Delphi, VDO Diesel. ცენტრის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საწვავის სისტემების აპარატურის მაღალი ხარისხის რემონტი. ამისთვის, სერვისცენტრი აღჭურვილია ძვირად ღირებული სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო-სარემონტო სტენდებითა და დანადგარებით. ცენტრს გავლილი აქვს ავტორიზაცია, ამიტომ ის მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც თავისთავად მომსახურების მაღალ ხარისხზე მეტყველებს.