ავტომობილის ბუქსირება - ის, რაც საგზაო მოძრაობის წესებში არ წერია

რჩევები ავტომოყვარულებს

14 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი
85

მძღოლების უმეტესობა ფიქრობს, რომ ბუქსირებას განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდება, თუმცა ავტომობილის ბუქსირებას თავისი წესები აქვს და, როგორც პროფესიონალები გვირჩევენ, ამ წესების გათვალისწინება აუცილებელია. 

დღეს ამ თემაზე გვესაუბრება „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლაშა ნარუსაშვილი.


1. საბუქსირე თოკი
ა) ბუქსირების თოკის შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ სამაგრ კვანძებს - კაუჭებს. ისინი ადვილად და მყარად უნდა მოერგოს ავტომობილზე, ბუქსირებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ნაწილს, რადგან ბუქსირებისას კაუჭის ამოვარდნამ შესაძლოა, ავტომობილის კორპუსი დააზიანოს.
ბ) მძღოლმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბუქსირების თოკის სიძლიერეს. მსუბუქი ავტომობილისთვის საჭიროა საბუქსირე თოკი, მინიმუმ, 10 ტონაზე იყოს გათვლილი.
გ) საბუქსირე თოკის სიგრძე უნდა იყოს 4-6 მეტრი. თუკი სიგრძე 4 მეტრზე ნაკლებია, დაზიანებული ავტომობილის მძღოლმა შესაძლოა, წინ მიმავალი ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭებისას რეაგირება ვერ მოასწროს და შეეჯახოს, ხოლო, თუკი საბუქსირე თოკი 6 მეტრზე გრძელია, მოსახვევებში შესვლა გაუჭირდება.


2. რა უნდა გავითვალისწინოთ ბუქსირების დაწყებამდე
ა) პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ის მოთხოვნები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებშია მოცემული.  
ბ) მძღოლი უნდა დარწმუნდეს, ვარგისია თუ არა საბუქსირე თოკის კაუჭები, რადგან ხშირად კაუჭები ჟანგდება და შეამოწმოს საბუქსირე თოკის ვარგისიანობა. თუკი მძღოლს საბუქსირე თოკის სიძლიერეში ეჭვი ეპარება, ავტომობილის ბუქსირება არ ღირს.


3. როგორ უნდა მოიქცეს მობუქსირე ავტომობილის მძღოლი
ორივე ავტომობილზე, საბუქსირე თოკის მიმაგრების შემდეგ, მობუქსირე, ანუ წინა მანქანის მძღოლმა, ნელი სვლით უნდა გაჭიმოს საბუქსირე თოკი და ამის შემდეგ ადგილიდან ნელ-ნელა დაძრას. თუ მობუქსირე ავტომობილი სიჩქარის ავტომატური კოლოფით არის, მძღოლს მდგომარეობა უადვილდება, მაგრამ თუკი სიჩქარის კოლოფი მექანიკურია, დაძვრის შემდეგ, როგორც კი ორივე ავტომობილის სიჩქარეები გათანაბრდება, სიჩქარე პირველიდან მეორეში ფრთხილად უნდა გადაიტანოს.  მძღოლი უნდა დაელოდოს ტროსის კარგად გაჭიმვას, ორივე ავტომობილის სიჩქარის დასტაბილურებას და შემდეგ საჭიროებისამებრ ცვალოს სიჩქარე.
დაძვრის შემდეგ მობუქსირე ავტომობილის მძღოლმა უნდა აკონტროლოს საგზაო წესები. მაგალითად, თუკი ის შუქნიშანზე მწვანე ფერზე გავლას აპირებს, წინასწარ უნდა გათვალოს, მოასწრებს თუ არა ბუქსირზე ჩაბმული ავტომობილიც იმავე მოქმედებას. 
მოსახვევში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. არ დაგავიწყდეთ, რომ ბუქსირზე მიბმული ავტომობილი ლიმუზინს ჰგავს (თუ გავითვალისწინებთ მის სიგრძეს), ამიტომ მოხვევისთვის უფრო დიდი რადიუსია საჭირო.


4. როგორ უნდა მოიქცეს საბუქსირე ავტომობილის მძღოლი
ა) დაზიანებული ავტომობილის მძღოლის ძირითადი ამოცანაა, საბუქსირე ტროსი მუდმივად გაჭიმული იყოს, რადგან წინ მიმავალი ავტომობილის მძღოლი გზას უყურებს და თან უამრავ დეტალს აკონტროლებს.
ბ) ბუქსირებამდე აუცილებლად ჩასვით გასაღები საკეტში და გადაატრიალეთ პირველ პოზიციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭე დაიბლოკება და ავტომობილის მართვა შეუძლებელი იქნება.
გ) თუკი ავტომობილის ძრავია დაზიანებული, მაშინ მზად იყავით იმისთვისაც, რომ საჭისა და მუხრუჭების გამაძლიერებელი სისტემაც არ იმუშავებს. ამ დროს საჭის ტრიალი და ავტომობილის დამუხრუჭება გაცილებით რთულია.


დაბოლოს:
სასურველია, ავტომობილებმა ბუქსირების პროცესში იმოძრაონ საათში 20 კმ/სთ სიჩქარით, ვიდრე გამუდმებით ამუხრუჭონ და თავიდან დაქოქონ ავტომობილი.
ბუქსირების პროცესის კომფორტულად და ავტომობილის დაუზიანებლად ჩავლას კი უფრო მეტად ჩაბმული ავტომობილის მძღოლი უზრუნველყოფს.