რა დანიშნულება აქვს იმ მოწყობილობას, რომელსაც მძღოლებმა „ბრძოლა გამოუცხადეს“?!

რჩევები ავტომოყვარულებს

9 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
177

მას მძღოლები კარგა ხანია, „ებრძვიან“: „მაგის ბენზინი სად მაქვს“; „მანქანა გაზზე მყავს და არაფერში მჭირდება“; „გაჭედილს ჯობია, სულ მოვხსნა“... დიახ, სწორად მიხვდით - ავტომობილის კატალიზატორზეა საუბარი. პირველი ქვეყანა, ვინც დედამიწის ეკოლოგიისთვის ზრუნვა დაიწყო, აშშ იყო - სწორედ იქ მიიღეს 1970 წელს კანონი, რომლის თანახმადაც, 1975 წლიდან გამოშვებულ ყველა ამერიკულ ავტომობილს უნდა ჰქონოდა სპეციალური მოწყობილობა მავნე გამონაბოლქვის გასაფილტრად...

მას შემდეგ  მუდმივად მუშაობენ სპეციალური კომისიები, რომლებიც მანქანის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების მაქსიმუმ ზღვარს ადგენენ და ამ სტანდარტების დაცვა სავალდებულოა ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე.

როდესაც საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანამ ავტოტრანსპორტის კუთხით 3 პუნქტზე აიღო ვალდებულება: ინფრასტრუქტურის ევროსტანდარტების დონემდე მოწესრიგება; საწვავის ხარისხის კონტროლი და ევროსტანდარტებთან მიახლოება; ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, მათი პერიოდული შემოწმება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის სტანდარტებზე.

აი, სწორედ აქ იჩენს თავს ის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მანქანის კატალიზატორის აქვს.


დღეს თემაზე „თეგეტა მოტორსის“ სერვისების განვითარების უფროსი ლაშა ნარუსაშვილი გვესაუბრება:

რა არის კატალიზატორი?
ეს არის მარტივი კონსტრუქციის დეტალი, რომლის შიგთავსი შედგება კერამიკისა და პალადიუმის შემცველი მიკროფორებისგან, ძრავის მუშაობის დროს ცხელდება მაღალ ტემპერატურაზე და წვავს მასში გამავალ ტოქსიკურ აირებს. კატალიზატორი მანქანაში დამონტაჟებულია ძრავსა და მაყუჩს შორის. როდესაც ძრავში საწვავის არასრული წვა მიმდინარეობს, ანუ როცა საწვავის გარკვეული ნაწილაკები ბოლომდე არ იწვება, ისინი ატმოსფეროში გამოიფრქვევა და ძალიან მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. კატალიზატორი კი არ უშვებს მათ ატმოსფეროში და წვავს, ანუ ხდება განმეორებითი წვა. ასე რომ, კატალიზატორის დანიშნულებაა, შეამციროს ავტომობილის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობა და ავტომობილმა ნაკლებად დააზიანოს გარემო.


შესაძლებელია თუ არა საწვავის ეკონომია კატალიზატორის დემონტაჟის შედეგად?
როდესაც ძრავი ენერგიას გამოყოფს, მხოლოდ 15% მიდის საბურავამდე, ამ ენერგიის 85% კი ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატის ასამუშავებლად იხარჯება: გადაცემათა კოლოფი, კონდიციონერი და ასე შემდეგ. ენერგიის 5% სწორედ  კატალიზატორს მიაქვს. სწორედ ამიტომ არის გავრცელებული მძღოლებში მოსაზრება, რომ, თუ კატალიზატორს ამოვიღებთ, 5 პროცენტით გავაუმჯობესებთ ძრავის მარგი ქმედების კოეფიციენტს და საწვავის ეკონომიას შევძლებთ, თუმცა - მხოლოდ მცირე ხნით, შემდეგ კი მანქანას წვაც მეტი ექნება და გამონაბოლქვიც. ამ მოწყობილობის დემონტაჟს მეორე მიზეზიც აქვს: ის ძვირფას მეტალს  შეიცავს და მისი გაყიდვა საკმაოდ მაღალ ფასად შეიძლება. 

აქვს თუ არა კატალიზატორს ფუნქციონირების ვადა? 
კატალიზატორის მუშაობის რესურსი ზოგადად გათვლილია, დაახლოებით, 100 000 კილომეტრზე, თუმცა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რა ხარისხის საწვავით სარგებლობს მძღოლი. კატალიზატორი ყველაზე ხშირად მისი წვის ზედაპირის შემცირების (დაწვის) შედეგად ფუჭდება. ამის შემდეგ კი კატალიზატორი ხარისხიანად ვერ ახერხებს გამონაბოლქვის ბოლომდე დაწვას და მანქანიდან გამონაბოლქვის სახით გამოსული მავნე ნივთიერებების  რაოდენობა იზრდება. როდესაც ეს რაოდენობა საჭირო მაჩვენებელზე დიდია,  ავტომობილის მართვის პანელზე ინთება ნათურა CHECK ENGINE.
დიაგნოსტიკის დროს მარტივად მიხვდებით, რომ ავტომობილი „კატალიზატორის არაეფექტურ მუშაობაზე“ მიგანიშნებთ. მონაცემებს გამონაბოლქვი აირების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ლამბდა-ზონდის ამთვლელი სენსორი იძლევა, რომელიც კატალიზატორის უკან მდებარეობს. 

მუშაობს თუ არა კატალიზატორი „გაზიან ავტომობილებზე“?
მუშაობს, თუმცა როდესაც ავტომობილზე ბუნებრივი გაზის აპარატურაა დამონტაჟებული, რაც არ უნდა სწორად იყოს გაკეთებული, წვის ტემპერატურა გაცილებით მაღალია, ეს კი კატალიზატორის რესურსზე პირდაპირ მოქმედებს. 


შესაძლებელია თუ არა დაზიანებული კატალიზატორის შეკეთება?
მისი შეკეთება არ შეიძლება. კატალიზატორის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ის აუცილებლად ახლით უნდა შეცვალოთ. მართალია, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენი და, მით უმეტეს, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია. ეს საჭესთან დაჯდომისას თითოეულ მძღოლს უნდა გვახსოვდეს!