მოამზადეთ საახალწლო სასმელი მთელი ოჯახისთვის

რჩევები დიასახლისებს
26.12.2016 12:00
494

როცა საახალწლო სასმელებზე საუბრობენ, რატომღაც, ყველა სპირტიანს გულისხმობს. დღეს შემოგთავაზებთ სადღესასწაულო სასმელების ნაკრებს  - მაღალი ალკოჰოლური შემცველობიდან დაწყებული, სრულიად უალკოჰოლომდე.

ლიქიორი „ბეილისი“

ნამდვილი ლიქიორის „ბეილისის“ ფორმულა გასაიდუმლოებულია და არავის აქვს უფლება მისი ასლი დაამზადოს, თუმცა სახლის პირობებში, „ბეილისის“ მსგავსი, ტკბილი და გემრიელი ლიქიორის მომზადება ძალიან მარტივია. თანაც, „შინაურმა“ ლიქიორმა გარკვეულ ასპექტებში შეიძლება ორიგინალსაც კი აჯობოს. მაშ ასე, ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
არაყი -200 გრ. შედედებული რძე - 1 სტანდარტული ქილა, კვერცხის გული - 4 ცალი, ხსნადი ყავა - 1-2 ს/კ. ვანილის შაქარი - 2 ს/კ. 20%-იანი ნაღები - 400 მლ.
მომზადების წესი: შედედებული რძე, ვანილის შაქარი და კვერცხის გულები მიქსერით ან ბლენდერით კარგად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაუმატეთ ხსნადი ყავა და გრანულების სრულ გახსნამდე თქვიფეთ. დაუმატეთ ნაღები და კიდევ ათქვიფეთ და ბოლოს, დაუმატეთ არაყი. არყის რაოდენობა თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეცვალოთ. გამზადებული ლიქიორი რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.

 

ყავის ლიქიორი

ყავის ლიქიორის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
არაყი -ნახ. ლ. ანადუღარი წყალი -200მლ. ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ. შაქარი- 200 გრ. ვანილი - დანის წვერით.
მომზადების წესი: 200 მლ. წყალი წამოადუღეთ. დუღილის პროცესში ჩაამატეთ ხსნადი ყავა და შაქარი. რამდენიმე წუთი ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ლიტრიან ქილაშო ჩაასხით არაყი და ჯერ კიდევ თბილი სიროფი. არომატისთვის დაუმატეთ ვანილი. კარგად აურიეთ და ლამაზ ჭურჭელში გადაიტანეთ.

 

კოქტეილი „ციტრუსი“


ეს კოქტეილი ძალიან მოეწონებათ ბავშვებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ალკოჰოლს არ ეტანებიან. ციტრუსის კოქტეილი  ძალიან მარტივად მზადდება. მდიდარი ფერი და ხილის არომატი კი საზეიმო განწყობას ყოველგვარი „გრადუსის“ გარეშე შექმნის.
„ციტრუსის“ სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
250 მლ. ანადუღარი ცივი წყალი, 4 ცალი ფორთოხალი, 3 ჩ/კ შაქარი, 5 ცალი მიხაკი, 1 ჩ/კ. გახეხილი მუსკატის კაკალი და ცოტა დარიჩინი.
მომზადების წესი: ფორთოხალი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და წვენი გამოწურეთ. წყალი წამოადუღეთ და ჩაყარეთ შიგნით დარიჩინი, მიხაკი და შაქარი. დუღილის პროცესში წყალს ურიეთ და რამდენიმე წუთში ცეცხლიდან გადმოდგით. გაცივებულ სიროფს დაუმატეთ ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი და მუსკატი. სასმელი დოლბანდში გაწურეთ, გააცივეთ და სუფრაზე მიტანის წინ ყინულის კუბიკები დაუმატეთ.

 

მსუბუქი კოქტეილი „მიმოზა“


ახალი წლის ტრადიციული სასმელის - შამპანურის ბაზაზე მომზადებული მცირეალკოჰოლური სასმელები ქალებისთვის საუკეთესო არჩევანია.
კოქტეილი წინასწარ გაციებულ შამპანურთან ერთად უნდა მიირთვათ, მთავარია, რომ შამპანური მთავარი კომპონენტების შემდეგ დაამატოთ.
„მიმოზას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი - ¼ ჩ/ჭ, ლაიმის წვენი-1/8 ჩ/ჭ, ფორთოხალი, ლაიმი, ცივი შამპანური - ½ ჭიქა.
მომზადების წესი: ფორთოხლისა და ლაიმის წვენები ერთმანეთში აურიეთ, ჩაასხით ნახევრამდე წინასწარ გაციებულ ბოკალში  და შამპანურით და რამდენიმე ნატეხი ყინულით შეავსეთ. ბოკალის კიდეზე ფორთოხლისა და ლამის გაჭრილი ნახევარი დაამაგრეთ.

ავტორი: ნელი თორდია