5 მინიშნება ყალბი სუნამოს ამოსაცნობად!

რჩევები დიასახლისებს

20 თებერვალი 12:00
176

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სამომხმარებლო ბაზარი გაჯერებულია ყალბი პროდუქციით და ხშირად გარჩევა ჭირს, რა იმალება ლამაზი შეფუთვის უკან - ნამდვილი, ხარისხიანი სუნამო  თუ „იატაკქვეშ“ დამზადებული, უხარისხო ნაწარმი. თუ ფიქრობთ, რომ ნამდვილი სუნამო ყალბისგან მხოლოდ სურნელით განსხვავდება, ძალიან ცდებით. 

სიყალბის მანიშნებელი შეიძლება გახდეს პროდუქციის კოლოფი, შეფუთვა, წარწერები და ა.შ.


სუნამოს კოლოფი

პირველ რიგში, ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ სუნამოს კოლოფი და კოლოფზე დატანილი ყველა წარწერა: ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, შემადგენლობა და მოცულობა.
ხშირად, ყალბი პროდუქციის მწარმოებლები გრამატიკის კარგი ცოდნით არ გამოირჩევიან. მაგალითად, სიტყვა „პარფიუმი“ ფრანგულად იწერება, როგორც parfum და არა perfume!
ნამდვილი სუნამოს კოლოფი მაღალი ხარისხის მუყაოსგან არის დამზადებული. უხარისხო მუყაო იმის ნიშანია, რომ თქვენ წინაშე ყალბი პროდუქციაა.
სუნამოს საფირმო კოლოფები ისეა დამზადებული, რომ სუნამოს ბოთლი თავისუფლად თავსდებოდეს და არ ირყეოდეს. თუ კოლოფიდან ბოთლის ამოღება გიჭირთ ან პირიქით, მეტისმეტად თავისუფლად ამოგაქვთ, სავარაუდოდ, თქვენ წინაშე ყალბი პროდუქციაა.


შეფუთვა
ნამდვილი სუნამოს შეფუთვა იდეალურია და კოლოფზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა შემოხვეული. სიყალბის გამოვლენის საუკეთესო გზაა, სუნამოზე დატანილი შტრიხ-კოდი სმარტფონის საშუალებით კოლოფზე მითითებულ მწარმოებელ კომპანიაში გადააგზავნოთ.
ყველა მწარმოებელი ვალდებულია, მიუთითოს პროდუქციის შემადგენლობა.
თუ შემადგენლობა კოლოფზე არ არის მითითებული, მაშინ წიგნის სიმბოლო იქნება დატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შემადგენლობა ინსტრუქციაშია მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ ყალბი პროდუქცია ხშირად ასეთ ინფორმაციას არ შეიცავს.

სერიული ნომერი
ყურადღება მიაქციეთ კოლოფის ძირზე განთავსებულ სერიულ ნომერს.
ის აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს სუნამოს ბოთლზე მითითებულ ნომერს და არ უნდა იშლებოდეს.


სუნამოს თავსახური
ნამდვილი სუნამოს თავსახური ყოველთვის იდეალურად სიმეტრიულია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასიმეტრიულობა დიზაინის ნაწილია) და იდეალურად ერგება სუნამოს ბოთლს. მწარმოებლის ვებ-გვერდზე აუცილებლად მითითებულია, რა მასალისგან არის დამზადებული თავსახური.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყალბი სუნამოს ბოთლში მოთავსებული საფრქვევი მილი შედარებით გრძელია.


ფერი
ყველა სუნამოს თავისი ფერი აქვს, ამიტომ ამ მაჩვენებელმაშეიძლება ადვილად შეგაცდინოთ. ამიტომ, გირჩევთ, ფერთან დაკავშირებული  ინფორმაცია მწარმოებლის ვებ-გვერდზე გადაამოწმოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ნამდვილი სუნამო იდეალურად გამჭვირვალე უნდა იყოს!