ჰუგო ბოსი - მართლაც მისი შექმნილია თუ არა ნაცისტების უნიფორმა?
16:00 კვი. 15 აგვისტო, 2021 წელი
ცნობილ დიზაინერ ჰუგო ბოსს ნაცისტების ხელშეწყობას, მათი უნიფორმის დიზაინერობასა და ჰიტლერთან პირად მეგობრობას ხშირად აბრალებდნენ. ამის გამო კომპანია Hugo Boss-მა ისტორიკოსებსაც მიმართა და სიმართლის გარკვევა სთხოვა...
კვლევამ დიზაინერის შესახებ ბევრი მითი გააქარწყლა, თუმცა კომპანიამ ნაცისტების უნიფორმის დამზადების, ფაბრიკაში სამხედრო ტყვეებისა და საკონცენტრაციო ბანაკების ტუსაღთა შრომის გამოყენების გამო ბოდიში მაინც მოიხადა.
ჰუგო ბოსმა თავისი შრომითი საქმიანობა 1902 წელს სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო, სადაც მუშად მოეწყო.
6 წლის შემდეგ მან მშობლებისგან მემკვიდრეობით ქსოვილების დუქანი მიიღო, ხოლო 1923 წელს უკვე სპეცტანსაცმლის სამკერვალო საწარმო გახსნა. 1930 წელს ფირმა გაკოტრების პირას აღმოჩნდა და გადასარჩენად ვერმახტის უნიფორმების კერვა დაიწყო.
ფოტოზე: დიზაინერი და ცნობილი ბრენდის დამაარსებელი ჰუგო ბოსი
მიუნხენელმა ისტორიკოსმა რომანკესტერმა 2012 წელს გამოაქვეყნა წიგნი „Hugo Boss, 1924-1945. სამკერვალო ფაბრიკა ვაიმარის რესპუბლიკასა და მესამე რაიხს შორის“, რომელშიც დაწვრილებით აღწერა ამ წლებში ფირმის ისტორია.
როგორც აღმოჩნდა, ჰუგო ბოსი თავის ფაბრიკაში მართლაც კერავდა ვერმახტის უნიფორმას და დიდ მოგებასაც იღებდა. ფაბრიკაში 140 პოლონელი და 40 ტყვე ფრანგი მუშაობდა. მაგრამ ჰუგო ბოსის ადოლფ ჰიტლერის პირად მკერავად მუშაობის შესახებ დოკუმენტები ვერ მოიძიეს.
მეტიც - დიზაინერს არც უნიფორმის ესკიზებისა და თარგების შექმნაში მიუღია მონაწილეობა. მისი ფაბრიკა მხოლოდ უნიფორმების მკერავი მრავალთაგან ერთ-ერთი იყო და ისიც - არა ყველაზე დიდი.
სინამდვილეში СС-ის უნიფორმის შემქმნელი არა ჰუგო ბოსი, არამედ კარლ დიბიჩი იყო - გერმანელი მხატვარი, დიზაინერი და СС-ის ოფიცერი.
რაც შეეხება СС-ის ემბლემას ორი რუნის „ზიგ“-ის სახით, ის მხატვარ-გრაფიკოსს ვალტერ ჰეკს ეკუთვნის.
ფოტოზე: კარლ დიბიჩი - СС-ის შავი უნიფორმის დიზაინერი
СС-ის ოფიცრების შავ მუნდირს შიში და პატივისცემა უნდა ჩაენერგა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზაფხულობით მასში ძალიან ცხელოდა, ამიტომაც შავი ნაცრისფრით შეცვალეს. თუმცა მაღალი რანგის ოფიცრების სააღლუმე ფორმის ფერი მაინც შავი დარჩა. ჰუგო ბოსის ფაბრიკა კარლ დიბიჩის მიერ შექმნილ უნიფორმას მხოლოდ კერავდა.
რაც შეეხება დიზაინერის ნაცისტებთან თანამშრომლობას, ეს ფაქტი მისმა ვაჟმაც აღიარა. 2007 წელს ზიგფრიდ ბოსმა განაცხადა, რომ მისი მამა ნაცისტური პარტიის წევრი იყო: „ვინ არ იყო იმ დროს პარტიის წევრი? მთელი წარმოება ნაცისტებზე მუშაობდა“.
ჯერ კიდევ 1931 წელს დიზაინერი ნაცისტურ პარტიაში თავისი ნებით გაწევრიანდა. გერმანელი ისტორიკოსის ჰენინგ კობერის განცხადებით, კომპანია Hugo Boss-ის ხელმძღვანელობა ჰიტლერის მიმდევარი იყო.
ომის დასრულების შემდეგ ფაბრიკამ კვლავ უნიფორმების კერვა დაიწყო, მაგრამ უკვე პოლიციელებისთვის, ფოსტალიონებისა და რკინიგზელებისთვის. მისი მფლობელი ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის გაასამართლეს და 100 ათასი მარკა ჯარიმაც გადაახდევინეს. თუმცა ჰუგო ბოსის სტატუსი „ბრალდებულის“ ნაცვლად ფაშისტების „გულშემატკივრით“ შეიცვალა.
1948 წელს 63 წლის დიზაინერი გარდაიცვალა. მისმა კომპანიამ, როგორც ბრენდმა, უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ მოიპოვა საქვეყნო სახელი.
ყველაფრის მიუხედავად, Hugo Boss-ის მიერ მესამე რაიხისთვის შეკერილი სამხედრო უნიფორმა ყველაზე ლამაზ და მოხდენილ უნიფორმად მიიჩნევა. 1990 წლებში ახალი მოძრაობაც კი გაჩნდა - Nazi chic - ნაცისტური ხიბლი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან