1. ყველაზე მთავარია, ზუსტად გაიგოთ, რა გსურთ
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გაარკვიოთ, კონკრეტულად რის მიღება გსურთ, რადგან, თუკი საკუთარი სურვილების შესახებ თავად არ იცით, პარტნიორისთვის ასახსნელი არაფერია. არ შეიძლება, უბრალოდ, იმის თქმა, რომ სექსი მასთან არ გაწყობთ. დაფიქრდით, რა გსიამოვნებთ, გაიხსენეთ, რა აღგაგზნებთ და რა განიჭებთ მაქსიმალურ სიამოვნებას, ასევე, გაიხსენეთ, რა გეხმარებათ ორგაზმის სწრაფად მიღებაში და როდის არის თქვენთვის სექსი ინტენსიური.
როდესაც სექსუალური აქტით დაკავდებით, კონცენტრირდით საკუთარ შეგრძნებებზე - პარტნიორის რომელი საქციელი მოგწონთ ყველაზე მეტად და რომელი - ნაკლებად. იქნებ, დაჩქარებული პროცესის გამო ვერ ახერხებთ, სიამოვნების მწვერვალს მისწვდეთ. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. თუკი ზუსტად იცით, როგორ მიხვიდეთ მარტივად ორგაზმამდე, ასწავლეთ ეს პარტნიორს, რათა მან შეძლოს თქვენთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭება.
2. საკუთარ სურვილებზე საუბარი
პარტნიორს უნდა უამბოთ, რა აღგაგზნებთ და რა - არა. ასევე, გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი ფარული სურვილები და ფანტაზიები. მაგრამ გახსოვდეთ, რომ პარტნიორი არ არის ვალდებული, გააკეთოს ყველაფერი, რასაც შესთავაზებთ და სთხოვთ. არც თქვენ და არც მან არ უნდა იგრძნოთ თავი ვალდებულად. არ უნდა წახვიდეთ საკუთარი სურვილების წინააღმდეგ და თუკი პარტნიორი უარს გეუბნებათ რომელიმე ფანტაზიის რეალიზებაზე, რომელიც სიამოვნებას მხოლოდ თქვენ განიჭებთ, არავითარ შემთხვევაში არ უსაყვედუროთ მას. პარტნიორი თქვენი სექსუალური მოსამსახურე არ არის.
3. როგორ გამოვხატოთ საკუთარი სურვილები, თუკი მათზე საუბარი არ გვსურს
თუკი გიჭირთ პარტნიორთან საკუთარი სურვილების გამოხატვა, ამისთვის სხვა გზაც არსებობს - მიანიშნოს თქვენმა სხეულმა. იმისთვის, რომ პარტნიორი მიგიხვდეთ, რა მოგწონთ და რა - არა, შეგიძლიათ, მას ეს მოძრაობაში აჩვენოთ, თუმცა, არ გაგიკვირდეთ, თუკი პარტნიორი თქვენს სურვილებს მოძრაობაშიც ვერ მიხვდა. ასეთ შემთხვევაში, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. დაიდეთ პარტნიორის ხელი თქვენთვის სასურველ ადგილზე და აკონტროლეთ მოფერების ინტენსივობა. ხოლო თუკი რამე არ გესიამოვნებათ, გაწიეთ მისი ხელი.
თუკი პარტნიორი ჯიუტად არ იგებს, რატომ არ მოგწონთ მისი სცენარი, მოგიწევთ მასთან საუბარი, თუმცა, შეეცადეთ, მოერიდოთ ნეგატიურ კომენტარებს, რადგან უარყოფით სიტყვებს შეუძლია, ყველაზე ცხელი მომენტი გააგრილოს.
სინამდვილეში, რთულია საუბარი იმაზე, როგორ გააუმჯობესოთ საკუთარი ინტიმური ცხოვრება. განსაკუთრებით, თუკი ამ საუბარს კრიტიკით დაიწყებთ. შესაძლოა, პარტნიორმა თქვენი სიტყვები ნეგატიურად გაიგოს. ამიტომ გულახდილი საუბარი უმჯობესია, დაიწყოთ იმით, რა მოგწონთ ორივეს. გაუმხილეთ, რა გსიამოვნებთ განსაკუთრებით და სთხოვეთ, უფრო ხშირად მოგანიჭოთ სიამოვნება. ამის შესახებ საუბარი სექსუალური აქტის დროს უფრო ადვილია. თუკი კონკრეტული მოფერება ძალიან მოგწონთ და პარტნიორი სხვა „ილეთზე“ გადავიდა, სთხოვეთ, გააგრძელოს დაწყებული საქმე.
თუ გსურთ, გაუმხილოთ, რა არ მოგწონთ მასთან სექსში, შეეცადეთ, ეს პოზიტიურად გააკეთოთ. მაგალითად, თუ გსურთ, სექსუალური აქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, უთხარით, რომ ძალიან გსიამოვნებთ მასთან სიახლოვე და გსურთ, უფრო მეტად დატკბეთ. ისაუბრეთ პარტნიორთან კონკრეტულად, რომელ ადგილებში გსიამოვნებთ განსაკუთრებით მისი შეხება.
4. შენ - მე, მე - შენ
როდესაც პარტნიორს საკუთარ სურვილებს გაუმხელთ, არ დაგავიწყდეთ, დაინტერესდეთ, რა სურს მას. ესეც ხომ მნიშვნელოვანია? და მხოლოდ მისი აზრის გაგება საკმარისი არ არის. თუკი პარტნიორი თქვენს სურვილებს მიესალმება, თქვენც შეგიძლიათ, შეასრულოთ მისი ფანტაზიები. შესაძლოა, ამგვარად ახალი სასიამოვნო შეგრძნებები მიიღოთ.
ხოლო თუკი პარტნიორი გულდასმით გაგიგებთ და მისგან გაცილებით მეტ სიამოვნებას იღებთ, ვიდრე ეს გულახდილ საუბრებამდე იყო, ნუ დაუმალავთ ამ ფაქტს. უთხარით, როგორ მოგწონთ, რომ ის სრულყოფილად შეგიგრძნობთ. მარტივი შექება, ფრაზა, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს მასთან სექსში, მიახვედრებს თქვენს რჩეულს, რომ ტყუილად არ გაუთვალისწინებია თქვენი სურვილები.