X

ანნა იმედაშვილი: „რაც კი ავტომობილი მყოლია, ყველა დათოს საჩუქარია“

საჭესთან
17.06.2016 22:00
790

ყველა ავტომობილი, რაც კი ჰყოლია, საჩუქრად მიიღო, თუმცა მისთვის ეს უკანასკნელი - 2015 წლის „Mercedes GLA AMG“ - მაინც განსაკუთრებულია... დღეს თავის საავტომობილო ისტორიებს ტელესახე ანნა იმედაშვილი გვიყვება.

  

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
  • 10 წელზე მეტია, რაც საჭესთან ვზივარ. საკმაოდ სტაბილური მძღოლი ვარ და, როგორც ჩემი ქმარი დათო ამბობს, ავტომობილს კაცივით ვატარებ.

  • ახალბედა მძღოლობის პერიოდშიც კი არაფერი მაბნევდა, მაგრამ სულ ჩქარა სიარული მინდოდა და დათო შენიშვნებს მაძლევდა, - ანნა, სიჩქარე აკონტროლე!

  • პირველი ავტომობილი რომ მყავდა და გმირთა მოედანზე ჯერ კიდევ დიდი ქაოსი რომ იყო ხოლმე, მანქანა დამეჯახა. მძღოლი მიმტკიცებდა, რომ მე დავეჯახე, თუმცა შემდეგ პატრული მოვიდა და დანაშაულისთვის ჯარიმა მას გამოუწერა.

  • 21-ე საუკუნის რიტმმა მოიტანა ის, რომ მანქანა ფუფუნების საგანი კი არა, აუცილებლობაა. ჩემთვისაც ყოველდღიურობის აუცილებელი ატრიბუტია, თუმცა ჩემთვის მანქანა მხოლოდ გადაადგილების საშუალება კი არა, მეგობარია - ძალიან მიყვარს.

  • ამჟამად 2015 წლის „Mercedes GLA AMG“ მყავს, რომელიც ერთი წლის წინათ დაბადების დღეზე დათომ მაჩუქა. ეს მანქანა ისეთი სრულყოფილია, ალბათ, ძალიან დიდხანს ვერ შეველევი.

  • თბილისური მოძრაობა ქაოსური და აბსოლუტურად უწესრიგოა. შენს ზოლში მშვიდად სიარული გულით რომ გინდოდეს, გამორიცხულია, შეძლო. როგორ უნდა მოხდეს ამის რეგულირება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მანქანის მართვა გაცილებით ადვილია.

  • ზოგადად, კანონმორჩილი ვარ და არამხოლოდ საჭესთან. მით უმეტეს, ჩემს 3 წლის შვილს პეტრეს ვატარებ მანქანით და კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მმართებს.

  • ეს ჩემი რიგით მე-4 მანქანაა. ყველა მათგანთან რაღაც მაკავშირებდა, რის გამოც განშორება ძალიან მიჭირდა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი წინამორბედს ყოველთვის სჯობდა, თუმცა ეს მაინც განსაკუთრებულია. რაც კი ავტომობილი მყოლია, ყველა დათოს საჩუქარია.

  • მოძრაობის წესის დარღვევა არ მჩვევია. შესაბამისად, პატრულთან ურთიერთობაც ხშირად არ მიწევს, თუმცა წარსულში 2 ჯარიმა მაქვს მიღებული ნასვამობაზე - ზუსტად 30 გრამი კოქტეილის გამო. აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი, მაგრამ... ორივე ჯერზე დათოს მანქანის საჭესთან ვიჯექი.

  • საჭესთან მაკიაჟი არასდროს გამიკეთებია. ვერც კი წარმომიდგენია, მოძრაობის დროს ეს როგორ უნდა მოვახერხო. არა და გამიგია, რომ პედიკიურის გაკეთებასაც ახერხებენ.

  • დღეს მყავს ავტომობილი, რომელზე ვერც კი ვიოცნებებდი, თუმცა, ალბათ, გავა დრო და ახალი გატაცება მექნება.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე