გვანცა გიორგობიანი: „ისე არასდროს გავრისკავ, რომ არ ვიცოდე, ამ რისკს რა მოჰყვება“

საჭესთან

1 ივლისი 22:00, 2016 წელი
17

 „13 წლის ვიყავი, როცა მამამ ოდესიდან „Toyota corona“ ჩამომიყვანა და მაჩუქა“, - რას ჰყვება გამოცდილი მძღოლი, მსახიობი გვანცა გიორგობიანი?

    

  • საჭესთან ბავშვობიდან ვზივარ. 13 წლის ვიყავი, როცა მამამ ოდესიდან „Toyota corona“ ჩამომიყვანა და მაჩუქა. მაშინ აფხაზეთში, კინდღში ვცხოვრობდით. მართვის მოწმობა არ მქონდა, მაგრამ ნათესავებში, მეგობრებსა თუ მაღაზიაში მანქანით დავდიოდი. ავტომობილის მართვას თანაკლასელებსაც ვასწავლიდი.

  • ავტომობილი მამამ შემაყვარა. სატერფულებსაც ვერ ვწვდებოდი, როცა კალთაში ჩამისვამდა ხოლმე და საჭეს ვატრიალებდი. ტანი ძალიან სწრაფად ავიყარე.11 წლის უკვე 1,73 სმ სიმაღლის ვიყავი და მანქანის დამოუკიდებლად მართვა შემეძლო.

  • აფხაზეთის ომის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. სანამ მე თვითონ არ შევძელი, ავტომობილის ყიდვაზე არც კი მიფიქრია. სერგო ფარაჯანოვის დისშვილმა, გიორგი ფარაჯანოვმა გადამიღო რუსულ მხატვრულ ფილმში „ყველანი წავიდნენ“, სადაც პირველი დიდი ჰონორარი ავიღე და მანქანისთვის თანხის შეგროვებაც დავიწყე.

  • ნოემბერში 5 წელი გახდება, რაც 1999 წლის „Toyota vitz“ მყავს. ძალიან გამომადგა. ჩაასხი საწვავი და იარე! ერთადერთი, რასაც ვუცვლი, საბურავები, სამუხრუჭე ხუნდები და ზეთია. უფუჭებადი მანქანაა-მეთქი, ხშირად ვამბობ.

  • მანქანა ვიყიდე თუ არა, ყოველგვარი დახმარების გარეშე გამოვედი ქალაქის ქუჩებში. თბილისში მოძრაობა რთულია, რადგან ქართველები მოძრაობის წესებს არ ვიცავთ, მაგრამ არაფერი გამჭირვებია. მეც ქართველი ვარ და თბილისურ მოძრაობას ალღო სწრაფად ავუღე.

  • მოძრაობის წესს მხოლოდ მაშინ ვარღვევ, როცა მეჩქარება. ამ დროს შეიძლება წითელ შუქნიშანზეც გავირბინო და ორღერძულა ხაზიც გადავკვეთო, თუმცა ისე, რომ საფრთხე არავის შევუქმნა. ქალი ვარ და ისე არასდროს გავრისკავ, რომ არ ვიცოდე, ამ რისკს რა მოჰყვება.

  • მოძრაობის დროს დისკომფორტს მხოლოდ მაშინ განვიცდი, როცა ავტომობილის გაჩერება მინდა და ფიზიკურად ვერ ვაჩერებ, რადგან თბილისში პარკირების დიდი პრობლემა გვაქვს. 

  • მოძრაობის წესს მხოლოდ მაშინ ვარღვევ, როცა მეჩქარება. ამ დროს შეიძლება წითელ შუქნიშანზეც გავირბინო და ორღერძულა ხაზიც გადავკვეთო, თუმცა ისე, რომ საფრთხე არავის შევუქმნა. ქალი ვარ და ისე არასდროს გავრისკავ, რომ არ ვიცოდე, ამ რისკს რა მოჰყვება.

  • მაქსიმალურად ვცდილობ, მოძრაობის წესი მაშინ არ დავარღვიო, როცა სიახლოვეს პატრულს ვხედავ, თუმცა ყოფილა შემთხვევა, გავუჩერებივარ. რამდენიმე წელი პოლიციაში ვმუშაობდი და როცა იგებენ, რომ მათი კოლეგა ვიყავი, მხოლოდ მთხოვენ, აღარ დაარღვიოთო. პატრულს ჩემთვის ჯარიმა არასდროს გამოუწერია, თუმცა სიჩქარის გადაჭარბებისთვის ვიდეოჯარიმა მიმიღია.