ლევან სუხიტაშვილი - წინდახედული მძღოლი საჭესთან

საჭესთან

29 ივლისი 22:00, 2016 წელი
77

 „ქალ მძღოლებზე არასდროს ვბრაზდები. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, გზა დავუთმო და კარგად მოძრაობაში ხელი შევუწყო. უტვინო მამაკაცი მძღოლები უფრო მეტს აშავებენ, ვიდრე ქალები“, - მსახიობი ლევან სუხიტაშვილი საჭესთან თავსგადამხდარ ამბებს გვიყვება. 

     

  • 15 წელია, რაც საჭესთან ვზივარ. პირველად „ფორდ ესკორტი“ მყავდა და მაშინ გავიგე, „რაზვალნი ტრუბკები“ რა იყო. ძალიან გამაწვალა... მას მერე 5 ავტომობილი გამოვცვალე. „მინი კუპერი“ უკვე მეორედ შევიძინე.

  • ჩემი „მინი კუპერი“ 2006 წლის გამოშვებაა. 1,6 აქვს ძრავი. ყოველმხრივ კომფორტული და კარგი სამართავი მანქანაა.

  • ვფიქრობ, ძალიან კარგი მძღოლი ვარ, ოღონდ იმას არ ვგულისხმობ, რომ სწრაფად დავდივარ და საოცარ მანევრებს ვაკეთებ. მანქანას ფრთხილად და წინდახედულად ვმართავ.

  • თბილისელი მძღოლების ინსტინქტები უკვე გამომუშავებული მაქვს. ვიცი, რომ მოძრაობის დროს ვიღაც მაინც ჩაიდენს სისულელეს და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

  • საკმაოდ კანონმორჩილი მძღოლი ვარ. იმდენად მიყვარს წესების დაცვით მოძრაობა, მინდა, ყველა ასე დადიოდეს. თუ ყველა კანონმორჩილი ვიქნებით, საცობიც და სხვა პრობლემებიც ნაკლებად შეიქმნება.

  • ყველაზე მეტად უტვინო მძღოლების ქცევები მაღიზიანებს. მანქანას არასდროს გავაჩერებ ისეთ ადგილას, სადაც ვიცი, რომ ვიღაცას ხელს შევუშლი, თუნდაც ფეხით მოსიარულეს. 

  • პატრულს ღამის საათებში, გადამოწმების მიზნით, არაერთხელ გავუჩერებივარ. საჭესთან ნასვამიც ვმჯდარვარ, ოღონდ არა - მთვრალი. რამდენჯერაც ალკოჰოლის გამო მართვის უფლება შემიჩერეს, იმდენჯერ მხოლოდ ერთი ბაკალი ლუდი მქონდა დალეული.

  • საცობში ჩემს ზოლში რომ ვდგავარ, ამ დროს კი ვიღაც წინ ჩამიხტება, ძალიან ვბრაზდები. შეიძლება, შევაგინო კიდეც, რადგან თავად ასე არასდროს მოვიქცევი.

  • ქალ მძღოლებზე არასდროს ვბრაზდები. პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, გზა დავუთმო და კარგად მოძრაობაში ხელი შევუწყო. უტვინო მამაკაცი მძღოლები უფრო მეტს აშავებენ, ვიდრე ქალები.

  • მოძრაობის წესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარღვევ, როცა ვინმე ცუდად მყავს და სასწრაფოს მოვალეობას ვასრულებ. ცოდვა გამხელილი სჯობს და ამიტომ გეტყვით, რომ ავტობანზე, სადაც ვიდეოკამერები არ არის, სიჩქარე არაერთხელ გადამიჭარბებია. ამის გამო მხოლოდ ერთადერთხელ დავჯარიმდი, ისიც იმიტომ, რომ ბებია მყავდა ცუდად და გორში გავრბოდი.

  • მანქანის მართვის უფლება სამჯერ ჩამომართვეს. ივენთი რომ მიმყავს, მაქსიმუმ, ერთი ბაკალი ლუდი დავლიო და ალკოტესტი მაინც დადებითს აჩვენებს ხოლმე.

  • ჩემი „მინი კუპერი“ ძალიან მომწონს, საკმაოდ კარგად მანევრირებს, მაგრამ 4 შვილი მყავს და ჩემი ოჯახისთვის უკვე არაკომფორტულია. ამიტომ მინდა, შევცვალო, თუმცა ვფიქრობ, რომ, სხვა ავტომობილთან ერთად, „მინი კუპერი“ აუცილებლად მეყოლება.

  • მოძრაობის დროს სხვა მძღოლთან შელაპარაკებაც მომსვლია. ერთხელ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ყოველგვარი მანიშნებლის გარეშე დაამუხრუჭა და ჩემს წინ გაჩერდა, კინაღამ დავეჯახე. პროტესტის ნიშნად მივუსიგნალე და მანაც დამისიგნალა. გავჩერდი, გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე კაბინიდან და ერთი გავარტყი. მგზავრებმაც უთხრეს, რომ ცუდად მოიქცა.

  • პატრულთან ჩემი ცნობადობით არასდროს მისარგებლია და თუ მოძრაობის წესი დამირღვევია, პატიება არასდროს მითხოვია.