ვინ აჩუქა გია ჯაჯანიძეს ახალთახალი უნისექსი მანქანა?

საჭესთან

28 აგვისტო 22:00, 2015 წელი
91

როცა მითხრეს, ეს თეთრი, ახალი „ტოიოტა“ საჩუქრად გადმოგეცემათო, ჯერ გავბრაზდი, რა ხუმრობაა-მეთქი, მერე კი შოკში ჩავვარდი. და, სანამ გავიგებდი, ვინ მაჩუქა, მანამდე ვიკითხე: „დანკრატი“ ხომ მოყვება?

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოლიდურ ასაკში მიუჯდა საჭეს და, პირდაპირ გეტყვით, საქართველოში არ მეგულება მასავით კანონმორჩილი, მოწესრიგებული და მობილიზებული მძღოლი. თავად ამბობს, რომ არ უყვარს სიჩქარე და მისი ოცნებაა, ცალი ხელით, მაღალი მუსიკის თანხლებით მართოს მანქანა.


- 46 წლის ასაკში მანქანა პირველად დავძარი ადგილიდან. ეს იყო 2005 წელს, როცა ახალი, ვერცხლისფერი „რაფ 4“ შევიძინე. ეს მანქანა დავინახე თუ არა, ვთქვი - აი, ამაზე დავჯდები-მეთქი. მანამდე კი ხუმრობითაც არ ვმჯდარვარ საჭესთან და მეგონა, ისე მოვკვდებოდი, მანქანას ვერ გავატარებდი.


- სულ მოძრაობაში ხარ და აქამდე როგორ არ გქონდა სურვილი, საკუთარი ავტომობილით გესარგებლა. მანქანა ხომ ფუფუნება არ არის?
- ვსარგებლობდი ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით და მეტროთი. ტაქსი, მართალია, კომფორტულია, მაგრამ ფულის გადახდა მენანებოდა (იცინის). ბევრს უკარება და ამაყი ვგონივარ, მე კი მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, დიდი სიამოვნებით ვმგზავრობდი ბევრ ადამიანთან ერთად, ვეკონტაქტებოდი. ანუ ყველა სიტუაციას ვერგები. თუმცა, ახლა, საჭეს რომ მივუჯექი და საკუთარი ავტომობილი მყავს, მივხვდი, რა კარგია კომფორტი (იცინის). მანქანა საჭირო ნივთია.


- ამბობენ, რომ „ტოიოტა“, რომელიც ახლა გყავს, გაჩუქეს.
- დიახ, მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე და მართლა სიურპრიზი იყო. წელს, 28 მარტს, დაბადების დღეზე მომატყუეს: „ტოიოტას“ ცენტრში გადაღება დავნიშნეთ, ჯგუფი გელოდება და დროზე მიდიო. სანამ ამ ამბავს მოგიყვებით, გეტყვით, რომ წინა მანქანაზე, საბარგულიდან „დანკრატი“ მომპარეს. სულ ერთხელ დამჭირდა, და რომ ვნახე, აღარ იყო. მოკლედ, „ტოიოტას“ ცენტრში თეთრი და შავი ფერის მანქანები დამახვედრეს და მკითხეს, რომელი ფერი მოგწონსო. დაუფიქრებლად ვთქვი, თეთრი-მეთქი, რადგან გაურეცხაობა ნაკლებად ემჩნევა, ჩემი გადარბენების გადამკიდე კი ხშირად ვერ ვრეცხავ მანქანას. მითხრეს, რახან ეს თეთრი მოგწონთ, მაშინ საჩუქრად გადმოგეცემათო. ჯერ გავბრაზდი, რა ხუმრობაა-მეთქი, მერე კი შოკში ჩავვარდი. სანამ გავიგებდი, ვინ მაჩუქა, მანამდე ვიკითხე: „დანკრატი“ ხომ მოყვება? (იცინის).


- ხომ იციან თქმა, ჩემი მანქანა გოგოა ან ბიჭიო. შენი მანქანა რა სქესისაა?
- ჩემი მანქანა არც ბიჭია და არც გოგო, უნისექსია. არც სახელი აქვს და არც გვარი -უბრალოდ, ვიცი, რომ ჩემია. 

- მანქანის საბარგულში რომ ჩავიხედე, გავოგნდი - ქვები, მიწა, კალოშები... რატომ დაატარებ ამ ყველაფერს?
- ახლახან ჩამოვედი ექსპედიციიდან და ეს ქვა ლეჩხუმიდან ჩამოვიტანე, მიწა შემთხვევით აღმოჩნდა საბარგულში, კალოშები კი გადაღებისთვის მჭირდებოდა. დამიჯერეთ, ზედმეტი ნივთი არასდროს დევს ჩემს საბარგულში. აი, რასაც სულ თან ვატარებ მანქანით, არის ჯვარი, რომელიც დედა სიდონიამ მაჩუქა, ბარაქისთვის მიკიდია მანქანაში წიწაკის აცმა, რომელიც ახლობელმა მაჩუქა და ლამაზი ბრჭყვიალა ნივთიც ნაჩუქარია.


- ხატიც შევნიშნე მანქანაში...
- მამა გაბრიელის ხატი, მათხოვარმა მაჩუქა. შუქნიშანთან გავჩერდი, მოვიდა, დავიწყე ხურდების ძებნა, შემაჩერა და მითხრა, მე თქვენ გიცნობთ და მინდა, ეს ხატი გისახსოვროთ, სულ კეთილად იარეთო. ზოგადად, ძალიან კანონმორჩილი მძღოლი ვარ, საჭეს ორივე ხელით ვმართავ, ტელეფონის ზარებს არ ვპასუხობ და არც სიგარეტს ვეწევი, სიჩქარის გადამეტებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. 40-ით დავდივარ და რომ მირეკავენ, სად ხარო და ვპასუხობ, სამსახურში მივქრივარ-მეთქი, სიცილით კვდებიან, კი არ მიქრიხარ, მიღოღიალობო (იცინის). ხუმრობენ, შენს მანქანაში გვიყვარს ყოფნა, გვგონია, ფეხით მივსეირნობთო. თუმცა, ერთი პრობლემა მაქვს - შეიძლება ისე გადავიდე საპირისპირო ზოლზე, ვერც კი მივხვდე (იცინის).


- თუ ვინმემ ცუდი მანევრით ჩაგიქროლა, არ აგინებ მამაპაპურად?
- დამიჯერეთ, დაბადებიდან დღემდე, ისე მოვიარე საბჭოთა, ორწლიანი ჯარი, ისე გამოვიარე უამრავი რამ ცხოვრებაში, რომ არავისთვის არასდროს შემიგინებია. საჭესთან თუ გამაბრაზეს, იცით, როგორ გამოვხატავ - ოხ!!! და ამ დროს ისეთი სახე მაქვს, ურჩევნიათ, დედა ვაგინო. ერთი ოცნება მაქვს - მინდა, ცალი ხელით ვმართო მანქანა, მეორე ხელი გარეთ გადავყო, მუსიკას ავუწიო და ისე მივქროდე.