თათა ჯაში - ბალერინა საჭესთან

საჭესთან

23 ოქტომბერი 22:00, 2015 წელი
109

„იცით, რა მჩვევია? თუ ვინმე საჭესთან სისულელეებს აკეთებს, სიჩქარეს ვუმატებ, ვეწევი, გზას ვუჭრი და მანქანიდან ვურჩევ საქმეს“, - სიცილით ამბობს პროფესიონალი ბალერინა თათა ჯაში, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ გამოცდილი და კარგი მძღოლია.


- ჩემთვის მანქანა ფუფუნება არ არის, აუცილებელია, რადგან დღის განმავლობაში ბევრ ადგილას მისვლა და კოსტიუმების ტარებაც მიწევს, მანქანის გარეშე კი ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. ცხრა წელია, რაც მართვის მოწმობით ვმართავ მანქანას. ისე კი, 15 წლის ასაკიდან ვზივარ საჭესთან, ხან დედის და ხან მამის მანქანას ვიპარავდი (იცინის). დღეს საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ. ეს „ტოიოტა სოლარა“ მამიკომ მიყიდა. ბაცი ცისფერი გოგოა. ეს ფერი ჩემს გოგოსაც უხდება და მეც მომწონს. საკმაოდ ეკონომიურია, არც ტექნიკურ პრობლემებს მიქმნის და ბალერინასავით დასრიალებს ტრასაზე (იცინის). არ მაქვს პრეტენზია, მაგარ მანქანაზე ვიჯდე. ამითაც კმაყოფილი ვარ, ჩემს ხასიათს გამოხატავს და არც ძალიან „გოგოშკურია“, რადგან მამაკაცური მანქანები უფრო მომწონს.


- ვიცი, რომ სიჩქარეც გიყვარს...
- არ მოგატყუებთ, სიჩქარე ძალიან მიყვარს და ამის გამო, სამწუხაროდ, არაერთი ჯარიმაც მაქვს გადახდილი. ახლა დამახსოვრებული მაქვს, სად დგას სათვალთვალო კამერები და ვცდილობ, იქ მაინც არ ავუჩქარო (იცინის).


- უკანა სავარძელზე უამრავი ტანსაცმელი დევს. ეს ყოველდღიურად ასეა?
- ახლა ბალეტის პუანტები, „პაჩკა“, ქუსლიანი ფეხსაცმელი მიდევს. ანუ სასცენო ტანსაცმელია და ცოტა ბევრი ჩანს.




თქვი, ქუსლიანი ფეხსაცმელი მიდევსო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაბალძირიანი ფეხსაცმლით ატარებ მანქანას?

- თავისუფლად ვატარებ მაღალძირიანი ფეხსაცმლითაც. უბრალოდ, იმიტომ მიწყვია, რომ, რა იცი, სად მომიწიოს მისვლა და გამოცვლა. აი, მანქანაში ათასგვარი რამის დაკიდება კი არ მიყვარს. სისადავე მირჩევნია. თუ ფულს მოვაგროვებ და ჩემი ფულით ვიყიდი ჩემს სასურველ მანქანას „მერსედესს“, მასზე ამ მანქანის პატარა ბრელოკს დავკიდებ.


- ლამაზი გოგონა საჭესთან ყოველთვის იქცევს ყურადღებას. შენ თუ გრძნობ ამას?
- ყურადღებას ნამდვილად ვგრძნობ. ქართველ მამაკაცს სისხლში აქვს, რომ ყურადღებით თავი გამოიჩინოს, თუმცა, ზოგი ისეთ რაღაცებს აკეთებს, ვერც კი გრძნობს, რომ ამით ყურადღებას კი არ იჩენს, პირიქით - საფრთხეს მიქმნის.


- კი მაგრამ, ყურადღებით საფრთხეს როგორ გიქმნიან?
- როგორ და ისე გადამიჭრიან მანქანით გზას, ისეთ მანევრს გააკეთებენ ყურადღების  მისაქცევად, რომ საავარიო სიტუაციას მიქმნიან. ამით ჩემს ყურადღებას ნამდვილად იქცევენ, თუმცა სხვა საქმეა, დადებითს თუ უარყოფითს. შეუძლებელია, ქალაქში მშვიდად და წყნარად მართო მანქანა. მეც ხშირად გამოვდივარ წყობიდან და წონასწორობას ვკარგავ. ბილწსიტყვაობა არ მიყვარს, მაგრამ, როცა ჭკუიდან გადამიყვანენ, მაშინ კი წამომცდება ხოლმე. იცით, რა მჩვევია? თუ ვინმე საჭესთან სისულელეებს აკეთებს, სიჩქარეს ვუმატებ, ვეწევი, გზას ვუჭრი და მანქანიდან ვურჩევ საქმეს (იცინის).


- როცა ძალიან გეჩქარება, მანქანაში თუ გამოგიცვლია ტანსაცმელი ან გაგიკეთებია მაკიაჟი?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად გაქანებულ მანქანაში გამომიცვლია ტანსაცმელი და მაკიაჟიც გამიკეთებია.


- ეს როგორ?
- მუხლებით მიჭირავს საჭე და თან ტანსაცმელს ვიცვლი. მოძრაობის დროს ჭამაც შემიძლია და გაპრანჭვაც. ასე რომ, კაცივით ვმართავ მანქანას და კარგი მძღოლი ვარ. სხვა მძღოლებს კი ვეტყოდი, რომ საგზაო-სატრანსპორტო წესების დაცვა სირცხვილი არ არის! რატომღაც, ჩვენთან მიიჩნევენ, რომ დარღვევა მაგარი ტიპობაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვფიქრობ, კულტურული მძღოლები რომ ვიყოთ, არც ამდენი ავარია მოხდება და არც ასეთი საცობები იქნება. ასე რომ, რაც უფრო მოდური გახდება მანქანის კულტურულად მართვა, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.