რისკიანი ქალი საჭესთან

საჭესთან

13 ნოემბერი 22:00, 2015 წელი
82

„მაგვიანდებოდა, სწრაფად მივდიოდი. ყინულზე მოვსრიალდი და ხევში გადავვარდი. თქვენ წარმოიდგინეთ, მანქანა რომ ამოიყვანეს, ისევ საჭეს მივუჯექი და გზა გავაგრძელე. დამიჯერეთ, არ შემშინებია“, - გულღიად და ღიმილით გვიყვება საჭესთან თავსგადამხდარ ამბებს მომღერალი ქეთი გომართელი.


- „ფოლკსვაგენ პასატი“ ჩემთვის რიგით მესამე მანქანაა და მალე ამის გამოცვლასაც ვაპირებ. სახელიც აქვს - ვიტო ჰქვია. დაბალი ძრავი აქვს და ცოტა უჭირს, ამყვეს ხოლმე. თერთმეტი წელია, საჭესთან ვზივარ და ვფიქრობ, საკუთარი მანქანა დროის ეკონომიაცაა, კომფორტიც და ფუფუნებაც. დამეთანხმებით, როცა ბევრი გადაადგილება გიწევს, ავტომობილი აუცილებელია. მე ჯერ მანქანა ვიყიდე, მერე ტარება ვისწავლე და შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა.


- რთულია, გაუძლო ცდუნებას და არ მიუჯდე საჭეს, როცა მანქანაც გყავს, ტარებაც იცი, მაგრამ მართვის მოწმობა არ გიდევს ჩანთაში...
- რადგან ახლა უკვე მაქვს მართვის მოწმობა, თამამად ვიტყვი, რომ მართალი ხართ (იცინის). მეც ვერ ვუძლებდი ცდუნებას, თუმცა ხშირად მცნობდნენ სამართალდამცავები და, უბრალოდ, მპატიობდნენ. დღეს კი მართვის მოწმობაც მიდევს ჩანთაში, კარგი მძღოლიც ვარ და ყველა მეუბნება, კაცური ხარ საჭესთანო (იცინის). ჩემი აზრით, საკმაოდ სტაბილური მძღოლი ვარ, თუმცა რისკიც მიყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, თუ მანქანაში მარტო ვზივარ.



- შენს მანქანაში უამრავი ნივთია...
- დიახ, ჩემს მანქანაში ისეთ ნივთებს ნახავთ, გაგიკვირდებათ. მაგალითად, ფაიფურის ჭიქა, რომლიდანაც ყავას ვსვამ, ანუ სახლიდან რომ გამოვდივარ, თან მომაქვს და გზაში, საჭესთან ვაგრძელებ სმას. ამას გარდა, კოსმეტიკა, საბუთების მთელი არქივი, მათ შორის - უკვე გამოუსადეგარის, ტანსაცმელი... 



- როცა გვერდით მიმავალი მანქანიდან საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღებას გრძნობ, რა რეაქცია გაქვს?
- არასდროს ვაქცევ ყურადღებას. ერთხელ, არ დამავიწყდება, მარტო ვსეირნობდი. გვერდიდან მანქანა ამომიდგა, მძღოლი რაღაცებს მეუბნებოდა. ჩავწიე მინა, ვიფიქრე, ნეტავ რა უნდა-მეთქი და იცით, რა მიკითხა? - არ გინდა, გავისეირნოთო? თითქოს საჭესთან კი არ ვიჯექი, გაჩერებაზე წვიმაში ვიდექი... დღემდე ვერ მივხვდი, რა უნდოდა. ზოგი ისეთ უცნაურობებს გეუბნება, ყურადღება არ უნდა მიაქციო. ხშირად, ვარდები და წერილებიც მხვდება საქარე მინაზე. რამდენიმე ვერსია კი მაქვს, მაგრამ ჯერ ზუსტად ვერ ვხვდები, ვინ არის.


- ჯარიმებს ხშირად იხდი?
- არ დაგიმალავთ, ხშირად ვიხდი და ამ მხრივ მოწესრიგებული და კარგი გადამხდელი ვარ. მართვის მოწმობა რომ არ მქონდა, ერთხელ 200 ლარიც გადამახდევინეს, მაგრამ ბოლო პერიოდში ათლარიან ჯარიმებს ვჯერდები (იცინის). სამწუხაროდ, მძღოლების უმრავლესობა ძალიან ცუდად დადის და ამის გამო საჭესთან გინება დავიწყე. თუმცა, ბოლო დროს თავს ვაკონტროლებ და ხელის აქნევით შემოვიფარგლები (იცინის).


- დავიჯერო, ექსტრემალურ სიტუაციაში არასდროს მოხვედრილხარ?
- კი, როგორ არა. ერთხელ საახალწლო კონცერტზე მივდიოდი, მაგვიანდებოდა, ყინულზე მოვსრიალდი და ხევში გადავვარდი. თქვენ წარმოიდგინეთ, იქიდან რომ ამოიყვანეს მანქანა, ისევ საჭეს მივუჯექი და გზა გავაგრძელე. საბედნიეროდ, პატარა ხევი იყო. დამიჯერეთ, არ შემშინებია. ამ დროს, არ უნდა დაიბნე და პანიკაში არ უნდა ჩავარდე.


- ქეთი, შენთვის არსებობს კატეგორია ქალი და მამაკაცი მძღოლი, თუ ყველა მძღოლი მძღოლია?
- მიმაჩნია, რომ კაცი მძღოლი ზედმეტად რისკიანია, ქალი მძღოლი კი - ზედმეტად ფრთხილი. ამის გამო ხშირად საავარიო სიტუაციები იქმნება. ჩემი აზრით, ქალები უფრო გაბედულები უნდა გახდნენ და მამაკაცები - უფრო ფრთხილები. ამით გზებზე მოძრაობა დარეგულირდება.