რა დაახვედრეს საქარე მინაზე თინეიჯერებმა ლალი ტოტიკაშვილს

საჭესთან

27 ნოემბერი 22:00, 2015 წელი
77

სამოდელო სააგენტო „ფეშენ შარმის“ დამფუძნებელი და მოდელი ლალი ტოტიკაშვილი უკვე საკმაოდ გამოცდილი და კარგი მძღოლია. თუმცა, ხშირად იმ წესების დარღვევაც უწევს, როცა იცის, აუცილებლად დააჯარიმებენ, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არსებობს.


- დაახლოებით, 25 წელია, რაც მანქანას ვმართავ და ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მძღოლი ვარ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ, თუ ადამიანს უკანა სვლით მანქანის პარკირება კარგად შეუძლია, ესე იგი, კარგი მძღოლია.


- თავად როგორ გაქვს ამ მხრივ საქმე?
- მე ეს კარგად გამომდის. 21 წლის ვიყავი, მანქანის მართვა რომ დავიწყე. ძალიან მომწონდა ქალი მძღოლი და იმ პერიოდში, ეს იშვიათობა იყო.


- მერამდენე მანქანა გყავს ახლა და რა სქესია?
- არ მიყვარს მანქანის ხშირად გამოცვლა. პირველი მანქანა ჩემი ხელფასით შევიძინე - შავი ფერის, პატარა და საყვარელი „გოლფი“. მეორე მანქანა მყავდა „ფოლკსვაგენ პასატი“ და ახლა „ჰიუნდაი ტაქსონი“ მყავს. მინდოდა, ჯიპი მყოლოდა, თან ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ასეთ მანქანაში მე და ბავშვები უფრო დაცულები ვართ. ამ მანქანით ძალიან კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, ეს მანქანა გოგოა და კარგადაც ვუვლი. ბევრჯერ დამხვდა ჩემი მანქანის საქარე მინაზე მიმაგრებული, ჩემი უბნის თინეიჯერების მიერ გაკეთებული დღიური - ანუ ჩემი ინტერვიუები ამოჭრეს, შეკრეს დღიურად და ასეთი საჩუქარი გამიკეთეს. ძალიან გამიხარდა, ვხუმრობდი, მანქანაზე ჩემი ბიოგრაფია დამხვდა-მეთქი (იცინის).


- ლალი, შენს მანქანაში ზედმეტი ნივთი არსად ჩანს.
- ერთადერთი, რაც მანქანაში სულ მიდევს, ხატია, რომელიც, მჯერა, მიცავს. წინა მანქანით ვატარებდი ხოლმე სათამაშოებს, ლამაზ ნივთებს, მაგრამ ამ მანქანას გაპრანჭვა არ უხდება, ისედაც გაპრანჭული გოგოა (იცინის). და კიდევ, ყოველთვის დამაქვს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.


- რატომ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გიჭირს მანქანის მართვა?
- არა, თავისუფლად ვატარებ, მაგრამ დაბალძირიანი უფრო კომფორტულია საჭესთან და ასე მირჩევნია.


- ჯარიმებს თუ იხდი ხშირად?
- ძირითადად, პარკინგის ჯარიმების გადახდა მიწევს. როცა მეჩქარება და ადგილი არ არის, ისეთ ადგილას ვაჩერებ მანქანას, სადაც ვიცი, აუცილებლად დამაჯარიმებენ, მაგრამ რა ვქნა, სხვა გზა არ არის. შესაბამისად, ჯარიმებიც მხვდება და ვიხდი კიდეც. და კიდევ, საცობში არ მიყვარს დგომა და რამდენიმეჯერ ვიდეოჯარიმა გადავიხადე, შუქნიშანთან, ერთსა და იმავე ადგილას ხაზის გადაკვეთის გამო. თუმცა, მოძრაობის წესები კარგად ვიცი და ვცდილობ, მოწესრიგებული მძღოლი ვიყო. მაგრამ გზებზე ისეთი ამბავია, არ დაარღვიო, არ გამოდის.


- მამაკაცების უმრავლესობა ამბობს, ქალი და საჭე სხვადასხვა განზომილებააო. ეთანხმები?
- მართალია, ქალების უმრავლესობა კარგად ვერ ატარებს მანქანას, მაგრამ მამაკაცებზეც იმავეს თქმა შეიძლება. მთავარია, გამოცდილება. წინ რომ მიდის მანქანა, ზუსტად ვიცი, ქალი ზის თუ კაცი, ახალი მძღოლია თუ გამოცდილი. საჭესთან სწრაფი რეაქციები უნდა გქონდეს. ეს აუცილებელია. მე მთიული ვარ და ასეთი სწრაფი მანევრირება შემიძლია (იცინის). თუმცა, პრაქტიკაც აუცილებელია და თავისებური ნიჭიც საჭიროა, რათა მანქანა კარგად მართო, არც სხვას შეუქმნა საფრთხე და არც საკუთარ სიცოცხლეს.