თამარ ივერი: „ისეთი მანქანა მყავს, რომელსაც „დივა“ უნდა ატარებდეს“

საჭესთან

8 იანვარი 22:00, 2016 წელი
61

ოპერის მომღერალ თამარ ივერთან ერთად მგზავრობა სასიამოვნო აღმოჩნდა. მოწესრიგებული მძღოლი, დახვეწილი იუმორისა და ხალასი ბუნების წყალობით, გვერდით მჯდომს ყველანაირ კომფორტს უქმნის.


- 2008 წელს ვიყიდე „ტოიოტა კოროლა“ და ამ წლიდან ვმართავ საჭეს. მინდოდა, დასაწყისისთვის ისეთი მანქანა მყოლოდა, სადმე თუ მივკრავ-მოვკრავდი, არ დამნანებოდა. ამასთანავე, საკმაოდ მუშა და კომფორტული მანქანაა. ძალიან მიყვარს საჭესთან ჯდომა და ნერვებსაც მიწყნარებს. ახლა მეორე მანქანა მყავს - „მერსედესის“ ე კლასის „კუპე“, რომელიც ავსტრიაში სულ ახალი ვიყიდე. იმის გამო, რომ მშრალი და ცივი ვერცხლისფერი შეფერილობა აქვს, „ჰასკის“ ვეძახი. თუმცა, ჩემთვის მაინც გოგოა, რომ დავდივარ, ვგრძნობ, როგორი გამორჩეული და განსხვავებული დედოფალია. სერია მაქვს „დივ“ და ისეთი მანქანაა, რომელსაც „დივა“ უნდა ატარებდეს (იცინის).


- მგონი, ეს მანქანა არ არის გათვლილი ჩვენი ქუჩებისთვის...
- გეთანხმებით, ოღროჩოღრო გზებზე ამით სიარული ნამდვილად საცოდაობაა. ჩემს სახლთან საკმაოდ ცუდი გზაა და ორმოში რომ ურტყამს, ძალიან მენანება. ეს მანქანა უმაღლესი დონის გერმანული ტრასებისთვის არის გათვლილი. 2011 წელს ვიყიდე და ავსტრიაში მეყენა. იქ იშვიათად მიწევდა ყოფნა და რომ იდგა, საკმაოდ დიდ გადასახადს ვიხდიდი. ავსტრიაში პირველ მანქანას როცა ყიდულობ, მით უმეტეს, თუ ახალია და არ გაქვს გამოცდილება, დაზღვევაში ყოველთვიურად სოლიდურ თანხას იხდი. ამიტომ გადავწყვიტე, საქართველოში ჩამომეყვანა. თან ავსტრიაში იმდენად რთული საგზაო წესებია, ვერ შევეგუე.


- ამბობ, ავსტრიაში საგზაო წესები საკმაოდ რთულიაო. თბილისში ვისაც როგორ უნდა, ისე რომ მოძრაობს, ამას როგორ ეგუები?
- შეიძლება აქ უფრო რთული მოძრაობაა, მაგრამ მე აქ უფრო მიადვილდება. თუ დაარღვიე ან შეგეშალა, ყველა მძღოლი მზადაა, სწრაფი მანევრირებით გვერდი აგიაროს. ავსტრიაში კი ყველა ხუთოსანი მოსწავლესავით დადის. საკმარისია, რაღაც შეგეშალოს, ბატებივით იბნევიან და ხუთი მანქანა ეჯახება ერთმანეთს.


- როცა ცუდად იქცევიან მძღოლები, საჭესთან ქალურობას კარგავ თუ შეგიძლია ემოციების კონტროლი?
- ქალურობას არასდროს ვკარგავ, არც მაშინ, როცა საჭესთან ვზივარ. შუქნიშანთან რომ ვჩერდები, იქ იწყება სარკის ჩამოწევა, პომადის წასმა, მაკიაჟის შესწორება და ვერც კი ვამჩნევ, როდის ინთება მწვანე შუქი. ამ დროს უკნიდან მესმის სიგნალები და შეძახილები, - გოგო, გაიარე (იცინის)... თავხედ მძღოლს ვერ ვიტან, რომელიც საფრთხეს ქმნის და ამას არც კი იმჩნევს. ერთხელ ისეთ გზაზე ავუხვიე, სადაც თურმე ცალმხრივი მოძრაობაა. გამაჩერა პატრულმა. მკითხა, არ იცით, რომ აქ ცალმხრივიაო? ვუპასუხე, სულ ასე დავდიოდი, მაგრამ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ საქართველოში და თუ დავარღვიე, დამაჯარიმეთ-მეთქი. არ დამიწყია გადარეკვები მინისტრებთან და ნაცნობებთან და იმის ხაზგასმა, ვინ ვარ. პატრულს მორჩილად მივაწოდე მართვის მოწმობა. წავიდა, გადაამოწმა და უკან დაბრუნებულმა მითხრა: ქალბატონო თამარ, ახლა გპატიობთ და მეორედ არ დაარღვიოთო. იცით, რატომ მაპატიეს? ასეთი დონის მომღერალი რომ დაგვემორჩილეთ, თანახმა იყავით ჯარიმის გადახდაზე და არ დაიწყეთ, ეს როგორ მაკადრეთო. ერთხელ კი, მანქანას ვაპარკინგებდი. საკმაოდ პატარა ადგილი იყო და ვწვალობდი. უცებ, უკანა მანქანას მივედე. თურმე იმ მანქანაში მძღოლი მჯდარა. გადმოხტა და დაიწყო: ამდენი ხანია, გაკვირდები, წვალობ, წვალობ და თუ ვერ აყენებ, გაიარე რა, რატომ მიფუჭებ მანქანას... არ დავიბენი და ვუთხარი: თქვენ რომ ჯენტლმენი იყოთ, როცა დაინახეთ, რომ ვწვალობდი, მოხვიდოდით და მეტყოდით, - გადმობრძანდით, დაგეხმარებითო. ამაზე მოლბა: ვაიმე, ქალბატონო, თავიდანვე გეთქვათ, როგორ არ დაგაყენებინებდითო. ერთხელ კი ცნობილმა ექიმმა გამკრა მანქანაზე და გამიჩხაპნა. ის იყო დამნაშავე, მაგრამ მე ისე მომერიდა, იქით ვუხდიდი ბოდიშებს (იცინის). 


- როცა უცნობი ადამიანები ამჩნევენ, რომ საჭესთან თამარ ივერი ზის, რა რეაქციები აქვთ?
- ამაზე ერთ ისტორიას მოგიყვებით. ჩემი ქორწილის დღეს სასტუმრო „ამბასადორთან“ ვიკრიბებოდით მანქანებით, რათა იქიდან სხვადასხვა მანქანებში გადავნაწილებულიყავით. სალონში თმა გავიკეთე და უზარმაზარი დიადემა დავიდგი თავზე. მეუღლეს დავურეკე, მე თავად ჩამოვალ მანქანით „ამბასადორამდე“ და საქორწინო მანქანაში მერე გადმოვჯდები-მეთქი. ერთი სიტყვით, ასე დედოფალივით - დიადემით, მაკიაჟით, ბრჭყვიალა საყურეთი და ვარცხნილობით მივუჯექი საჭეს. მეჩქარებოდა და საგზაო წესი დავარღვიე. ერთ-ერთი მძღოლი დამეწია, ალბათ, გასალანძღად, მაგრამ მანქანაში რომ შემოიხედა და ასეთი გადაპრანჭული დამინახა, გაშტერდა. ვუთხარი, მაპატიეთ, ძალიან მეჩქარება-მეთქი. იმან კი მომაძახა: ვა, „იზვინი, პრინცესაო“ და ჩამიარა (იცინის). რომ მეთქვა, საკუთარ ქორწილში მეჩქარება-მეთქი, ალბათ, კომაში ჩავარდებოდა (იცინის).