რატომ სთხოვდა უცნობი გოგო ნიკა არაბიძეს შუა ტრასაზე გახდას?

საჭესთან

22 იანვარი 22:00, 2016 წელი
69

ვინც „კომედი შოუს“ მსახიობ ნიკა არაბიძეს იცნობს, დამეთანხმება, რომ საკმაოდ ხალისიანი მძღოლია და თუ მის საგზაო ისტორიებს მოისმენთ, ბევრს იცინებთ.

- საკმაოდ დიდი ხანია, საჭეს ვუზივარ. მართვა მამაჩემის „შეკრულ ადინაცატზე“ ვისწავლე. მერვე კლასიდან დამოუკიდებელი მძღოლი ვარ და ვაღიარებ, მართვის მოწმობის გარეშეც მივლია. სხვათა შორის, ჯვარი მწერია და, ავარია არ მომსვლია. ვცდილობ, დავიცვა მოძრაობის წესები, თუმცა, გამონაკლისებიც, რასაკვირველია, ხდება. ხანდახან სწრაფადაც დავდივარ, მაგრამ ისე არა, ჩემმა მფარველმა ანგელოზმა რომ ხელი დამარტყას ზურგზე და მითხრას, გააჩერე ჩავდივარო (იცინის).


- პატრული გცნობს და გპატიობს წესების დარღვევას, თუ კანონი ყველასთვის ერთია?
- პატრულის თანამშრომლებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს. დამირღვევია, გავუჩერებივარ და გავუშვივარ კიდეც, მაგრამ ელემენტარულ დარღვევაზე. დასავლეთში რომ მივდივარ და გვირაბს გავცდები, ასე მგონია, უკვე სახლში ვარ და სიჩქარეს ვუმატებ. ერთხელ გამაჩერა პატრულმა. მიცნო, მოვიკითხეთ ერთმანეთი და ჯარიმაც არ გამომიწერა, მაგრამ გამაფრთხილა, სწრაფად არ იაროო. ვკითხე, რადარი ხომ გაქვს და რამდენით მივდიოდი-მეთქი. არ მაქვსო. გამეცინა და ვუპასუხე: აბა, რა იცი, სწრაფად რომ მივდიოდი, მანქანაა გაოფლიანებული თუ ენა აქვს გადმოგდებული-მეთქი (იცინის). ერთხელ, არ დამავიწყდება, ზაფხულში ქუთაისში ნაცნობი პატრული შემხვდა, გავაჩერე მანქანა და ვსაუბრობთ. იქვე შუქნიშანი იყო. წითელი აინთო, შესაბამისად, უნდა გაჩერდნენ მანქანები და მესმის ხმა: ვაიმე, არაბიძე... და უცბად - ბახ!. მამის სულს ვფიცავარ, შევხტი. პატრული გადაირია, მწყევლა და მწყევლა: შენ რა გენაღვლება, არაბიძე, წახვალ სახლში, გრილად წამოწვები და მე ამ სიცხეში უნდა ვარკვიო საქმეები, ვინ დამნაშავეა და ვინ არაო (იცინის).


- ჯარიმებს ხშირად იხდი? 
- ძირითადად, „სითი პარკის“ ჯარიმები მომდის. ბოლო პერიოდია, აღარ ვსვამ, მაგრამ ვაღიარებ, ადრე ნასვამიც ვმჯდარვარ საჭესთან და ისეთიც მივსულვარ სახლში, მანქანის კარი რომ გამიღია, კი არ გადმოვსულვარ, გადმოვგორებულვარ. ასე მართლა არ შეიძლება. ყველას ვთხოვ, ნუ დაჯდებით ნასვამი საჭესთან და ნუ შეუქმნით საფრთხეს როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს.


- ახლა რა მანქანას მართავ? 
- ადრე მყავდა „ოპელი“, მერე „ასტრა“, ახლა შავი ფერის, „ც“ კლასის „მერსედესი“  მყავს. „დასტოინი“ მანქანაა“, თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ „ლექსუსი“ მინდა და ვნახოთ, იქნებ ვიყიდო. ამისთვის ყველაფერი მაქვს - სურვილი, მონდომება... ერთი პატარა მიზეზი მიშლის ხელს.


- და, რა მიზეზია?
- ფული არ მაქვს (იცინის). „მერსედესით“ უკვე ექვსი წელია, დავდივარ. შევაბერდით ერთმანეთს. კარგი ბიჭია „ჩორნა“, კარგად გავზარდე. ისე ვართ შეხმატკბილებულები, ათი წუთი რომ ჩამეძინოს, სანამ გამოვფხიზლდები, თავისით დადის (იცინის).


- რა არის ნივთი, რომელიც სულ მანქანით დაგაქვს?
- ხატები დამაქვს სულ. ისე, ფაქტობრივად, მანქანაში ვცხოვრობ და ვხუმრობ ხოლმე: ერთი „დუშკაბინა“ ვერ მოვაწყვე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მაქვს - პიჯაკი, ფეხსაცმელი, წინდები, პირადი ჰიგიენის ნივთები. რა ვქნა, ხანდახან ისე ხდება, ვერ ვახერხებ სახლში შერბენას და გამოცვლას, ამიტომ გარდერობი მანქანაში უნდა მქონდეს.


- ნიკა, შენთვის არსებობს ქალი და მამაკაცი მძღოლი, თუ მძღოლები არ უნდა განვასხვავოთ სქესის მიხედვით?
- აუცილებლად უნდა განვასხვავოთ! არსებობს ქალი და მამაკაცი მძღოლი! ათიდან შვიდ შემთხვევაში გამოვიცნობ, ქალი ზის საჭესთან თუ მამაკაცი. რომ ვხედავ, არღვევს და ქალია, ნაკლებად ვიგინები, მაგრამ ეს შველის საქმეს? ქალებს დადებითი აქვთ ის, რომ მამაკაცებთან შედარებით, ფრთხილები არიან, მაგრამ მინუსი აქვთ ის, რომ ზედმეტად დაძაბულები მართავენ საჭეს. არც გვერდზე იხედებიან.  კაცო, იქნება ცეცხლი მიკიდია, არ უნდა გამომხედო?


- თუ მოხდა სასწაული, გვერდზე გამოიხედეს და ნიკა არაბიძე დაინახეს, რა რეაქცია აქვთ?
- მიღიმიან და მერე „სიგნალებით მომდევენ“ (იცინის). ერთხელ, დილით რიკოთზე მოვდივარ. გავიხედე, მანქანაა გაჩერებული და გოგო დგას. სცივა და კანკალებს. გავაჩერე, ვიფიქრე დავეხმარები-მეთქი. გაუხარდა ჩემი დანახვა, მიცნო. მითხრა, საწვავი გამითავდაო. შევთავაზე, წაგიყვან-მეთქი. არ მინდაო. აბა, რა ვქნა, რით დაგეხმარო-მეთქი... და, იცით, რა მითხრა? მაიკა ხომ არ გაქვს, რომ მომცე, გავიყინეო (იცინის).


- მაისურის თხოვნას, საწვავი ეთხოვა...
- იცოდა, რომ ვერ გადმოვასხამდი ჩემი მანქანიდან საწვავს. არადა, ერთი მაისური მეცვა და რომ გამეხადა, შიშველი ხომ არ წამოვიდოდი?