რატომ დააქვს მანქანით კომბალი გიორგი სუხიტაშვილს?!

საჭესთან

29 იანვარი 22:00, 2016 წელი
45

კომბალი, ბაყაყი, რკინის ცილინდრი, ქოლგა, სპორტული ჩანთა - ამ ნივთებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მანქანით ატარებს. და თუ რატომ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ...


- საჭეს ბავშვობიდან ვუზივარ. მახსოვს, სატერფულებს ვერ ვწვდებოდი და მანქანის მართვას მაინც ვცდილობდი. 8-9 წლის ასაკში დამოუკიდებლად ვმართავდი. მამა რომ დაიძინებდა, ყოველ ღამე ვპარავდი 1 ლიტრ საწვავს მანქანიდან, ვაგროვებდი და მერე ვეუბნებოდი, მანქანას წავიყვან გასარეცხად-მეთქი. მომცემდა გასაღებს და მეც მეტი რა მინდოდა? მანქანას სწრაფად ვრეცხავდი, ამ ბენზინს ვასხამდი და დავდიოდი.


- შენი პირველი საკუთარი ავტომობილი რა ფირმის იყო?
- „აუდი ა 4“, რომელიც ჩემი ფულით ვიყიდე. მაშინ 21 წლის ვიყავი. მახსოვს, სულ მანქანით დავდიოდი, მქონდა საქმე თუ არა (იცინის). სხვათა შორის, კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევებიც მომსვლია. ამას წინათ სამუხრუჭე სისტემა მქონდა გაფუჭებული, ნაწილი ვერ ვიშოვე და ისე დავდიოდი. რეპეტიციაზე მაგვიანდებოდა და უკნიდან ისე „ვთხლიშე“ მანქანას, ლამის მძღოლს გვერდით მოვუჯექი (იცინის). რაღას ვიზამდი? ჩემი ბრალი იყო და ვუთხარი, გადააყენე, ძმაო-მეთქი.


- და რა დაგიჯდა ეს „ძმაო, გადააყენე“?
- საკმაოდ ძვირი, მაგრამ ჩემი ბრალი იყო. სულ 4 ავტოსაგზაო შემთხვევაა ჩემს ანგარიშზე, თუმცა, მადლობა ღმერთს, არც ერთი სიცოცხლისთვის საშიში. უნივერსალი მძღოლი ვარ, ანუ მშვიდიც და ექსტრემალიც - გააჩნია სიტუაციას. როცა საჭესთნ ვზივარ, პასუხისმგებლობაც მიორმაგდება. ტექნიკურ დეტალებშიც კარგად ვერკვევი. ჩემს ბავშვობაში ამდენი სერვისცენტრი არ იყო და თან სოფელში ვცხოვრობდი. ამიტომ ხშირად მიწევდა საბჭოური მანქანების დეტალებში გარკვევა და შეკეთება. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რა სტკივა და აწუხებს ჩემს მანქანას.


 


ახლა მერამდენე მანქანა გყავს და რა ფირმის?
- 2009 წლიდან ბევრი მანქანა გამოვიცვალე. ახლა, უკვე წელიწადზე მეტია, მყავს რიგით მეათე - 17 წლის გერმანული „BMW“. ავტომობილის სამი ბრენდი მიყვარს - „ბმვ“, „მერსედესი“ და „აუდი“. თუმცა, დიდ პატივს ვცემ იაპონური წარმოების ჯიპებს, რომლებიც ჩემი სისუსტეა. დიდი სურვილი მაქვს, ასეთი მაღალი გამავლობის ჯიპი მყავდეს.

- რომ გაკვირდები, საკმაოდ ნელა დადიხარ...
- სისწრაფეს თავისი ადგილები და ასაკი აქვს. მე ეს ასაკი გავიარე, როცა სულ გიქრის, და არამარტო საჭესთან. ახლაც მივლია სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოების ფარგლებში. რაც მართვის მოწმობა ავიღე, სულ 30 ჯარიმა მაქვს გადახდილი, ანუ 6-7 წელში. ერთი საოცარი ჯარიმა მაქვს გადახდილი და იცით, რაზე? გორში მანქანა დამეჯახა უკნიდან. იმის ბრალი იყო. დავამშვიდე, არ ინერვიულოთ-მეთქი. ბოდიში მომიხადა. ჩავჯექი მანქანაში და გავაგრძელე გზა. ცოტა ხანში პატრული მაჩერებს. თურმე, იმ ტიპს დაურეკავს, ამა და ამ ნომერმა მანქანამ დამარტყა და გაიქცაო. კი ავუხსენი, მაგრამ მაინც მე დამაჯარიმეს (იცინის).

- რა განსხვავებაა მამაკაც და ქალ მძღოლებს შორის?
- მამაკაცი მძღოლები სინაგლით გამოირჩევიან და ქალი მძღოლები - სისულელეების ჩადენით. მე კი სულელი მძღოლი მირჩევნია, ნაგლ მძღოლს, რომელიც შეგნებულად არღვევს და არა უცოდინრობით. ამას წინათ ერთმა ისეთი ჩაატარა, დალეწვას გადავრჩი. ამეშალა ნერვები, გავეკიდე, გზა გადავუჭერი, მანქანა გავაჩერებინე და მაგრად ვაგინე. ჩუმად მისმენდა. დამიჯერეთ, ბევრია ასეთი საგინებელი და ვიგინდარა მძღოლი. წესრიგის დაცვას არც წარმომავლობა, არც გვარიშვილობა და არც თანამდებობა არ წყვეტს.


- აი, რომ გადახვედი და აგინე, გიცნო, ვინც იყავი?
- ვერ გეტყვით, მაგრამ თუ საგინებელია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხარ. თუმცა, არ გეგონოთ, რომ სულ ვიგინები (იცინის). ხშირად, როცა გვერდითა მანქანიდან მიღიმიან, მეც ვუღიმი. ერთხელ შუქნიშანთან ვიდექი, ფანჯრის მინა ჩაწეული მქონდა. უცბად ვიღაც გოგომ ფანჯრიდან თავი შემოყო, მეცა, „ჩამზასა“ და „გაიქცა“ (იცინის). ფილმში მეგონა თავი. მანქანაზე პომადითაც დამხვედრია წარწერები. შავი „აუდი“ რომ მყავდა, იმის საბარგულზე თეთრი საღებავით გულიც დამიხატეს და ამის გამო მღებავთან ვიარე და მანქანა ვაშკურკვინე. ამაზე არ შევიგინები, ეს ხომ სიყვარულით გააკეთა და არა სიბოროტით.


- გიორგი, შენს მანქანაში უცნაური ნივთები შევნიშნე - კომბალი, ბაყაყი, რკინის ცილინდრი... რა დატვირთვა აქვს ამ ნივთებს?
- ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ცილინდრები მიყვარს და რკინის ცილინდრის ფორმის ბრელოკი მაჩუქა, რომელიც სარკეზე მიკიდია. ბატონი ბონდო, ანუ ბაყაყი, უკვე ხუთი წელია, ჩემს მანქანებში ცხოვრობს. კომბალი კი სოფლიდან წამოვიღე და სულ თან დამაქვს მანქანით. ჩემს სოფელს მახსენებს და მსიამოვნებს. ასევე, სულ დამაქვს სავარჯიშო ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სპორტული ინვენტარი, ქოლგა. ეს ნივთები სულ მჭირდება.