ნატუკა გულისაშვილს სიყვარული ათლარიანი ჯარიმის ფურცელზე აუხსნეს

საჭესთან

5 თებერვალი 22:00, 2016 წელი
42

ტელე-რადიოწამყვანი და მსახიობი ნატუკა გულისაშვილი ქალისთვის უჩვეულოდ მოწესრიგებული მძღოლია. მისთვის საჭის მართვა, ბევრისგან განსხვავებით, პროფესიაა და არა ჰობი.


- 18 წლიდან ვმართავ მანქანას, თუმცა საკუთარი ავტომობილი, ორი წელია, რაც მყავს. სხვათა შორის, მე იმ თაობის ვარ, როცა მართვის მოწმობა 100 დოლარად იყიდებოდა და მშობლები შვილებს ჩუქნიდნენ. რამდენჯერმე დედაჩემის მანქანა მოვიპარე და მართვის მოწმობის გარეშე ვიარე, ამიტომ, ოჯახის გადაწყვეტილებით, მანქანა სასწრაფოდ გაყიდეს და მითხრეს, სანამ შენით არ იყიდი და მართვის მოწმობას არ აიღებ, არც გაბედო საჭესთან დაჯდომაო. საკმაოდ კანონმორჩილი ვარ, თუმცა, ვაღიარებ, როცა მართვის მოწმობა არ მქონდა და ახლობელს დაულევია, მისი მანქანის საჭესთან დავმჯდარვარ და შინ უსაფრთხოდ მიმიყვანია.


- და, რას ამბობენ შენი ახლობლები, როგორი მძღოლი ხარ?
- ყველა მეუბნება, მამაკაცივით ატარებო. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალები დაბნეულად დადიან, მე კი ასეთი არ ვარ. ერთი მინუსი აქვს მძღოლობას - უწმაწური სიტყვები მასწავლა, მეც ღიმილით და სიმღერ-სიმღერით ვიგინები (იცინის). მანქანა უნდა შეიგრძნო, მის გაბარიტებს მიხვდე. თუ შენი მანქანის სუნთქვასა და ტკივილს ვერ გრძნობ, მაშინ კარგი მძღოლი არ ხარ. ჩემი მანქანა 2002 წლის „ნისან მარჩია“. სანამ ჩამოვიდოდა, მართვის მოწმობაც ავიღე. რა თანხაც მქონდა, მანქანაც იმის მიხედვით შევარჩიე, თუმცა ვფიქრობ, ქალაქისთვის ზედგამოჭრილია - ცოტას წვავს, კარგი სიჩქარეების კოლოფი აქვს, ნაწილები ძვირი არ ღირს, არც დაპარკინგება გიჭირს და ხშირადაც არ სჭირდება „ექიმი“ (იცინის). ჩემი ლამაზი გოგო, ჟოზეფინა, ფოთში რომ ჩამოვიდა, მე წავედი ჩამოსაყვანად, დავნიშნე და ისე გამოვუყევით გზას დედაქალაქისკენ.


- მანქანა დანიშნე?
- (იცინის). მის წამოსაყვანად ფოთში რომ ჩავედი, სარკეზე ბეჭედი დავკიდე და ასე დავნიშნე. ეს იყო ჩემი საჩუქარი და ერთგვარი თილისმა. მე მანქანას, როგორც ადამიანს, ისე ვექცევი. ასე რომ, ჩემი ჟოზეფინა დანიშნულია და ველოდებით მაღალ, არაამპარტავან და ცოტა საწვავის „მსმელ“ ნაპოლეონს (იცინის).


- შენს ჟოზეფინას, წინა მინა გაბზარული აქვს. ეს შენს ხელში მოხდა თუ ასე ჩამოვიდა?
- ფოთიდან გამოსული არ ვიყავი, როცა ჩემს წინ მიმავალმა ტრაილერმა ქვა ააგდო და ჟოზეფინას მინა გაუბზარა. სიმართლე გითხრათ, არ მინერვიულია, ღმერთმა დაიფაროს და უარესებიც ხდება. თბილისში „შუშის ექიმთან“ მივიყვანე და ისე გააკეთა, ბზარი აღარ გაიზრდება. მანქანას მართლა ადამიანივით ვეპყრობი. არ მიყვარს, როცა ამბობენ, მანქანა უნდა იხმაროო. არა! პირიქით, ისე უნდა მოუარო, რომ დიდხანს გემსახუროს.


- მანქანაში შევნიშნე პატარა ანგელოზი, ბატკანი, ჰამბურგერი და საპიკნიკე მოწყობილობა...
- მანქანა პატარა სახლივითაა, სადაც შენთვის ძვირფასი ნივთები უნდა იდოს. ანგელოზი წელს, შობა დღეს შევიძინე. მაღაზიაში რომ შევედი, მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა, წამიყვანეო. ბატკანი ცხვრის წელში ვიყიდე. ძალიან ჰგავს ჩემს ძაღლს - დაფნას. ისიც ასეთი ბუთქუნაა (იცინის). ჰამბურგერის ფორმის სათამაშო სიდი დისკების ჩასაწყობია. საპიკნიკე ნაკრები კი „იმედის“ ტელევიზიაში მაჩუქეს. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ პიკნიკებზე სიარული და ამიტომ სამზარეულო სულ თან მაქვს (იცინის). 


- მანქანაზე საინტერესო წერილები და საჩუქრები თუ გხვდება ხოლმე?
- ბევრჯერ დამხვედრია წერილები - „ნატუკა, გვიყვარხარ!“. არ ვფიქრობ, რომ ამას თაყვანისმცემელი მამაკაცები მიტოვებენ. უბრალოდ, ამით ადამიანები სიყვარულს გამოხატავენ და მეც მსიამოვნებს პოპულარობა. არ დამავიწყდება, ერთხელ საქარე მინაზე დამხვდა ათლარიანი ჯარიმის ფურცელი, ვინც მომიტანა, მისი წერილი, „ძალიან ლამაზი ხარ“, ზედვე ტელეფონის ნომერი და ერთი ცალი ყოჩივარდა. ვხუმრობდი, ეს არის სიყვარული ათ ლარად-მეთქი (იცინის).


- ნატუკა, რას ურჩევ მძღოლებს?
- მანქანის მართვა არ არის ჰობი, ეს პროფესიაა. ვინც კარგი მძღოლია, ვულოცავ, ხოლო ვინც ცუდი მძღოლია, ვურჩევ, გვერდითა სარკეებში გაიხედონ! ნურავის ჩააგდებთ საფრთხეში და საკუთარ თავსაც გაუფრთხილდით.