რატომ ლოცულობენ ვიკა კალანდიას „პაჯეროში“?!

საჭესთან

26 თებერვალი 22:00, 2016 წელი
80

„მანქანაზე ხშირად მიწერენ „ცოტნიკოს“, მგონი, ზოგს მართლა მისი ცოლი ვგონივარ. შუქნიშანზე გვერდითა მანქანიდანაც უკითხავთ, ცოტნეს როდის ურიგდებიო?“ - საჭესთან თავის საინტერესო თავგადასავლებს გვიყვება „ჩემი ცოლის დაქალებში“ თიკას როლის შემსრულებელი, სოხუმის თეატრის მსახიობი, Caucasus Motors-ის პიარმენეჯერი ვიკა კალანდია...

- ერთი წელია, რაც საჭესთან ვზივარ. ეს „პაჯერო იო“ ჩემი პირველი მანქანაა. თუმცა, ახლა, მგონი, ტრაქტორს უფრო ჰგავს (იცინის). ამბობენ, პირველი მანქანა კარგად უნდა მოიხმაროო და მეც, შესაბამისად, ზედმეტად კარგად მოვიხმარ.


- რას ამბობენ შენი ახლობლები, როგორი მძღოლი ხარ?
- როგორც მეუბნებიან, სახიფათოდ სიარული ვიცი. თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ ყურადღებიანი მძღოლი ვარ. მქონია შემთხვევა, როდესაც ავარია გარდაუვალია, თუმცა ჰოპ და საღ-სალამათი ვარ. სწრაფი რეაგირების უნარი მაქვს და გამოსავალსაც მალევე ვპოულობ. მაგალითად, გიორგი ვარდოსანიძე, რომელიც ჩემი მეგობარია, მანქანის წინა სავარძელზე არასდროს მიჯდება. რატომღაც ჰგონია, რომ უკან შედარებით უსაფრთხოდაა (იღიმის). ხშირად უთქვამს: შენ, მგონი, 9 მფარველი ანგელოზი გყავს და მე ნამდვილად არ მჯერა ჩემი მფარველი ანგელოზისო. ზურა გორგაძე კი ამბობს, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ვლოცულობ, ვიკას მანქანააო.  მხოლოდ ჩემი უახლოესი მეგობრები ანა გიუნტერი და მარიშა მიქელაძე მენდობიან და ჩემ გვერდით მშვიდად სხედან.


შენს მანქანას წინა მარცხენა გვერდი დაზიანებული აქვს. ესეც შენი სისწრაფის ბრალია?
- წინა ზაფხულს ცუდი მანევრი გავაკეთე და გვერდითა მანქანას მსუბუქად დავარტყი. იქიდან ქალი გადმოვიდა და მე რომ დამინახა, გაუხარდა. „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებელი და ჩემს გმირზეც შეყვარებული აღმოჩნდა. არც თავისი მანქანა შემაკეთებინა და ჩემ გამოც ძალიან შეწუხდა. ტელეფონის ნომრებიც გავცვალეთ, მერე თავისი მანქანის ფოტო გამომიგზავნა ტექსტით: „გავაკეთეე“ (იღიმის).


- შენს მანქანაზე შევნიშნე თითით დაწერილი „ცოტნიკო“. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ შენი და გიორგი ბახუტაშვილის როლები აქტუალობას არ კარგავს?
- მანქანაზე ხშირად მიწერენ „ცოტნიკოს“, მგონი, ზოგს მართლა მისი ცოლი ვგონივარ. შუქნიშანზე გვერდითა მანქანიდანაც უკითხავთ, ცოტნეს როდის ურიგდებიო? მე კი ვპასუხობ, უკვე შევურიგდი-მეთქი (იღიმის).


- მანქანის ტექნიკურ მხარეში თუ ერკვევი?
- ნამდვილად ვერ ვერკვევი. ერთხელ დაშვებული საბურავით ისე მივდიოდი, ვერც შევნიშნე. მანქანით ერთი ტიპი დამედევნა და გამაჩერებინა, საბურავი დაშვებული გაქვსო. მერე თვითონ მომიგვარა ეს პრობლემა და თავის ნომერსაც მაძლევდა, თუ დახმარება დაგჭირდება, დამირეკე და მოვალო. რა თქმა უნდა, ნომერი არ გამომირთმევია, მადლობა გადავუხადე და წამოვედი (იღიმის).


- ამ შემთხვევების შემდეგ, ალბათ, უფრო მობილიზებული გახდი?
- ვფიქრობ, საჭესთან ყურადღება და მობილიზება უმთავრესია. მანქანაში მეგობრის ბავშვი თუ მიზის, საკმაოდ ფრთხილად და ნელა დავდივარ, მაგრამ როცა მარტო ვარ, ვთამამდები, მუსიკასაც ავყვები ხოლმე და თუ ჩემი მეგობრები თვალს მომკრავენ, სმს-ებს მწერენ: ვიკა საჭესთან ნუ ცეკვავო (იღიმის). საჭესთან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რათა სხვას მაინც არ შევუქმნათ საფრთხე.