ოთო ფოლადაშვილი: „ჩემი მანქანიდან უკმაყოფილო ჯერ არავინ გადასულა“

საჭესთან

4 მარტი 22:00, 2016 წელი
67

რას ჰყვება მოცეკვავე და ტელეწამყვანი ოთო ფოლადაშვილი თავისი საყვარელი Audi A6-ის შესახებ?


- საჭეს ბავშვობიდან ვმართავ, მართვის მოწმობა კი 18 წლიდან მაქვს. ეს AUDI A6  ჩემი მესამე მანქანაა. პირველად ორკაციანი, მწვანე კაბრიოლეტი „მერსედეს სმარტი“ მყავდა, ნომრით - „FLD -100“, რომელიც იშიფრებოდა, როგორც ფოლადასი და ყველამ იცოდა, რომ ეს მანქანა ოთოსი იყო (იღიმის). დედაჩემს ვაჩუქე, როდესაც ჩემთვის BMW E60 ვიყიდე, თუმცა ერთი წლის შემდეგ „აუდი ა 6-ზე“ გადმოვჯექი . 


- რატომ „აუდი“?
- ძალიან მიყვარს ექსტრემი, სიჩქარე, ადრენალინი. თუ მანქანას ბოლომდე არ ვენდობი, შეიძლება, აღარ გავრისკო. „აუდი“ კი კომფორტულია, ძალიან სწრაფი და უსაფრთხო. მისი ყველაზე დიდი სიჩქარეა 270 კმ/სთ, რაც უკვე „დაკეცილიც“ მაქვს (იღიმის). ზამთარში ჯიპებიც ვერ მოძრაობენ ისე, როგორც ჩემი ბიჭი. როდესაც „აუდის“ მართავ, ხვდები, რომ სხვა მანქანაზე აღარ უნდა გადაჯდე.

- რას ამბობენ შენი მგზავრები, როგორი მძღოლი ხარ?
- ჩემი მანქანიდან უკმაყოფილო ჯერ არავინ გადასულა. როდესაც მანქანაში ვინმე მიზის, მაშინ თავს ვიკავებ „სიგიჟეებისგან“ (იღიმის), ადამიანების სიცოცხლეს ვუფრთხილდები. მაგრამ, როგორც კი მარტო ვრჩები ჩემს „ძმაკაცთან“, ყველანაირი კომპლექსები გვეხსნება და ერთნი ვხდებით, სატერფულს ბოლომდე ვაწვები, სიჩქარეს ვუმატებ და მივქრივართ. იმ წამებში არანაირი შეზღუდვა და ქვეყნად არაფერი გვადარდებს. ეს ის წამებია, როცა გინდა სატერფულს არასოდეს აუშვა ფეხი.

- ოთო, მანქანის ტექნიკურ მხარეში თუ ერკვევი?
- რაც მანქანის მოვლას სჭირდება და ცვეთადია, ვერკვევი: ზეთის, წყლის შემოწმება... ჩემს „ბიჭს“ დიდი საპრობლემო არაფერი აქვს და ჩემი გრაფიკის ადამიანისთვის ზედგამოჭრილია. ხოლო თუ რაიმე პრობლემა აქვს, კომპიუტერი ყველაფერს მატყობინებს.

- რა აზრის ხარ ქალ მძღოლებზე?
- იცი, იმდენი მამაკაცი ატარებს ცუდად მანქანას, რომ უკვე ქალებს ყურადღებას აღარ ვაქცევთ (იღიმის). თუმცა, მძღოლებს მაინც არ ვასხვავებ. ჩემთვის მთავარია, კარგი მძღოლი იყოს და სარკეებსაც შესანიშნავად ფლობდეს. ვიცნობ ბევრ გოგოს, რომელიც ბიჭებზე უკეთ მართავს საჭეს და პირიქით.