გია სურამელაშვილის ფათერაკები საჭესთან

საჭესთან

11 მარტი 22:00, 2016 წელი
60

„ერთხელ სახლში მეგობრებთან ერთად ცოტა დავლიე. მძღოლი გაშვებული მყავდა, რადგან აღარსად ვაპირებდი გასვლას. თუმცა, საჭესთან დაჯდომა მომინდა. დაქალი წავიყვანე სახლში, დავტოვე და უკან მარტო წამოვედი. ცოტა ნასვამიც ვიყავი, ჩემი მძღოლიც არ მეჯდა გვერდით და სანაპიროსთან სერიოზული ავარია მომივიდა. კარგად მახსოვს, ფერიცვალების დღე იყო...“ - ამ შემთხვევამ მომღერალ გია სურამელაშვილის ცხოვრებაში ერთი რამ საბოლოოდ შეცვალა.

- ბავშვობაში მამა მასწავლიდა ხოლმე მანქანის მართვას. ერთხელ ხეს შევეჯახე, სტრესი მივიღე და მანქანების მიმართ ინტერესი დავკარგე. ეს შიში დიდხანს გამყვა. კარგა ხნის შემდეგ, 2005 წელს, ჩემმა მეგობარმა მაჩუქა „მაზდა“. მართალია, მძღოლი მყავდა, მაგრამ მეც ხშირად ვჯდებოდი საჭესთან, რაღა თქმა უნდა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ და სხვათა შორის, კარგადაც ავითვისე. თბილისის ზღვის გზა სულ გატკეპნილი მქონდა (იღიმის).
ქალაქშიც დავდიოდი და ყველას საოცარი რეაქცია ჰქონდა: სურამელაშვილი საჭესთან ზისო... ორი თვის მანძილზე ისე ვიარე, მართვის მოწმობა არ მქონია, პრინციპში, რად მინდოდა, თვითონ მოწმობა არ ვარ (იღიმის)?! არც არასდროს არავის გავუჩერებივარ.

- ანუ ბავშვობაში მიღებული სტრესი დაძლიეთ?
- შეიძლება ითქვას, ცოტა ხნით. ერთხელ სახლში მეგობრებთან ერთად ცოტა დავლიე. მძღოლი გაშვებული მყავდა, რადგან აღარსად ვაპირებდი გასვლას. თუმცა, საჭესთან დაჯდომა მომინდა. ჩემი დაქალი წავიყვანე სახლში, დავტოვე და უკან მარტო წამოვედი. ცოტა ნასვამიც ვიყავი, ჩემი მძღოლიც არ მეჯდა გვერდით და სანაპიროსთან სერიოზული ავარია მომივიდა. კარგად მახსოვს, ფერიცვალების დღე იყო. მართალია, ჩემი ბრალი არ იყო, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე ამ ფაქტის ასაცილებლად. მომავალი მანქანის მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა და დამეჯახა. დაგვეხვა მთელი ქვეყანა, მაგრამ გავმტყუნდი, რადგან ნასვამი ვიყავი. აი, აქედან კი უკვე შიში მაქვს მანქანაში მარტო ჯდომის. 

- თქვით, სერიოზული ავარია იყოო, მსხვერპლი ხომ არ მოჰყოლია?
- არა, მეც საღსალამათი გადავურჩი ამ შემთხვევას, ავარიის დროს დამცავი ბალიში გაიხსნა, სახეში მომხვდა და ერთი კბილი დამიზიანა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, პირის ღრუც მოვიწესრიგე. იმ მანქანის გაკეთება არც მიცდია, გავყიდე, თავიდან მოვიშორე.

- „მაზდას“ შემდეგ აღარ გყოლიათ მანქანა?
- კი, როგორ არა. მას შემდეგ უკვე სხვა მეგობარმა მაჩუქა „პრადო, ისიც გავყიდე და ახლა იმ ფულით ვიყიდე „ნისან მურანო“. მართალია, მანქანების მანია არ მჭირს, მაგრამ ახლა რაც მყავს, ვიზუალურად ძალიან მომწონს და ვისაც არ მოსწონს, რა პრობლემაა (იღიმის). არც მარიაჟი ტიპი ვარ და არც მანქანების მოდელებზე მაქვს გართულება, პირიქით, ჩემთვის მთავარი მათი გარეგნული მხარეა და როცა მინდა, მანქანებს მაშინ ვიცვლი. თუ მომინდება, ლიმუზინებითაც დავსეირნობ ხოლმე, ნამდვილად არ მაქვს პრობლემა... 

- სისწრაფე თუ გიყვარს?
- სისწრაფე ნამდვილად აღარ მიყვარს. მირჩევნია ნელა, მშვიდად და უსაფრთხოდ ვიარო.

- მანქანაზე წარწერები ან საჩუქრები თუ დაგხვედრია?
- კი, მანქანაზე „გია, მიყვარხარ“-ს ხშირად მიწერენ. შუქნიშანთანაც ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც გვერდითა მანქანიდან შემომძახებენ ხოლმე: „გია, გვიყვარხარ, გენაცვალე, ჯიგარი ხარ“. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, სულ ვგრძნობ ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას. გეტყვით, რომ მეც ყველა ძალიან მიყვარხართ.

- გია, შენი ჩაცმის სტილითაც, ალბათ, ხშირად ხარ ყურადღების ცენტრში?
- სხვათა შორის, უცხოეთშიც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ. ჩემი გამომწვევი სტილით აეროპორტშიც ბევრი დაინტერესებულა. მართალია, უცხოეთში ყველა არ მიცნობს, მაგრამ, რომ მხედავენ, გარკვეული წარმოდგენაც ექმნებათ... სიმართლე გითხრათ, ვერ შევეჩვიე პოპულარობას და პატარა ბავშვივით ვიმორცხვებ ხოლმე (იღიმის). ვერც იმას ვიტყვი, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა კომფორტს მიქმნის, არა, პირიქით.
მოკლედ, ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა. ვაღიარებ, ცოტა მძიმე ხასიათი მაქვს, ხასიათების ბიჭი ვარ. მიყვარს სმა, რადგან თავს უფრო ლაღად ვგრძნობ. თუ ცოტა არ დავლიე, იმდენად მძიმე ვარ, რომ ეს ყველაფერში ხელს მიშლის (იღიმის). თუმცა, ზომიერება მიყვარს და ჩემს დოზას არ ვაჭარბებ ხოლმე.