რას პატიობენ ლევან ყოჩიაშვილს „დავით გოცირიძის“ გამო?!

საჭესთან

8 აპრილი 22:00, 2016 წელი
87

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ მსახიობ ლევან ყოჩიაშვილის „ჰონდა“ ხშირად ჩანს - ის მისი გმირის, დათოს, მანქანაცაა. როგორც გავარკვიეთ, ლევანის CR-V-ს მაყურებელი ქუჩაშიც ყოველთვის ცნობს, მათ შორის პატრულის თანამშრომლებიც...  


- მანქანას ბავშვობიდან ვმართავ. მე და ჩემი ძმები მანქანის სატერფულებს მივწვდით თუ არა, მამა მაშინვე შეუდგა ჩვენთვის მანქანის მართვის სწავლებას. პირველი მანქანა რუსული „21 10“ მყავდა, რომელიც მამამ გადმომილოცა. შემდეგ გადავჯექი „ფოლცვაგენ პასატზე“, რომელიც საკმაოდ კომფორტული იყო. მას „მერსედესის ცე“ კლასი მოჰყვა. ეს ავტომობილი ცოტა ხანს მყავდა, გაპრანჭული მანქანა იყო და ჩემი შესაძლებლობები მის მოვლას ვეღარ სწვდებოდა (იღიმის). ამჟამად კი „Honda CR-V“-თი დავდივარ. ყველაზე პრაქტიკული მანქანაა მათ შორის, რაც კი აქამდე მყოლია - ყველგანმავალია, კომპაქტურია, საწვავის მხრივაც საკმაოდ ეკონომიურია და მომსახურების სერვისიც შესანიშნავი აქვს.


- „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ თქვენი მანქანაც თქვენსავით ცნობილია...
- დიახ, ასეა. ეს ჩემი გმირის დათოს მანქანაცაა და სერიალის მაყურებელიც ყოველთვის ცნობს. მახსოვს, ბაკურიანში ვიყავი და დავინახე, ჩემს მანქანას ხალხი ეხვეოდა. ცოტა დავიბენი, ვიფიქრე, ალბათ, ცეცხლი წაეკიდა-მეთქი, თუმცა გარშემო სახანძროსა და პოლიციის თანამშრომლები ვერ შევნიშნე. ბოლოს მივხვდი, რომ ყველამ „დათოს“ მანქანა იცნო და ათვალიერებდნენ (იღიმის). მოკლედ, მაყურებელთან შეხვედრა შედგა. შუქნიშნებთანაც ხშირია გვერდითა მანქანებიდან შემოძახილები - ცდილობენ, პატივისცემა და სიყვარული გამოხატონ. მოძრაობის დროსაც მესალმებიან (იღიმის), მათ შორის - პატრულის ეკიპაჟიც.


- პატრული ახსენე და „დავით გოცირიძეს“ პატიობენ ჯარიმებს?
- იცით, არასდროს მქონია შემთხვევა, როცა ვინმემ რამე მხოლოდ ჩემი პროფესიის გამო მაპატია. ზოგადად, მოწესრიგებული კაცი ვარ და ვცდილობ, კულტურული მძღოლიც ვიყო. იშვიათად ვჯარიმდები, რადგან საგზაო წესებს ვიცავ. ზოგადად, მიმაჩნია, რომ მძღოლებმა ერთმანეთს ანგარიში უნდა გავუწიოთ და პატივი ვცეთ. ვიცით, რომ ყველას ეჩქარება. ვცდილობ, მანქანაც ყოველთვის მწყობრში მყავდეს. ტექნიკურ მხარეშიც კარგად ვერკვევი. ასე რომ, რატომ უნდა დამაჯარიმონ? (იცინის).


- „დათომ“ ცოლს უღალატა - ეს, ალბათ, მაყურებლისთვის შოკი იყო...
- კი, ნამდვილად, იმ პერიოდში მაყურებელს ჩემსა და ნინო მუმლაძის მიმართ გამძაფრებული ინტერესი ჰქონდა, ყველა ეჭვის თვალით გვიყურებდა (იღიმის). მახსოვს, ნინოსთან ერთად ჩემი მანქანით გადაღებაზე მივდიოდი და შუქნიშანთან გაჩერებულებს გვერდითა მანქანიდან გვკითხეს: „თქვენ სერიალის გარეშეც მართლა ერთად ხართ?“ ჩვენც ღიმილით ავუხსენით, რომ გადაღებაზე მივდიოდით (იღიმის). ასეთი შემთხვევები ხშირად გვქონია.


- რაც შეეხება სერიალს, რა სიახლეები ელოდება მაყურებელს?
- დავიწყეთ მეცხრე სეზონი, რომელიც საკმაოდ გრძელია და აგვისტომდე გასტანს. სერიალი საინტერესოდ ვითარდება და ბევრი სიურპრიზითაა დახუნძლული. ჩვენც, მთელი ჯგუფი აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა მაყურებელმა ისიამოვნოს.