ქალური გა-ფრენა და გართობა წითელზე

საჭესთან

22 აპრილი 22:00, 2016 წელი
42

„ამბობენ, მანქანასა და ცოლს როგორც მოექცევით, თვითონაც ისევე მოგექცევიანო და, მგონი, მართლაც ასეა“, - ღიმილით გვიყვება მოდელი და ჟურნალისტი თინათინ ნატროშვილი, რომელსაც ქალაქში Toyota Ist-ით შეხვდებით.

„მონათვლის“ ტრადიცია, რომელიც ამართლებს
5 წელია, რაც მართვის მოწმობა მაქვს. Toyota Ist ჩემი პირველი მანქანაა. ვიზუალურად ძალიან მომწონს, სალონიც კომფორტული აქვს და შენახვაც ძვირი არ მიჯდება. ახალი ნაყიდი მყავდა, როდესაც ეზოდან გამოსვლისას ცოტა გავკაწრე. ეს კი ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ მანქანა მომავალში დიდხანს და კარგად მომემსახურება. ცხოვრებაში გამოცდილი მაქვს, თუ რამე ნივთს შემთხვევით პატარა ნაწილს დავუზიანებ, ის დიდხანს მექნება. მოკლედ, „მონათვლის“ თემაა და ჩემი მანქანაც თავიდანვე მოვნათლე (იღიმის).


მანქანა = ცოლი
ამბობენ მანქანას და ცოლს როგორც მოექცევით, ისევე მოგექცევიანო და, მგონი, მართლაც ასეა. რაღა თქმა უნდა, მეც მინდა, რომ კარგად მომექცეს და ერთგულად მემსახუროს.


„გაფრენა“
ჩემთვის საჭის მართვა ხშირად განტვირთვის წყაროცაა - ეს მაშინ, როდესაც გზები თავისუფალია და მანქანის მართვისგან სიამოვნებას ვიღებ. საკუთარ თავს სიჩქარის აკრეფის საშუალებასაც ვაძლევ, თან, თუ მუსიკაც ხმამაღლა მაქვს ჩართული, მორჩა - ჩათვალეთ, რომ კოსმოსში ვარ. ეს ყველაფერი ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. ადრენალინი მიყვარს, თუმცა „შუმახერობაზე“ ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია. ზოგადად კი, ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ქალაქში ვცდილობ, ნელა და უსაფრთხოდ ვიარო.


 



ქაოსი
ქალაქში ბევრი მძღოლი ქაოსურად დადის და იძულებულს გხდიან, მოძრაობის წესები შენც დაარღვიო, რათა არ დაშავდე. ხშირად არ იციან მოძრაობის წესები, მაგრამ მათი ცოდნა ხომ ყველა მძღოლს მოეთხოვება. წესები მეც დამირღვევია და პატრულსაც გაუჩერებივარ, მაგრამ სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხე არასდროს შემიქმნია. ის თეორია და პრაქტიკა, რაც მართვის მოწმობის ასაღებად ვისწავლე, დღემდე კარგად მახსოვს.


გართობა ორისთვის
ერთხელ, ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა - ახლა ძალიან გაგართობო, ამოიღო „პროწივაგაზის“ ნიღბები, გავიკეთეთ და შუქნიშნებზე ხალხი გაოცებული გვიყურებდა, რაზეც ორივემ ძალიან ვიხალისეთ (იღიმის). ჩემთვის ეს განწყობა ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მანქანიდან ვიღაცებისთვის თვალების პაჭუნი. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ცუდი ტიპია ის, ვინც ასე იქცევა. 


35 წამი
ტუჩსაცხი რომელ ქალს არ წაუსვამს საჭესთან?! მეც, რაღა თქმა უნდა, მაკიაჟიც შემისწორებია და ტუჩებიც შემიღებავს, მაშინ როდესაც შუქნიშანთან 35 წამი მაქვს.


გამოთქმას რუსებს დავესესხებით
რუსული გამოთქმაა - „тише едешь дальше будешь“, რომელსაც სრულიად ვეთანხმები. დიახ, რაც უფრო წყნარად და მშვიდად ივლით, მით უფრო შორს წახვალთ და დიდხანს იქნებით (იღიმი). კარგი იქნება, თუ ერთმანეთს დავეხმარებით და გზებზე კომფორტს შევუქმნით. გასაგებია, რომ ყველას ეჩქარება, თუმცა, თუ წესებს დავიცავთ, ყველაფერს მოვასწრებთ.


ყველაფერი გრძელდება
სპორტის სამინისტროს სსიპ-ში „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ ვმუშაობ. სამოდელო სფეროშიც აქტიურად ვარ ჩაბმული. ხშირად მაქვს ფოტოსესიები და ჩვენებები. მაქვს გადაცემა „ფეშენ თაიმი“ „მიუზიქ ბოქსზე“ და სამომავლოდაც უამრავ პროექტს ვგეგმავ.