„ნელა იარე“ - ვინ აფრთხილებს ყოველდღე დიმა კობეშავიძეს?

საჭესთან

8 ივლისი 22:00, 2016 წელი
76

 „მოძრაობისას ხშირად ვმღერი. ამ დროს გვერდით რომ ვიხედები, გაგიჟებული თვალებით მიყურებენ ხოლმე. თუმცა ვინც მცნობს, ხვდება, რომ გიჟი არ ვარ“, - სიცილით გვიყვება მომღერალი დიმა კობეშავიძე...

   

  • 16 წლის ვიყავი, მამაჩემმა თავის „Ford sierra“-ზე მართვა რომ მასწავლა.

  • 3 წელია, რაც „Honda HRV“ მყავს, რომელიც ჩემი და მამას საზიაროა. ეკონომიური ჯიპია და არც ზომითაა ძალიან დიდი, რაც კომფორტს მიქმნის.

  • ვფიქრობ, თბილისური მოძრაობისთვის „Mitsubishi io“  შევიძინო. ვიცი, რომ დიდად არ მომიხდება, მაგრამ მირჩევნია, პარკირების დროს პატარა ადგილზეც კარგად მოვთავსდე, ვიდრე მარკა მიხდებოდეს და „ავტობუსით“ დავდიოდე.

  • ფეთქებადი მძღოლი არ ვარ. საჭესთან თითქმის არც ვბილწსიტყვაობ.

  • მოძრაობის წესებს ყოველთვის ვიცავ. ტელეფონზეც კი ყურსასმენით ვსაუბრობ. ერთადერთი ჯარიმა არასწორი პარკირებისთვის მივიღე. ძალიან მიკვირს, რომ პატრულს გადამოწმების მიზნითაც კი არასდროს გავუჩერებივარ.

  • მოძრაობის დროს მუსიკა გამუდმებით ჩართული მაქვს, ოღონდ ეს არ არის კლუბური. სასიამოვნო სიმღერებს ვუსმენ და მეც ვყვები.

  • მოძრაობისას ხშირად ვმღერი. ამ დროს გვერდით რომ ვიხედები, გაგიჟებული თვალებით მიყურებენ ხოლმე. თუმცა ვინც მცნობს, ხვდება, რომ გიჟი არ ვარ.

  • მამაჩემი მეუბნება, გიჟივით დადიხარო. არადა, მანქანებით გადატენილ ქალაქში სწრაფად როგორ უნდა ვიარო? ტრასაზეც კი არ ვაჭარბებ დაშვებულ სიჩქარეს. „ნელა იარე“ - ყოველ გასვლაზე ამ სიტყვებს მეუბნება. მანქანაში თუ ჩამიჯდა, ხომ საერთოდ! კონტროლი უყვარს. დედა კი მენდობა და ამბობს, რომ კარგი მძღოლი ვარ.

  • სავალ ნაწილებში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს! საბურავი რომ გასკდეს, მგონია, რომ იმასაც ვერ გამოვცვლი, მაგრამ საკმარისია, მანქანამ ხმა შეიცვალოს და ვხვდები, რომ რაღაც უჭირს და ხელოსანთან მიმყავს.

  • მანქანა ჩემთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა. საათ-ნახევარზე მეტხანს საჭესთან ჯდომა უკვე ძალიან მღლის.

  • ქალ მძღოლებს მანევრირებაზე ვცნობ. ზოლს ვერ იცავენ.