ჯულიანა ბარგნარი - მოცეკვავე „BMW“-ს ხასიათით

საჭესთან

15 ივლისი 22:00, 2016 წელი
134

 „შუქნიშანზე ვიყავი გაჩერებული და ვარცხნილობის გასწორებას ისე შევყევი, ჯერ უკნიდან სიგნალები ატყდა, შემდეგ კი პატრულმაც გამაჩერა...“ - რას იხსენებს მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარი Funtime-თან.

   

  • ერთი წელია, რაც საჭესთან ვზივარ, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ კარგი მძღოლი ვიქნებოდი.

  • საჭეს პირველად რომ მივუჯექი, თავი არაკომფორტულად ვიგრძენი, მაგრამ მალევე მივეჩვიე. ორი დღე დაქალთან ერთად ვიარე, მესამე დღეს კი ქალაქში მარტო გავედი.

  • ახალბედა მძღოლი ვიყავი, როცა ოთო ფოლადაშვილმა ფეხი მოიტეხა. დავურეკე, ხომ არ გჭირდები-მეთქი. მოდი და სახლში წამიყვანეო, მთხოვა. ძმაკაცთან ერთად ჩამიჯდა მანქანაში და მთელი გზა იმეორებდა, ღმერთო ჩემო, ეს რა გავაკეთეო. ახალბედა ვიყავი, მაგრამ მანქანას სწრაფად ვმართავდი და ალბათ, შევაშინე.

  • 2003 წლის გამოშვება „BMW“ მყავს. ხასიათით ძალიან მგავს. ჩემსავით სპორტულია და ერთმანეთს კარგად ვუგებთ.

  • თავიდან მოძრაობის დროს ყველა წვრილმანი მაღიზიანებდა - ვინ მანიშნებლის გარეშე აკეთებდა მანევრს, ვინ გზაზე ჩამიხტებოდა. ახლა კი მივეჩვიე, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რეაგირება თავისთავად გამომდის და აღარც ვბრაზდები.

  • ბიჭები ძალიან მაქებენ. მეუბნებიან, რომ მანქანას ბიჭის სტილზე ვმართავ.

  • ყველანაირად ვცდილობ, კანონის დაცვით ვიმოძრაო, მაგრამ სწრაფად სიარული ძალიან მიყვარს და ეს ყოველთვის არ გამომდის. ამის გამო რამდენჯერმე დავისაჯე კიდეც - ვიდეოჯარიმა მივიღე და ახლა უკვე ვფრთხილობ.

  • ჩემი „BMW“ სიამოვნებაა. ბავშვებთან ერთად შეკრებაზე ვიყავი წასული. როცა თბილისში დავბრუნდი და საჭესთან დავჯექი, სატერფულზე ფეხის დადგმაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეგრძნო, რა მინდოდა.

  • არ მიყვარს, როცა მოძრაობის დროს გზას არც ფეხით მოსიარულეს უთმობენ და არც სხვა მძღოლებს.

  • საჭესთან არასდროს ვიპრანჭები. ამის მცდელობა ახალბედა მძღოლობის პერიოდში მქონდა და ძალიან ვინანე. შუქნიშანზე ვიყავი გაჩერებული და ვარცხნილობის გასწორებას ისე შევყევი, ჯერ უკნიდან სიგნალები ატყდა და მერე პატრულმაც გამაჩერა. მას შემდეგ მოძრაობის დროს უფრო ყურადღებიანი გავხდი.

  • პატრული ხშირად არ მაჩერებს. შეიძლება ღამით გადამოწმების მიზნით გამაჩერონ. პატრულის თანამშრომლებმა რამდენიმეჯერ მიცნეს და მოძრაობის წესის დარღვევა მაპატიეს, თუმცა განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია. ერთმანეთს გავუღიმეთ და ასე დავშორდით.

  • ერთხელ კუს ტბის გზაზე საბურავი გამისკდა. ვულკანიზაცია სახლოვეს არსად იყო. ამიტომ პრობლემის მოგვარება დაქალთან ერთად დავიწყე. საბურავის შეცვლა უცხო ბიჭებმა არ გვაცადეს. მანქანა გააჩერეს და დაგვეხმარნენ.

  • ვცდილობ, ავტომობილის ნაწილებში გავერკვიო. უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რა შეიძლება აწუხებდეს ჩემს მანქანას და რა ნაწილი შევცვალე.