რატი გაჩეჩილაძე: „ჩემი მანქანაც იქცევს ყურადღებას და თმის ფერიც“

საჭესთან

22 ივლისი 22:00, 2016 წელი
54

მოცეკვავე რატი გაჩეჩილაძის სახალისო ისტორიები საჭესთან...

   

  • 16 წლის ვიყავი, მამის დახმარებით საჭესთან რომ დავჯექი. მართვის მოწმობა ამერიკაში ავიღე და 4 წელი იქ ვმართავდი ავტომობილს. იქაც „Mercedes“ მყავდა.

  • საქართველოში რომ ჩამოვედი, საჭეს ამერიკული მართვის მოწმობით მივუჯექი, შემდეგ კი აქაც ჩავაბარე გამოცდები. თბილისურ მოძრაობასთან შეგუება ცოტა გამიჭირდა, რადგან აქ წესებს არავინ იცავს. შეერთებულ შტატებში კი ყველა კანონმორჩილი მძღოლია. ფეხით მოსიარულეების ინტერესებსაც იცავენ.

  • თბილისშიც ისეთივე კანონმორჩილი მძღოლი ვარ, როგორც ამერიკაში, მაგრამ ამის გამო ზოგჯერ ძალიან ვიჩაგრები. ერთ მანქანას თუ დავუთმობ გზას, მთელი კოლონა მიყვება და მე აღარ მაძლევენ მოძრაობის საშუალებას.

  • ჩემი „Mercedes CLS” 2005 წელსაა გამოშვებული და ძრავი 5.0 აქვს. კომფორტულია და ვიზუალურად ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი მოცულობით საკმაოდ დიდი აქვს, სწრაფად სიარული არ მჩვევია. ქალაქიდან რომ გავდივარ, მაქსიმუმ 160-ით ვიარო.

  • თბილისში მძღოლები სარკეებს არ აკონტროლებენ და ვისაც როგორ მოესურვება, ისე დადის. ერთ ზოლში სამი მანქანა შეიძლება ჩადგეს და საპირისპირო მიმართულებითაც გადავიდეს.

  • ქალ მძღოლებს რომ კიცხავენ, ვერავის დავეთანხმები, რადგან ხშირად კაცები უფრო ცუდად მართავენ მანქანას. 

  • ქაოსური მოძრაობის მიუხედავად, ძალიან მშვიდი მძღოლი ვარ. ვცდილობ, არაფერზე გავბრაზდე. პატრულსაც არასდროს გავუჩერებივარ. ვიდეოჯარიმაც არ მიმიღია, რადგან ზუსტად ვიცი, რადარები სად დგას.

  • ჩემი და, შორენა ჩერტკოევი მამაჩემისნაირი მძღოლია. მანქანას ისე ნელა მართავს, თუ სადმე გეჩქარებათ, მის ავტომობილში არ უნდა ჩაჯდეთ.

  • ჩემი „Mercedes“ მხოლოდ გადაადგილების საშუალება კი არა, დიდი სიამოვნება და განმუხტვაა. ერთ საღამოს მეგობართან ვიყავი. მოულოდნელად ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩავედით, აჭარული ხაჭაპურები ვჭამეთ და უკან გამოვბრუნდით. კარგია, როცა ავტომობილი გყავს და ტაქსის მძღოლთან შეთანხმება არ გიწევს, ამა თუ იმ უბანში რამდენად გაგიყვანს.

  • შეიძლება, ბევრმა მკითხოს, რად გინდა ამხელა ძრავიანი მანქანა, თუ მის შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებო. მაგრამ მარტო სწრაფად სიარული ხომ არ არის? საჭიროების შემთხვევაში ავტომობილი კარგად უნდა მომყვებოდეს, თუნდაც მაშინ, როცა გადასწრებას ვგეგმავ.

  •  „BMW“-სა და „Mercedes“-ის მძღოლები გამუდმებით კამათობენ იმაზე, რომელი სჯობია. რეზიკო რობაქიძეს „BMW“- ჰყავს და იმდენად უყვარს ეს მარკა, მისი ემბლემის ტატუც კი აქვს გაკეთებული. მე ხმას არ ვიღებ ხოლმე, მაგრამ თვითონ გამუდმებით მიმტკიცებს, რომ „BMW“ „Mercedes“-ზე მაგარი ავტომობილია. ბავშვურად ვკამათობთ, მაგრამ რბოლაში არ მიწვევს, რადგან ერთი სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაჭკვიანდა.

  • ჩემი მანქანაც იქცევს ყურადღებას და თმის ფერიც. ხალხი მაკვირდება, თუმცა რეპლიკები არავისგან მესმის. დედაჩემმა თეთრი თმით რომ დამინახა, ვაი შენს პატრონსო, მომაძახა, მაგრამ შუქნიშანზე რომ ვჩერდები, გოგოები სულ მიყურებენ.