სახის კანის მოვლა
ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანისთვის
ლიმონი, საშუალო ზომის სტაფილო და დაფქვილი ბრინჯი (1/1/1) დააბლენდერეთ და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
სახის გამამკვრივებელი ნიღაბი
2 ს.კ. ნატურალური იოგურტი და 1 ს.კ. ლიმონის წვენი ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 30 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჯერ თბილი, მერე კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის გამწმენდი სქრაბი
ნახევარი ლიმონისგან გამოწურულ წვენს დაასხით 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ, შემდეგ დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი, ნახევარი ჩ.ჭ. ყავისფერი შაქარი და შაქრის გადნობამდე ურიეთ.
მიღებული მასა ხელის მსუბუქი მოძრაობით წაისვით სახეზე, 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახეზე მკვებავი კრემი შეიზილეთ.
ლოსიონი სახის ცხიმიანობის შესამცირებლად
1 ს.კ. ლიმონის წვენი და 2 ს.კ. ცივი რძე ერთმანეთში აურიეთ, დაამატეთ ცოტაოდენი ცივი გადადუღებული წყალი და მიღებული სითხით დღეში 2-3-ჯერ, სახის ცხიმიანი ნაწილები (ძირითადად, ასეთი ადგილებია - შუბლი, ცხვირი და ნიკაპი) გაიწმინდეთ.
„საპონი“ ცხიმიანი კანისთვის
რომელიმე საბავშვო საპნის 1/3 ნაწილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაასხით 100 გ. მდუღარე წყალი და კარგად ათქვიფეთ (ქაფისებური მასის მიღებამდე). შემდეგ ნელ-ნელა დაამატეთ თითო-თითო ს.კ. 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი) და ქაფურის სპირტი, ნახევარი ს.კ. გლიცერინი და ამდენივე ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ფართოპირიან ჭურჭელში და დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს),სახის დასაბანად (საპნის ნაცვლად) გამოიყენეთ.
სახის რძე მოშვებული კანისთვის
1 ჭ. რძე ჩაასხით ქვაბში, დაამატეთ 2 ს.კ. შაქრის პუდრა, წვრილად დაჭრილი ნახევარი ლიმონი და ამდენივე ფორთოხალი. ეს ყველაფერი აადუღეთ, შემდეგ გააცივეთ და გაწურეთ მარლაში.
მიღებული სითხე დღეში 2-ჯერ, სახის გასაწმენდად გამოიყენეთ.
ტანის მოვლა
ლიმონისა და შაქრის სქრაბი
ნახევარ-ნახევარ ჭ. ყავისფერ შაქრის ფხვნილსა და ზღვის მარილს დაამატეთ1 ს.კ. ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თაფლი და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით ტანზე წრიული მოძრაობით, 10-15 წუთში კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ლიმონისა და შვრიის სქრაბი
1ც. ლიმონი კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ 4-5 წვეთი ეთერზეთი, 2 ს.კ. შვრიის ბურღული (გერკულესი), 2 ს.კ. თაფლი და კარგად აურიეთ (თუ ძალიან სქელი მასა გამოვიდა ცოტაოდენი გადადუღებული წყალიც დაამატეთ).
მიღებული მასა წაისვით ტანზე წრიული მოძრაობით, 15-20 წუთში კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.
ტანის ლოსიონი
100 მლ. ლიმონის წვენი დადგით წყლის აბაზანაზე, დაამატეთ 100 მლ. თაფლი, 100 მლ. ნუშის (ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი) და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით ტანზე, 10-15 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ლიმონის ექსტრაქტი აბაზანისთვის
2-3 ც. ლიმონის ნედლ კანს დაასხით 1 ლ. მდუღარე წყალი, გააჩერეთ, სანამ კარგად არ გაცივდება (შეგიძლიათ, ლიმონის კანს ცივი წყალი დაასხათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში ნაყენი 2 დღე უნდა გააჩეროთ), შემდეგ გაწურეთ და მიღებული სითხე აბაზანის მიღების წინ წყალში ჩაუმატეთ.