ცხელი წყლით ნუ დაიბანთ ცხიმიან თმას!

სილამაზე და ჯანმრთელობა

15 აპრილი 12:00, 2016 წელი
32

თმის მომატებულ ცხიმიანობას ბევრი უსიამოვნება მოაქვს - ქერტლი, ადვილად მტვრევადობა, ორად გაყოფილი ბოლოები... გაიგეთ, რა არის ამ პრობლემის მიზეზი და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები...

თმის მომატებული ცხიმიანობის მიზეზები
თმის მომატებული ცხიმიანობის მიზეზად ცხიმოვანი ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობა გვევლინება, რასაც თავის მხრივ არაერთი მიზეზი იწვევს: გარდატეხის ასაკი, ხშირი სტრესი, ჰორმონალური დარღვევები,  ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვ.
თმების გაცხიმიანებაში ასევე დიდი წილი  მიუძღვის კვებასაც, მაგალითად: თმის მომატებული ცხიმიანობა, შესაძლოა, გამოიწვიოს დიდი რაოდენობით ცხოველური ცხიმის, შაქრის, ცხარე/მლაშე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და ა.შ. მოხმარებამ.
გარდა ამისა, არსებობს თმის მომატებული ცხიმიანობის გამომწვევი გარეგანი ფაქტორებიც, ესენია: არასწორად შერჩეული ან უხარისხო შამპუნი, ცხელი წყლით დაბანა, თავის კანის გადახურება და სხვ.

ცხიმიანი თმის მოვლა
ცხიმიანი თმისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს:
ბალანსირებულ კვებას - გამდიდრებულს B და C ვიტამინებით, მიკროელემენტებით (თუთია, რკინა, გოგირდი) და ა.შ.;
რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ცხოველური ცხიმი, შაქარი, ცხარე/მლაშე საკვები, ყავა, ალკოჰოლი და ა.შ.;
რეკომენდებულია თმის დაბანა 3 დღეში ერთხელ (რადგან ხშირი დაბანვა არ ამცირებს ცხიმიანობას);
წყალი არ უნდა იყოს ცხელი (35-40 გრადუსზე მეტი), რადგან ცხელი წყალი ხელს უწყობს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციას;
თმა გაიშრეთ საშრობის (ფენის) გარეშე ან გრილი ჰაერით (ცხელი ჰაერი ასევე აძლიერებს კანის ცხიმის გამოყოფას);
ცხიმიანი თმისათვის არაა რეკომენდირებული თავის კანის მასაჟი და ჯაგრისით ხშირი დავარცხნა;
გამოიყენეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი სპეციალური შამპუნი, რომელიც შეიცავს  ჭინჭრის, სალბის, დედა–დედინაცვალისა და ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტს, პროტეინებს, A, C და K ვიტამინებს და თუთიას.



ცხიმიანი თმის ნიღბები
1. მწვანე თიხის ნიღაბი
აიღეთ 2 ს.კ. მწვანე თიხა და მინერალურ წყალში გააზავეთ, ისე, რომ არაჟნის კონსისტენციის მასა მიიღოთ. წაისვით ნიღაბი მშრლა თმაზე, თავი პოლიეთილენის პარკითა და პირსახოცით შეიფუთეთ  და დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თავი თბილი წყლითა და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით დაიბანეთ.
2. სახამებლის ნიღაბი
თითო-თითო წილ თაფლს და ალოეს წვენს დაამატეთ 4 წილი კარტოფილის სახამებელი, კარგად აურიეთ და წაისვით თმებზე. ნიღაბი დაახლოებით 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანეთ.
3. ხაჭოს ნიღაბი
2-3 ს.კ. უცხიმო ხაჭოს დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ტენიან თმაზე, 20-25 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ.
4. პომიდვრის ნიღაბი
მწიფე პომიდორი კარგად დაჭყლიტეთ, ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებული მასა თმაზე შეიზილეთ, 30 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლითა და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით ჩამოიბანეთ.
5. კვერცხის ნიღაბი
1 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ 1 ჩ.კ. სპირტთან და 1 ჩ.კ. წყალთან ერთად, მიღებული ნარევი  სველ თმაზე შეიზილეთ, 10 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.
6. შავი პურის ნიღაბი
100-150 გრ. შავ პურს დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. მიღებული მასა შეიზილეთ თმაში და პოლიეთილენის პარკით შეიფუთეთ. 20-30 წუთის შემდეგ თმა თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.