სანდრო ახმეტელი და თამარ წულუკიძე - წყვილი ტრაგიკული ბედით

სიყვარულის ისტორიები

20 ოქტომბერი 20:00, 2016 წელი

მას იმ ეპოქაში მოუწია ცხოვრება, როცა ადამიანებს თავისუფალი აზრისთვის სასტიკად სჯიდნენ, როცა სიყვარული და ოჯახური ბედნიერება ცრუ ბრალდებებსა და დასმენებს ეწირებოდა. დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიანო, ბრძანა ნიკო ლორთქიფანიძემ, სანდრო ახმეტელს კი ბედმა საფლავიც არ არგუნა...


ცნობილი ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო ახმეტელი 1886 წლის 14 აპრილს სოფელ ანაგაში, სამრევლო ეკლესიის დიაკვნის ვასილ ახმეტელაშვილის ოჯახში დაიბადა.
1900 წელს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. ამის შემდეგ, მისი ოჯახი საცხოვრებლად განჯაში გადავიდა და სანდრომ სწავლა განჯის გიმნაზიაში განაგრძო.
თავისუფალი აზრისთვის დევნა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოსცადა, როცა გიმნაზიიდან გარიცხეს და ოჯახმა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა მისი აღდგენა თბილისის გიმნაზიაში.
ამას 1905 წელს დაპატიმრება მოჰყვა და ისევ თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის.
თეატრით ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში დაინტერესდა. მისი სარეჟისორო დებიუტი 1910 წელს ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესის დადგმით შედგა. 1919 წელს თბილისის საოპერო სტუდიაში დადგა დიმიტრი არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“. 1920 წელს რეჟისორად გადადის „თბილისის ქართულ თეატრში“. 1923 წელს კოტე მარჯანიშვილმა „რუსთაველის სახელობის თეატრში“ მიიწვია. სანდრო ახმეტელი თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. სწორედ რუსთაველის თეატრში გაიცნო ქალი, რომელმაც მისი ტრაგიკული ხვედრი გაიზიარა. ცნობილი რეჟისორის ცხოვრებასა და სიყვარულზე სანდრო ახმეტელის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლია ვარაზანაშვილი გვიამბობს:


- 38 წელია, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმის დირექტორი ვარ. 1979 წელს დაფუძნებული მუზეუმი სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში მდებარეობს. აქ რეჟისორის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, სპექტაკლების მაკეტები, თეატრალური ესკიზები და ა.შ. როგორც ვიცი, მამაპაპისეული საცხოვრებელი სოფელს თავად რეჟისორმა გადასცა. სანდროს მამას, სამრევლო ეკლესიის დიაკვან ვასილ ახმეტელაშვილსა და დედას მარიამ ოდიშელიძეს ხუთი შვილი ჰყავდათ - ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. 1910 წლიდან ანაგაში მცხოვრები ახმეტელაშვილების უმეტესობამ და მათ შორის ვასილმაც გვარი შეიმოკლა და ახმეტელად ჩაეწერა. ეს გვარი ნიჭიერი ხალხით გამოირჩეოდა, თუმცა მათ შორის, ვასილ ახმეტელაშვილის შვილები განსაკუთრებულები იყვნენ. გამორჩეულად ტრაგიკული იყო მათი ცხოვრების გზაც, რადგან ხუთი დედმამიშვილიდან ოთხი 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა. უფროსი - ცნობილი ვეტექიმი და პროფესორი იყო და გარდაბანში მთავარ ვეტექიმად მუშაობდა. იმ პერიოდში ფერმის პირუტყვს რაღაც დაავადება გაუჩნდა და დაიხოცა. სწორედ ეს გახდა დავით ახმეტელის დახვრეტის მიზეზი. მომდევნო ვაჟი - ცნობილი ქირურგი და პროფესორი ილია ახმეტელი სანდროს საქმესთან დაკავშირებით, დაკითხვაზე დაიბარეს. დაკითხვაზე ცუდად გახდა და სახლში დაბრუნებული გარდაიცვალა. უმცროსი ძმა გიორგი სრულიად ახალგაზრდა ასაკში, ორჯერ გადაასახლეს და მეორე გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა. რეპრესიებს შეეწირა სანდრო ახმეტელიც... ცოცხალი მხოლოდ ეკატერინე გადარჩა. მან პედაგოგიური განათლება რუსეთში მიიღო და ცოლად ცნობილ ქართველ ქირურგს გრიგოლ მუხაძეს გაჰყვა.



- როგორ გაიცნეს ერთმანეთი სანდრო ახმეტელმა და თამარ წულუკიძემ?
- სანამ თამარ წულუკიძეს გაიცნობდა, სანდრო ივანე როსტომაშვილის ქალიშვილ ტასოზე იყო დაქორწინებული, რომელიც თელავის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გაიცნო. სანდროს ტასოსთან ორი ვაჟი - შალვა და ჯიმშერი ეყოლა, თუმცა ამას სწავლისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. ახმეტელი მრავალმხრივ ნიჭიერი და გამორჩეული გარეგნობის ადამიანი იყო. 1916 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მისი მრავალმხრივი ნიჭით გაოცებული შალვა ნუცუბიძე და გიორგი ციციშვილი, რომლებიც ამ დროს პეტერბურგში სწავლობდნენ, იხსენებდნენ, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე წარჩინებული სწავლის გარდა, ახმეტელი თეატრებში სიარულსა და რეცენზიების გამოქვეყნებასაც ასწრებდა. მომავალი რეჟისორი ტექნიკითაც იყო გატაცებული. იმდროინდელი „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ახმეტელმა უნივერსიტეტში სწავლის დროს აეროპლანის მოდელი შექმნა და მამადავითიდან გადმოაფრინა. არდადეგებზე ჩამოსულმა, ადგილობრივ სცენის მოყვარეებთან ერთად, სიღნაღის რაიონში სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი დადგა“. სხვათა შორის, წარმოდგენას შალვა დადიანიც ესწრებოდა. გარდა ამისა, თელავში ნიკო სულხანიშვილის გუნდში მღეროდა და ყველა ხალხურ  საკრავზე უკრავდა. რაც შეეხება თამარ წულუკიძეს, როდესაც ახმეტელმა გაიცნო, ეს ულამაზესი ქალი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. რეჟისორს თავდავიწყებით შეუყვარდა 17 წლით უმცროსი თამარი, მაგრამ მასთან ქორწინებამდე ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწია. თამარი ჯერ ახმეტელის რჩეული გახდა რუსთაველის თეატრში, შემდეგ მისი მეუღლე, თუმცა დიდხანს ერთად ყოფნა არ ეწერათ. რეჟისორი 1936 წლის 19 ნოემბერს დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს.



- ცნობილია, რომ სანდრო ახმეტელის წამება
222 დღე გრძელდებოდა. წამებისგან დაუძლურებული რეჟისორი კი, მსახიობების დასაშინებლად, რუსთაველის თეატრის წინ ღია მანქანით გაუტარებიათ, რათა ყველას ენახა, რა ელოდა ხალხის მტერსა და მავნებელს. რა ბედი ეწია ამის შემდეგ თამარ წულუკიძეს?
- თამარ წულუკიძე სანდრო ახმეტელის საქმეს დაუკავშირეს და 10 წლით გადასახლება მიუსაჯეს. ამ დროს სანდროსა და თამარის ერთადერთი შვილი, რომელიც მამის სახელს ატარებდა, მხოლოდ ექვსი წლის იყო. მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვი, რომელსაც მოფერებით სანდის ეძახდნენ, ახმეტელის დამ წაიყვანა. თამარი რაღაც პერიოდით  ჩამოვიდა გადასახლებიდან და დიდი ხნის უნახავი შვილი ნახა, მაგრამ მალე ისევ გადაასახლეს. გადასახლებაში მძიმე შრომას ეწეოდა. გაჰყავდათ ეს სუსტი, ჰაეროვანი ქალი და ხე-ტყეს აჭრევინებდნენ. ერთხელ მომიყვა, ღამე თოფს მაძლევდნენ და კარტოფილის მოსავლის ყარაულობას მაიძულებდნენ. თოფი მეჭირა და შიშისგან ვკანკალებდიო. საუბედუროდ, თამარ წულუკიძის ტრაგედია ამით არ დამთავრებულა. ქმრის შემდეგ მან ერთადერთი შვილი 16 წლის ასაკში დაკარგა.


- ეს როგორ მოხდა?
- ერთხელ, თამარ წულუკიძეს უფლება მისცეს, რომ სანდი არდადეგებზე დედასთან, კოლონიაში ჩასულიყო, მაგრამ გამგზავრების წინა დღეს ბავშვი უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ ამბობენ, რომ სანდი ტრამვაით მგზავრობდა. ტრამვაის სახელური მოძვრა, ბავშვი ბორბლებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, მუხაძეებთან წამიყვანეთო.

- თამარ წულუკიძეს შვილის დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლება თუ მისცეს?
- ჩამოსვლის ნება დართეს, გამოსამგზავრებელი თანხა პატიმარმა ქალებმა შეუგროვეს და ჩამოვიდა, მაგრამ სანდი წინა დღეს დაეკრძალათ და მკვდარიც ვერ ნახა. ერთხელ მეგობრისთვის უთქვამს, მძაგს ჩემი თავი, იმიტომ, რომ სანდის შემდეგ ცოცხალი ვარო. გადასახლებიდან ჩამოსვლის მერე თამარ წულუკიძე დოდო ალექსიძესთან, „რუსთაველის თეატრში“ მიიწვიეს. ერთ-ერთ სპექტაკლში დედის როლს ასრულებდა, რომელიც შვილს, საშას ეძებს. თამარ წულუკიძე სცენაზე გამოვიდა და ხმამაღლა დაიძახა, საშა, სად ხარ, საშაო... ამ სცენაზე დარბაზში მყოფმა ადამიანებმა ცრემლი ვერ შეიკავეს, რადგან საშას სანდრო ახმეტელს ეძახდნენ. სპექტაკლის მერე, მსახიობს ფეხზე ამდგარი დარბაზი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდა. სახლში მისულმა თამარმა კი თავის დღიურში ჩაწერა: „თუ სადმე ხარ საშა, შენი უკვდავი სული თუ სადმე აქ არის, დაე, ამ საღამომ დაგიბრუნოს ნაწილი იმისა, რაც შენგან წაიღეს და წაგართვეს სიცოცხლესთან ერთად. გაქრა და ისტორიის ფურცლებზე გადაინაცვლა ჩვენმა სიყვარულმა“.


- როგორც ვიცი, სიცოცხლის უკანასკნელი წლები თამარ წულუკიძემ საქართველოდან შორს გაატარა...
- გადასახლებაში ცხოვრების პერიოდში თამარმა ბელარუსი მწერალი ალეს პანჩევსკი გაიცნო, რომელსაც ქალი თავდავიწყებით შეუყვარდა. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ პანჩევსკიმ თამარს ცოლობა სთხოვა. ქალი თავიდან სასტიკ უარზე იყო, შვილის საფლავს ვერ დავტოვებო, მაგრამ მერე მარტოობაში ვეღარ გაძლო და 1953 წელს საცხოვრებლად მინსკში გადავიდა. პანჩევსკი ადრე გარდაიცვალა. თამარის უკანასკნელი სურვილი იყო, საქართველოში შვილის გვერდით დაესაფლავებინათ. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლა აღარ ეღირსა და ღრმად მოხუცი, 1991 წლის თებერვალში მინსკში გარდაიცვალა. თეატრმცოდნე ნათელა არველაძემ, რომელსაც სანდრო ახმეტელის ოჯახთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, როგორც კი თამარ წულუკიძის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, თეატრალურ საზოგადოებას გააგებინა და ერთობლივი ძალებით, გარდაცვლილის ფერფლი ჩამოსვენეს. თამარ წულუკიძე ვაკის სასაფლაოზე შვილის, სანდის გვერდით დაკრძალეს. ასე დამთავრდა სანდრო ახმეტელისა და თამარ წულუკიძის სიყვარულისა და სევდიანი ცხოვრების ისტორია.


1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე ახმეტელისა და მისი მეუღლის თამარ წულუკიძე-ახმეტელის რეაბილიტაცია მოახდინა.
რაც შეეხება ცნობილი რეჟისორის საფლავს, მისი ადგილმდებარეობა უცნობია. 2011 წლის 21 სექტემბერს მთაწმინდის პანთეონში გაიხსნა 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალი. მემორიალზე, ვახტანგ კოტეტიშვილის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელებთან ერთად, სანდრო ახმეტელის სახელიცაა აღბეჭდილი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?