ბარბარა ბრილსკა - ბედის ირონია ქალისა, რომელიც საბჭოთა კავშირს ერთ ღამეში შეუყვარდა!

სიყვარულის ისტორიები
24.12.2016 12:00
1508

როცა ელდარ რიაზანოვმა თავის უკვდავ საახალწლო კომედიაში „ბედის ირონია ანუ გაამოთ“ ნადიას როლზე პოლონელი მსახიობი ბარბარა ბრილსკა დაამტკიცა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რამდენ პრობლემას იქმნიდა. ეს ულამაზესი ქალი დიდი ხნის განმავლობაში თვითმკვლელობის ზღვარზე ცხოვრობდა...

ბარბარა პოლონეთში, ქალაქ ლოძის მახლობლად მდებარე დაბა სკოტნიკებში დაიბადა. გოგონას მამა უბრალო მუშა იყო, დედა - მკერავი.
ბარბარა ბავშვობიდან საოცრად ლამაზი იყო და იდეალური ფიგურა ჰქონდა, თუმცა საკუთარ თავს მეტისმეტად გამხდრად მიიჩნევდა და ამის გამო ხალხში გამოჩენას ერიდებოდა.  
გოგონა 15 წლის იყო, როცა მის სკოლაში კონემატოგრაფისტები მივიდნენ. ისინი მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ ფილმისთვის „ბედნიერების კალოში“ . სკოლაში ბევრი ლამაზი გოგონა აღმოჩნდა, მაგამ რეჟისორს ყველაზე მეტად გრძელფეხება, გამხდარი და ზედმეტად მორიდებული გოგონა მოეწონა. ასე დაიწყო ბარბარას კინოკარიერა.

პირველივე ეპიზოდური როლის შემდეგ, მსახიობობა მტკიცედ გადაწყვიტა. თმები ფრანგი მსახიობის ბრიჟიტ ბარდოს მსგავსად შეიჭრა და ცდილობდა, ყველაფრით მას დამსგავსებოდა, თუმცა რეჟისორებისგან ახალ შემოთავაზებები არ ჩანდა და გოგონა სულიერი კრიზისიც კი დაეწყო.
სწორედ ამ დროს 17 წლის ბარბარას ცხოვრებაში 23 წლის მათემატიკოსი იან ბოროვეცი გამოჩნდა.
ბარბარა, თავის კლასთან და მასწავლებელთან ერთად, კრაკოვში ექსკურსიაზე მიდიოდა, როცა მატარებელში ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი შენიშნა. ბარბარას მასწავლებელმა  დაინახა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა გოგონას თავისი საკონტაქტო ნომერი გადასცა. მამაკაცი კარგად გამოლანძღა და მთელი გზის მანძილზე ბარბარასთვის თვალი აღარ მოუცილებია, მაგრამ უკვე გვიან იყო... გოგონა უკვე შეყვარებული გახლდათ ბოროვეცზე.

 

სკოლა დაამთავრა თუ არა, ბარბარამ  ვარშავის თეატრალურ სტუდიაში ჩააბარა და იან ბოროვეცს ცოლად გაჰყვა. თავისუფლების მოყვარე გოგონას ქორწინება მშობლების მეთვალყურეობიდან თავის დაღწევის საშუალებად მიაჩნდა და ფიქრობდა, რომ ამიერიდან იმას გააკეთებდა, რაც სურდა, მაგრამ ამაოდ. ძალიან მალე ქმარმა მას თეატრალური სტუდიის დატოვება მოსთხოვა. თავიდან, იანზე „ყურებამდე შეყვარებული“ გოგონა ქმრის ყველა მოთხოვნას უსიტყვოდ დათანხმდა, თუმცა შინა პატიმრობას დიდხანს ვერ გაუძლო და ერთი წლის შემდეგ თეატრალურ სტუდიაში დაბრუნდა.

სამზარეულოდან გამოღწევის შემდეგ, ბარბარა „თავით გადაეშვა“ გადაღებებსა და სასიყვარულო რომანებში.
პირველი რომანი 1966 წელს გამოსულ ფილმ „ფარაონში“ თავის პარტნიორ ეჟი ზელნიკთან ჰქონდა. ეს ერთადერთი ფილმია, სადაც ბარბარა ინტიმურ სცენებში მონაწილეობს. მომავალში მსახიობი ყველანაირად ცდილობდა, ასეთი სცენებისთვის თავი აერიდებინა. რა თქმა უნდა, მთავარი როლის შემსრულებლების რომანის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ამიტომ ფილმის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მისი ეკრანებზე გამოჩენამდე გაჩნდა.
ბარბარას ქმარმა ცოლის ღალატის შესახებ გაიგო, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. ამასობაში, „ფარაონი“ ეკრანზე გავიდა და ულამაზესმა ბარბარამ მთელი მსოფლიოს მამაკაცები ჭკუიდან გადაიყვანა.
ზელნიკთან ბარბარას რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მექალთანე მსახიობმა ბრილსკა მალე მიატოვა, თუმცა ქალს დეპრესიისთვის აღარ ეცალა. „ფარაონის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მსახიობად იქცა. ბარბარას მონაწილეობა ფილმის წარმატების გარანტი იყო, ამიტომ რეჟისორები ერთმანეთს ასწრებდნენ, რომ ბრილსკა თავის ფილმში დაეკავებინათ.

რა თქმა უნდა, რომანების გარეშე არც სხვა ფილმებს ჩაუვლია. ფილმის „თეთრი მგლები“ გადაღების დროს, ბარბარას იუგოსლაველი მსახიობი სლობოდან დმიტრიევიჩი შეუყვარდა. ქმარს გაშორდა და დმიტრიევიჩთან სასიყვარულო ურთიერთობებში „თავით გადაეშვა“. მსახიობმა მას ხელი სთხოვა, მხოლოდ ერთი პირობით - კინოს მთლიანად უნდა ჩამოსცილებოდა. ბარბარა ამჯერადაც მზად იყო, საყვარელი მამაკაცისთვის მსხვერპლზე წასულიყო, მაგრამ სასიძოს მშობლებს საეჭვო რეპუტაციის მქონე, ქმარს გაცილებული მსახიობი კატეგორიულად არ მოწონდათ და შვილს სხვა საცოლე შეურჩიეს. როცა სლობოდანმა ნიშნობა გადადო, ბარბარა მიხვდა, რომ ყველაფერი დასრულდა და ვარშავაში დაბრუნდა. 

დეპრესიიდან გამოსაყვანად მეგობრებმა ბარბარას ექიმი-გინეკოლოგი ლუდვიგ კოსმალი გააცნეს. ლუდვიგმა მსახიობს ძალიან სწრაფად სთხოვა ხელი და ბარბარაც დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ბარბარამ და ლუდვიგმა ერთად 18 წელი იცხოვრეს,  უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი ბედნიერი არ აღმოჩნდა. ლუდვიგს მძიმე ხასიათი ჰქონდა და ცოლს ლამის თაფლობის თვეებიდანვე ღალატობდა, მაგრამ მსახიობს ქმრის მიტოვება არ შეძლო.
პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ რაც უფრო ნაკლებად უყვარდა ქმარს, მით მეტად უფრთხილდებოდა ქალი ამ ურთიერთობას. დიახ, ეს მტკივნეული სიყვარული იყო...
ბარბარამ გადაწყვიტა, რომ ლუდვიგსაც ისევე უნდა ეეჭვიანა, როგორც თავად ეჭვიანობდა, ამიტომ 1972 წელს შიშველ სცენებში გადაღებას დათანხმდა ეროტიკულ ფილმში „სიყვარულის ანატომია“.  პარტნიორთან კონტაქტი რომ მინიმუმამდე შეემცირებინა, ბარბარამ მას ინტიმურ სცენებში გამჭვირვალე წინდების ჩაცმა სთხოვა.  ყველა ხედავდა, რომ ქალს საშინლად არ მოეწონა ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა, მაგრამ მან ზუსტად იცოდა, რომ ამას ლუდვიგის ჯიბრზე აკეთებდა.

70-იან წლებში ევროპულ კინოში სექსუალური რევოლუცია იწყებოდა. შიშველი ქალისა და მამაკაცის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ეკრანებზე გამოსვლას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა. ფილმი არა მარტო სკანდალური, არამედ ყველაზე უხვშემოსავლიანი გამოდგა. კინოთეატრების სალაროებთან უზარმაზარი რიგები იდგა.
ბარბარამ, რომელიც ქვეყნის სექს-სიმბოლოდ იქცა, საკუთარი ქმრის ყურადღება ისევ დაიმსახურა და 31 წლის ასაკში გოგონას დედა გახდა, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. ქმარმა ბარბარა ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ახალშობილის მამა ბარბარას პარტნიორი „ანატომიიდან“, მსახიობი იან ნოვიცკი იყო.
ბარბარას თავი რომ ემართლებინა, დამამცირებელი პროცედურის გავლა და ბავშვის ჩასახვის ზუსტი დღის გამოთვლა მოუწია. შერიგების ნიშნად, ლუდვიგმა გოგონას დედის სახელი - ბარბარა დაარქვა და ძველებური ცხოვრება გააგრძელა.
პოლონეთის ყველაზე სასურველ ქალს  ქმრის ღალატი აღარ აღელვებდა და, ფაქტობრივად, მის გარდა ვერავის და ვერაფერს ხედავდა, თუმცა ყველაფერი მოსკოვიდან განხორციელებულმა სატელეფონო ზარმა შეცვალა. რეჟისორი ელდარ რიაზანოვი დაუჯერებელი საახალწლო ისტორიისთვის საბჭოთა მაყურებლისთვის უცნობ, ახალ სახეს ეძებდა და ბარბარას მთავარი როლი შესთავაზა ფილმში „ბედის ირონია ანუ გაამოთ“.
მსახიობი მიხვდა, რომ მისთვის ეს საკუთარი თავისგან გაქცევის შანსი იყო და დაუფიქრებლად დათანხმდა.
ნადიას როლზე ბარბარას ერთადერთი კონკურენტი - ალისა ფრეინდლიხი ჰყავდა.
ალისა, რა თქმა უნდა, მშვენიერი იყო, მაგრამ არა იმდენად, რომ ერთ ღამეში მამაკაცის ცხოვრება მთლიანად შეეცვალა.

როცა ბარბარას ნადიას როლზე  ამტკიცებდა, რიაზანოვი ვერაფრით წარმოიდგენდა, რამდენ პრობლემას იქმნიდა. ბარბარა ბრილსკას არაფერი ჰქონდა საერთო ნაზი და მგრძნობიარე ნადია შეველიოვას სახესთან. ამაყი პოლონელი ქალი ყველანაირად გაურბოდა ეკრანულ პარტნიორებთან ურთიერთობას, თითქოს საკუთარ თავს პირადი ცხოვრებისთვის ინახავდა. თავიდან მან უარი განაცხადა იპოლიტეს როლის შემსრულებელ იური იაკოვლევის კოცნაზე; შემდეგ არ მოეწონა სადღესასწაულო კაბა, რომელიც ფილმში უნდა ცმოდა... 
მალე მთელი გადამღები ჯგუფი პოლონელი მსახიობის საშინელ ხასიათზე ჩიოდა, თუმცა 1975 წლის 31 დეკემბერს ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ბარბარა 250-მილიონიან საბჭოთა კავშირს ერთ ღამეში შეუყვარდა.
იმ დროს, როცა საშუალო ხელფასი 120 მანეთი იყო, ბარბარა პირველი უცხოელი მსახიობი გახდა, რომელმაც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ჯილდო - 10 000 მანეთი მიიღო. მოგვიანებით, პოლონეთის მთავრობამ მსახიობს ქვეყანაში საბჭოთა ფულის შეტანა აუკრძალა და ის იძულებული იყო, უზარმაზარი თანხა მოსკოვშივე დაეხარჯა.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი სავაჭრო პროდუქციის მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა, მსახიობი იძულებული იყო, ათობით შეკვრა სარეცხის ფხვნილი, ელექტროსაქონელი, სუვენირები და საჩუქრები შეეძინა.
მაგრამ ამით პოლონეთისგან ბრილსკას დევნა არ დასრულებულა - სამშობლოში ის წამყვანი მსახიობების სიიდან ამოშალეს და  მისი გადაღებებზე მიწვევა შეწყვიტეს.  
კინოში შექმნილი პრობლემების პარალელურად, ბარბარას პრობლემები პირად ცხოვრებაშიც შეექმნა. მილიონობით მამაკაცისთვის სასურველი ქალით ქმარი არ ინტერესდებოდა. გამუდმებით მთვრალი, აგრესიული და მოღალატე ლუდვიგი შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რომ ბარბარა დაემცირებინა, მაგრამ როცა ქალმა, ბოლოს და ბოლოს, მისგან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ისევ ფეხმძიმედ იყო. ქმარს მეტი შვილი არ სურდა, მაგრამ 42 წლის ბარბარამ ვაჟი მაინც  გააჩინა.
რა თქმა უნდა, შვილებმა დასანგრევად განწირული ოჯახის გადარჩენა ვერ შეძლეს. ერთ დღეს, თავისი ყოფის მთელი საშინელება რომ გააცნობიერა, ქალმა ქმრისგან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

გამუდმებული გადაღებებისა და ბობოქარი პირადი ცხოვრების  გამო, მსახიობი შვილებისთვის თითქმის ვერ იცლიდა - ისინი თითქოს პარალელურ სამყაროში ცხოვრობდნენ. 13 წლის ლუდვიგი სკოლაში დადიოდა და მასზე 22 წლის ბასია ზრუნავდა.
გოგონა, რომელსაც დედისგან მემკვიდრეობით გასაოცარი სილამაზე ერგო, მოდელის კარიერას გაჰყვა. მას საფრანგეთის, ამერიკის და იაპონიის პოდიუმებზე იწვევდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ერთხელ უბედურება მოხდა -  უმცროსი ბარბარა და მისი მეგობარი, ცნობილი პოლონელი რეჟისორის შვილი გადასასვლელზე მთვრალმა მძღოლმა გაიტანა. ვაჟს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდა, როცა გოგონამ უმძიმესი ტრამვები მიიღო. ზუსტად ერთი თვის შემდეგ ბასია ისევ იმ ვაჟთან ერთად მოჰყვა ავარიაში. ამჟამად ვაჟი თავად მართავდა მანქანას და საჭეს დამორჩილება ვერ შეძლო. ის ისევ ტრამვების გარეშე გადარჩა, ბასია კი ადგილზე დაიღუპა.

შვილის ტრაგედიამ  ბარბარა რეალობაში დააბრუნა. ის თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ თავად ცოცხალი დარჩა.
ბარბარა სამი წლის განმავლობაში, გარეთ არ გასულა და ტკივილი რომ ჩაეხშო, ალკოჰოლს მიეძალა. სწორედ ამ დროს, სასოწარკვეთილებაში მყოფმა, თავის მოკვლა სცადა. დედის დასაცავად მისმა 13 წლის შვილმა სახლიდან ყველა ბასრი საგანი, თოკები და ქამრები გაიტანა და ნაგავში გადაყარა.
ბოლოს და ბოლოს, როცა დედის დეპრესია აუტანელი გახდა, ბიჭი სახლიდან გაიქცა. ბარბარა მიხვდა, რომ ცხოვრება უნდა გააგრძელოს. შვილს დაურეკა და პატიება და სახლში დაბრუნება სთხოვა.
ძალიან მალე მატერიალურმა პრობლემებმა პროფესიაში დაბრუნება აიძულა, რადგან მიზერული პენსია მხოლოდ ყველაზე აუცილებელი საჭიროებისთვის ყოფნიდა. მსახიობის პენსიის ოდენობაზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია იმ ფაქტს, რომ 70-ზე მეტ ფილმში გადაიღეს და მხოლოდ ერთმა „ფარაონმა“ პოლონეთს 80 მილიონი დოლარი მოუტანა.
ვერც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიამ  და ვერც „ბედის ირონიის“ გადაღების ადგილზე, ვერნადსკის 125-ში დადგმულმა მემორიალურმა დაფამ მოუტანეს მას უზრუნველი ცხოვრება. 
ამჟამად ბარბარა მოწვევებს იღებს ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. მას მკაცრი და მომთხოვნი პროფესიონალის იმიჯი აქვს, რომელიც საკუთარ თავს ავადმყოფობის და დაგვიანების უფლებას არ აძლევს და ყოველთვის სწავლობს იმ ქვეყნის ენას, სადაც ფილმში იღებენ. მსახიობი ყველას და ყოველთვის თავის წესებს კარნახობს. კოსტიუმები და გრიმი მხოლოდ მასთან შეთანხმებით მტკიცდება.
პროფესიაში პირდაპირი და პრინციპული ბარბარა ბრილსკა პირად ცხოვრებაში კვლავაც მომხიბვლელი ქალი, მოსიყვარულე დედა და ბებია რჩება.

ავტორი: ნელი თორდია