ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა - სცენაზე დაწყებული ნახევარსაუკუნოვანი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

4 თებერვალი 12:00
84

ქართული თეატრის ორი მშვენება ერთმანეთს ილიასა და აკაკის აღდგენილ პროფესიულ ქართულ თეატრში შეხვდა და ერთად თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა... თუმცა ამ შეხვედრამდე ორივემ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა.

მარიამ (მაკო) საფაროვა 1860 წელს, თელავში, ღარიბი აზნაურის ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს კიდევ ოთხი შვილი ჰყავდათ სარჩენი, ამიტომ სამი წლის ასაკში მაკო აღსაზრდელად დიდედა ნინომ წაიყვანა.
ნინო კახეთის მდიდარი და გავლენიანი მემამულის სოლომონ ჭავჭავაძის მეორე ცოლი გახლდათ. პატარა მაკო უზრუნველად, მოახლეებისა და მსახურების გარემოცვაში გაიზარდა.
7 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. დიდედამ 15 წლის ობლად დარჩენილი გოგონას ასაკოვან მოხელეზე გათხოვება დაუპირა, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას წააწყდა, რომ განზრახვაზე უარის თქმა მოუწია.
მალე დიდედას ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და მაკოსთვის ახალი ცხოვრება დაიწყო. სოლომონის ოჯახს იმდროინდელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები: აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, გიორგი მესხი და სხვანი სტუმრობდნენ.
ბავშვობიდან სასცენო მოღვაწეობით გატაცებული გოგონა დიდედას სახლში მოწყობილ საღამოებზე სტუმრებს თავისი არტისტული ნიჭით აოცებდა.
მაკოს მონაცემები პირველად აკაკი წერეთელმა და რაფიელ ერისთავმა შენიშნეს და მაკოს თეატრში წაყვანის იდეაც გაუჩნდათ, მაგრამ მაკოს დიდედასა და დეიდებს ამის გაგონებაც არ სურდათ - ქალის, თანაც გასათხოვარის,  სცენაზე დადგომა იმ დროს უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა. „ახალგაზრდა ქალს სახელი გაუტყდება და პატრონი არ ეყოლებაო“, - ამბობდა მაკოს დიდედა, თუმცა აკაკიმ მისი დაყოლიება მოახერხა.

მაკომ სასცენო მოღვაწეობა 1879 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის მიერ განახლებულ ქართულ პროფესიულ თეატრში დაიწყო. წარმატებული დებიუტისა და მქუხარე აპლოდისმენტების შემდეგ, გოგონა სცენით საბოლოოდ დაავადდა.
ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის“ ,- წერდა ილია ჭავჭავაძე მაკო საფაროვაზე თავის „ივერიაში“.

ვასო აბაშიძე ილიასა და აკაკის აღდგენილი თეატრის პირველი დასის წევრი იყო და მის სახელს ქართული თეატრის აღორძინება უკავშირდება.
ვასომ სასცენო მოღვაწეობა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წრეში დაიწყო და პირველი ქართველი მსახიობი გახდა, რომელსაც რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მან სხვადასხვა სცენაზე 500-მდე პერსონაჟის სახე შექმნა. ხელოვნებათმცოდნე ილია ზურაბაშვილი ვასო აბაშიძეს ასე აღწერდა: „არტისტული გარეგნობა ჰქონდა: შუა ტანისაზე ოდნავ დაბალი, თხელ-თხელი ახალგაზრდობაში, ზომიერად ხორცსავსე შუაკაცობაში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც მისი შემოქმედება გაიშალა. მოძრაობა სხარტი, ენერგიული, უპოზიორო სახე საკვირვლად მეტყველი – სახის კუნთების სისტემა მეტისმეტად მოძრავი და მოქნილი. შავი მოელვარე თვალები, საკმაოდ მოდიდო, კაუჭა ცხვირი და მტკიცე ნიკაპი. ეს ცხვირი და ეს ნიკაპი ენერგიით მოსავდნენ მის საერთო ნერვიულ სახეს. ინტონაცია უმდიდრესი, ჟესტი - საკვირვლად გამომეტყველი. ერთბაშად ისე გაიზრდებოდა ფულით მდიდარი, სულით ღარიბი ადამიანის მედიდურობის დროს, გეგონებოდათ, ოჩოფეხზე შედგაო, ან უეცრად ისე დაპატარავდებოდა, კაკლის ნაჭუჭში მოთავსდებოდა“.

1979 წლის 5 სექტემბერს თეატრში პირველი სეზონი გაიხსნა და პირველ სპექტაკლებში, სცენაზე ვასო აბაშიძე და მაკო საფაროვა ერთად დადგნენ.  გოგონა მხოლოდ 19 წლის იყო, ვასო კი მასზე 6 წლით უფროსი გახლდათ. ერთხანს ვასო ბავშვსაც კი ეძახდა და დაცინვით უყურებდა, მაგრამ ირონია მალე დიდმა გრძნობამ შეცვალა. დასში ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ვასო ლამაზი და ნიჭიერი გოგონას მიმართ გულგრილი არ იყო. ვასოს მიმართ არც მაკო იყო გულგრილი, თუმცა ოჯახის შექმნის წინადადებას ყოველთვის სასტიკი უარით პასუხობდა.

ერთხელ, დასი წარმოდგენის გასამართად, გორში გაემგზავრა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ვასო მაკოს აედევნა და კვლავ ხელი სთხოვა. მორიგი უარი მოისმინა, ქალს გამოემშვიდობა და ქალის შეშინებისა თუ, მართლაც, დახრჩობის მიზნით, მტკვრისკენ გაემართა. ამ დღეს ვასო აბაშიძემ მაკოსგან ქორწინებაზე თანხმობა მიიღო.

1879 წელს ვასო აბაშიძე ქართული სცენის მშვენებაზე დაქორწინდა. 1881 წლის 29 მარტს ქვეყანას ანასტასია (ტასო) აბაშიძე შეეძინა, რომელმაც მშობლების პროფესია აირჩია და ცნობილი მსახიობი გახდა.

ვასო აბაშიძემ აღიარებამდე რთული და ეკლიანი გზა გაიარა.
ცოლ-შვილის სარჩენად, ერთხანს იძულებული გახდა, სცენას ჩამოშორებოდა და რკინიგზაზე ემუშავა, თუმცა თეატრის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა.
მისი გმირთა გალერია 500-მდე სხვადასხვა როლს მოიცავს: კუმუხტი, ტრდატოვი, დაბაღოვი (გ. ერისთავის „დავა“, „გაყრა“, „ძუნწი“), ავეტიკა, აკოფა, მაზუთიანი, გასპარა, ოსეფა, გრიქულა (ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), საქო (გედევანიშვილის „მსხვერპლი“), ფამუსოვი (გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), ხლესტაკოვი (გოგოლის „რევიზორი“), ფიგარო (ბომარშეს „სევილიელი დალაქი) და მრავალი სხვა.

ილია ჭავჭავაძე ვასო აბაშიძის მსახიობურ ნიჭს ასე ახასიათებდა: „დაჰღალა მაყურებელი სიცილითა. არ გაგონილა ამისთანა კომიკი, როგორიც ბ-ნი აბაშიძეა, როცა თავის როლშია და გუნებაზედაც არის. ნამდვილი არტისტია… ყოველს მოქმედ პირს, თუკი მისი შესაფერისი როლისაა, განასახოვნებს ხოლმე და „ტიპად“ გარდააქცევს… უყურებთ  აბაშიძეს სცენაზედ და ჰფიქრობთ, რა ვქნა, ამისთანა კაცი სადღაც მინახავსო და არ მაგონდება, სადა და ვინ არისო“.
ვასო აბაშიძე 72 წლის ასაკში, 1926 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. მსახიობის თანამედროვეები იხსენებენ, რომ ბოლო დღეებში, მძიმე ავადმყოფიც კი არ იშლიდა სიცილსა და მხიარულებას.
ვასო აბაშიძე მთაწმინდის პანთეონში, აკაკი წერეთლის გვერდით დაკრძალეს.


მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მაკო საფაროვამ კიდევ 14 წელი იცოცხლა. ამბობენ, რომ მშვენიერ მაკოს თაყვანისმცემლები დაქვრივების შემდეგაც არ აკლდა - რამდენიმე ცნობილი ადამიანი ფარულად ეტრფოდა, ზოგიერთები კი საკუთარ გრძნობებზე საუბარს ხმამაღლაც არ ერიდებოდნენ, თუმცა იყო თუ არა მის ცხოვრებაში ვასო აბაშიძის შემდეგ სხვა მამაკაცი, უცნობია. სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მაკოს ყურის ანთება დაემართა, სმენა დაუქვეითდა და იძულებული გახდა, სცენისთვის თავი დაენებებინა.
საქართველოს სახალხო არტისტი მაკო საფაროვა-აბაშიძე 1940 წლის 25 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.  

1947 წელს თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრს უპირველესი ქართველი კომიკოსის ვასო აბაშიძის სახელი მიენიჭა.