თეოდორ დოსტოევსკი - მისი ცხოვრების ქალები და უკანასკნელი სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

11 თებერვალი 12:00, 2017 წელი

„ძალიან ახალგაზრდა და კარგი გამომეტყველების ოცი წლის ქალი, უიშვიათესი გულით... ვამჩნევდი, რომ ჩემს სტენოგრაფისტს გულწრფელად ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არ გამომტყდომია“, - წერდა თეოდორ დოსტოევსკი ქალზე, რომელიც მისი ცხოვრების უკანასკნელი სიყვარული გახდა. სწორედ ანა სნიტკინას გვერდით დაწერა დოსტოევსკიმ „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“... 

ანა სნიტკინასთან შეხვედრამდე დოსტოევსკიმ რთული  და იმედგაცრუებით სავსე გზა განვლო.
მის ცხოვრებაში იყვნენ ქალები, რომლებსაც არ შეეძლოთ, მწერლისთვის სიყვარული მიენიჭებინათ.

რუსი რომანისტი, მწერალი და ესსეისტი თეოდორ დოსტოევსკი ექიმის ოჯახში დაიბადა. 1843 წელს, პეტერბურგის სამხედრო-საინჟინრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ერთხანს, საინჟინრო დეპარტამენტში იმუშავა.
1846 წელს გამოქვეყნებულმა პირველივე ნაწარმოებმა, „საბრალო ადამიანები“, სახელი გაუთქვა. ამას მოჰყვა „ორეული“, „თეთრი ღამეები“, „ნეტოჩკა ნეზვანნაია“ და ა.შ.


ბატონყმურ რუსეთში გაბატონებულმა სოციალურმა უსამართლობამ მწერალს 1847 წელს პეტრაშეველთა რევოლუციურ წრეში შესვლისკენ უბიძგა, რასაც მალე მისი დაპატიმრება და სასიკვდილო განაჩენი მოჰყვა.
განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მწერალს სიკვდილით დასჯა კატორღით შეუცვალეს და ციმბირში გადაასახლეს.
დოსტოევსკიმ ცენტრალურ რუსეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ 1859 წელს მიიღო.

კატორღიდან განთავისუფლებული მწერალი 1854 წელს სტეპში ჩაკარგულ პატარა ქალაქ სემიპალატინსკში ჩავიდა, რომელიც მოსაწყენი ადამიანებით იყო სავსე. რომ არა უეცრად მოსული სიყვარული, თეოდორს ცხოვრება საინტერესოს არაფერს ჰპირდებოდა.



მისი ინტერესის ობიექტი ნაცნობის ცოლი - სიყვარულსა და წარმატებას მონატრებული ქალი მარია ისაევა გახდა. 
შეძლებული პოლკოვნიკის ოჯახში გაზრდილი მარია წარუმატებლად გათხოვდა ჩინოვნიკზე, რომელიც საბოლოოდ, ალკოჰოლიკი აღმოჩნდა.
მარიას ქმარი ერთმანეთის მიყოლებით კარგავდა თანამდებობებს, სამსახურებს და საბოლოოდ, ოჯახი სემიპალატინსკში აღმოჩნდა.
ზღაპრულ პრინცებსა და ბალ-მასკარადებზე მეოცნებე ქალი სასტიკ რეალობას გაურბოდა. როგორც კი დოსტოევსკის ანთებული თვალები და ვნებიანი მზერა შენიშნა, მარია მიხვდა, რომ ეს მისი უკანასკნელი შანსი იყო...
 ისაევას ქმარი 1855 წლის აგვისტოში გარდაიცვალა. პრაგმატულად მოაზროვნე ქალს, რომელსაც მოზარდი ვაჟი და ქმრის დასაფლავების შემდეგ დარჩენილი ვალები ჰქონდა, ბევრი არ უფიქრია და მწერლის შეთავაზებას დასთანხმდა.
ისინი 1857 წლის 6 თებერვალს დაქორწინდნენ, მაგრამ წყვილის ურთიერთობამ აჩვენა, რომ ქალის მხრიდან უფრო სიბრალული და თანაგრძნობა ჭარბობდა. სიყვარული კი, რომელსაც მარტოობით დაღლილი მწერალი ელოდა, მარიასთან არასოდეს ღირსებია.

1860 წელს დოსტოევსკიმ, მეგობრების დახმარებით, პეტერბურგში დაბრუნების ნებართვა მიიღო. პეტერბურგში დაბრუნებულმა მწერალმა შენიშნა, რომ 40-იანი წლების შემდეგ, ყველაფერი შეცვლილიყო. ხელოვანი ადამიანების უმეტესობა გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემით იყო დაკავებული. 1861 წლის იანვარში თეოდორმა, ძმასთან ერთად, ყოველთვიური „ვრემიას“ გამოცემა დაიწყო.
სიხარულის მიუხედავად, რომელსაც ახალი საქმე ანიჭებდა, მისი დასუსტებული ორიგანიზმი დაძაბული ცხოვრების რიტმს ძლივს უმკლავდებოდა.
მარიასთვის აუტანელი აღმოჩნდა ქმრის ეპილეფსიური შეტევების გამკლავება. ამ პერიოდს მწერალი ასე აღწერს: „მისი უცნაური, ეჭვიანი და წარმოსახვითი ხასიათის წყალობით, ჩვენ ერთად ბედნიერნი არ ვიყავით, მაგრამ უძლურნი ვიყავით, ჩაგვეცხრო ერთურთის სიყვარული. უცნაურია, მაგრამ რაც უფრო მეტად უბედურნი ვხდებოდით, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად იზრდებოდა“.
მარიასგან გამუდმებული ჩხუბი და შეხსენება, რომ მის გარეშე უფრო ბედნიერი იყო, აუტანელი ხდებოდა, ამიტომ ცოლ-ქმარი, ძირითადად, ცალ-ცალკე ცხოვრობდა.

1858 წელს მწერალმა მსახიობ ალექსანდრა შუბერტთან ხანმოკლე რომანი გააბა.


შემდეგ ახალგაზრდა აპოლინარია სუსლოვას შეხვდა და ამ ქალმა მწერალში თითქოს სამუდამოდ მიძინებული გრძნობები გააღვიძა.
ნაცნობობა ძალიან ბანალურად შედგა - სუსლოვამ ჟურნალში მოთხრობა მიიტანა, რომელიც დოსტოევსკის მოეწონა და ავტორთან გასაუბრება მოუნდა. მალე ასეთი შეხვედრები მწერლისთვის მოთხოვნილებად იქცა და მიხვდა, რომ პოლინას გარეშე ვეღარ ძლებდა.

რთული წარმოსადგენია იმაზე შეუფერებელი წყვილი, ვიდრე დოსტოევსკი და სუსლოვა იყვნენ - ქალი რევოლუციური იდეებით დაინტერესებული ფემინისტი, კაცი კი მამაკაცის უპირატესობაში დარწმუნებული კონსერვატორი და მონარქიის მხარდამჭერი.
მიუხედავად ამისა, პოლინა დოსტოევსკით მალე მოიხიბლა. ქალის თვალში, ციმბირში ყოფნის წლები და რეჟიმის მსხვერპლად ყოფნა მწერალს რომანტიზმსა და შარმს მატებდა, თუმცა მალე იმედგაცრუების დრო დადგა - ძლიერი პიროვნების ნაცვლად, პოლინას ხელში მონათესავე სულის მაძიებელი მორცხვი, ავადმყოფი და მარტოსული ადამიანი შერჩა.

საბოლოოდ, დოსტოევსკიმ პოლინას ევროპაში გამგზავრება შესთავაზა, სადაც მათ გრძნობებს ხელს ვერავინ შეუშლიდა, მაგრამ ჟურნალ „ვრემიასთან“ დაკავშირებულმა პრობლემებმა და ცოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ, ქალთან ერთად გამგზავრების საშუალება არ მისცა. დოსტოევსკიმ პოლინა დაარწმუნა, რომ ევროპაში მარტო გამგზავრებულიყო და პრობლემების მოგვარების შემდეგ, თავადაც მასთან გაჩნდებოდა, მაგრამ პირობა მხოლოდ მაშინ შეასრულა, როცა საყვარელმა ევროპიდან წერილების წერა შეწყვიტა.

1863 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე დოსტოევსკიმ დასავლეთ ევროპაში მოგზაურობა მოაწყო. სანამ საყვარელთან ჩავიდოდა, ვისბადენსა და ბადენ-ბადენში აზარტული თამაშებით გაერთო და მთელი დანაზოგი ერთიანად დაკარგა. სრული გაკოტრებისგან მწერალი ახლობლებისა და მეგობრების დახმარებამ გადაარჩინა. პარიზში ჩასულს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - ბარათი, რომელიც პოლინამ მწერლის ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე დატოვა: „რამდენიმე დღის წინ შენთან ერთად იტალიაში წასვლაზე ვოცნებობდი, მაგრამ ამ რამდენიმე დღემ ყველაფერი შეცვალა. გახსოვს, ამბობდი, დიდი დრო მჭირდება იმისთვის, რათა ადამიანს გული ვაჩუქოო. მე კი ერთ კვირაში, პირველივე დაძახილზე ვაჩუქე უბრძოლველად, როცა დარწმუნებულიც არ ვიყავი, რომ ვუყვარვარ. მშვიდობით საყვარელო“. - ამოიკითხა ბარათში მწერალმა.

პოლინას ესპანელ სტუდენტ სალვადორთან რომანი არ აეწყო. რამდენიმეკვირიანი ურთიერთობის შემდეგ ყმაწვილმა ის მიატოვა.
დოსტოევსკი პოლინას სასიყვარულო განცდების უნებლიე მოწმე გახდა.
ქალი ღამენათევ მწერალს დილის შვიდ საათზე ლოგინიდან აყენებდა და სალვადორთან დაკავშირებულ ეჭვებსა და იმედებზე უყვებოდა. შემდეგ კი პარიზის ქუჩებში სალვადორის საძებნელად მიჰყავდა.
„პოლინა ეგოისტი. მისი ეგოიზმი და პატივმოყვარეობა უზარმაზარია. ის ყველასგან ყველაფერს ითხოვს, ყველაფერს სრულყოფილს და არ პატიობს ოდნავ ნაკლსაც კი მრავალი ღირსების გვერდით, რაც კი შეიძლება სხვას ჰქონდეს. მე ის ჯერ კიდევ მიყვარს, მაგრამ არ მინდა მიყვარდეს. ის ამ სიყვარულს არ იმსახურებს“, - წერდა დოსტოევსკი სუსლოვას დას.

1864 წელი დოსტოევსკის ცხოვრებაში უმძიმესი გამოდგა - ერთმანეთის მიყოლებით გარდაიცვალნენ მწერლის მეუღლე მარია და ძმა მიხეილი. დოსტოევსკი თავისი გერისა და ძმის ოჯახების ერთადერთ პატრონად იქცა.


სწორედ ამ დროს, დოსტოევსკის ცხოვრებაში გამოჩნდა ცნობილი პეტერბურგელი გამომცემელი სტელოვსკი, რომელმაც მისი სამტომიანი კრებულის გამოცემაში სამი ათასი მანეთი შესთავაზა.
მწერლის დამატებითი ვალდებულება კიდევ ერთი ახალი რომანის შექმნა იყო, რომლის ხელნაწერი 1866 წლის 1-ელ ნოემბრამდე უნდა ჩაებარებინა.
მწერალი პირობებს დასთანხმდა, თუმცა ოქტომბრის დასაწყისისთვის მომავალი რომანის ერთი ფურცელიც კი არ ჰქონდა დაწერილი.
მწერალი მიხვდა, რომ ვადებში ვერ ეტეოდა, ამიტომ გადაწყვიტა, მბეჭდავი ქალის დახმარებით ესარგებლა, რომელსაც ტექსტს უკარნახებდა - ასე გამოჩნდა დოსტოევსკის სახლში ახალგაზრდა ქალი ანა სნიტკინა.

თავიდან ერთმანეთი არ მოსწონებიათ, მაგრამ მუშაობის პროცესმა მალე დააახლოვათ. დოსტოევსკი ხვდებოდა, რომ ანა შეუყვარდა, მაგრამ უარის მიღების შიშით, გრძნობის გამხელის ეშინოდა. ქალის განწყობის გასაგებად, მან ანას უამბო გამოგონილი ისტორია მოხუც მხატვარზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონა შეუყვარდა და ჰკითხა, გოგონას ადგილზე როგორ მოიქცეოდა? რა თქმა უნდა, მწერლის ნერვიული კანკალითა და სახის გამომეტყველებით ძნელი არ იყო ამ ისტორიის რეალური პერსონაჟის ვინაობის გამოცნობა, ამიტომ ანამ პირდაპირ უპასუხა: მე ვუპასუხებდი, რომ მიყვარხართ და მთელი ცხოვრება მეყვარებით.

შეყვარებულებმა ჯვარი 1867 წლის თებერვალში დაიწერეს.  
მაშინ დოსტოევსკი 47 წლის იყო.
„ძალიან ახალგაზრდა და კარგი გამომეტყველების ოცი წლის ქალი უიშვიათესი გულით... ვამჩნევდი, რომ ჩემს სტენოგრაფისტს გულწრფელად ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში არ გამომტყდომია. ჩემი მხრივ კი, ის უფრო და უფრო მეტად მომწონდა“. - აღიარა მოგვიანებით მწერალმა.

„საშუალო სიმაღლის იყო და საოცრად გონებაგახსნილი. ჰქონდა მოწითალო თმა, იყენებდა თმის კონდიციონერს და გულმოდგინედ ივარცხნიდა. მისი განსხვავებული თვალები მაოცებდა - ერთი მუქი ყავისფერი იყო, მეორეში კი, დაზიანებული გუგა ისე გაფართოებოდა, ფერს ვერ გაარჩევდი. თავისებური თვალები იდუმალ გამომეტყველებას სძენდა. სახეზე ფერმკრთალი იყო და ავადმყოფურად გამოიყურებოდა...“ - წერდა ანა საყვარელ ადამიანზე.

ანასთვის ოჯახური ცხოვრება უსიამოვნებებით დაიწყო.
მწერლის ნათესავებმა ახალგაზრდა რძალი თავიდანვე აითვალწუნეს. განსაკუთრებით გერი - პეტრე ისაევი აქტიურობდა. უმუშევარი მუქთახორა, რომელიც მამინაცვლის კმაყოფაზე ცხოვრობდა, ანაში მეტოქეს ხედავდა და მისი სახლიდან გაგდებას ცილისწამებით, შეურაცხყოფითა და ინტრიგების ხლართვით ცდილობდა.
ქალი ხვდებოდა, რომ ამას დიდხანს ვერ გაუძლებდა, ამიტომ დოსტოევსკის საზღვარგარეთ გამგზავრება ურჩია.


მწერალი დასთანხმდა და ცოლ-ქმარი ევროპაში გაემგზავრა.
გერმანიაში ყოფნისას, მწერალს გულმა ისევ აზარტული თამაშებისკენ გაუწია და ოჯახის მთელი დანაზოგი ერთიანად წააგო. მისდა გასაოცრად, ცოლს საყვედური არ წამოსცდენია, რადგან მშვენივრად იცოდა, რომ მწერალი აზარტულ თამაშებზე გიჟურ დამოკიდებულებას ვერაფრით გაუმკლავდებოდა.
პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ, დოსტოევსკის ცხოვრებაში ნათელი პერიოდი დადგა. მან დაიწყო მწერლის დღიურებზე მუშაობა, დაწერა „ძმები კარამაზოვები“ და ორი შვილი შეეძინა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მის გვერდით მოყვარული ცოლი და ერთგული მეგობარი იმყოფებოდა.
შესაძლოა, ამიტომ მწერლის ყველაზე გახმაურებული ნაშრომები - „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ და „ძმები კარამაზოვები“ მისი შემოქმედების გვიანდელ წლებს მიეკუთვნება...

თუმცა ერთგულმა მეუღლემ გარდაუვალის შეჩერება ვერ შეძლო. მწერლის ჯანმრთელობა სულ უფრო უარესდებოდა. 1977 წლის მარტში მას ოთხი ეპილეფსიური შეტევა დაემართა. სიცოცხლის ბოლო წლებში მწერალს ფილტვებიდან გახშირებული სისხლდენა ჰქონდა. დიაგნოზი უიმედო იყო.. 1881 წლის 9 თებერვალს მწერალი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დოსტოევსკის ბოლო სიტყვებს შორის მათეს სახარებიდან ამონარიდები იყო: „როცა იგი იოანესთან მივიდა, მან ჰკითხა: მე მმართებს შენგან მონათვლა და შენ მოდიხარ ჩემთან? იესომ კი უპასუხა: „დე, ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს, აღვასრულოთ მთელი სიმართლე“, დაბოლოს „უსმინეთ -  საშუალება მიეცით. არ შემაკავოთ!“.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?