კომიკოსი, რომელიც ქალების კერპად იქცა - რა იყო გიორგი ვიცინის ხიბლის საიდუმლო?

სიყვარულის ისტორიები

16 თებერვალი 20:00
62

ჩემი დევიზია, „იცხოვრე ჩუმად და შეუმჩნევლად“, - ამბობდა ცნობილი რუსი მსახიობი გიორგი ვიცინი. კომიკოსი, რომელსაც კინოკარიერის მანძილზე შეყვარებული გმირის როლი არასდროს შეუსრულებია, რეალურ ცხოვრებაში მარადიული შეყვარებული იყო და თაყვანისმცემელი ქალების უზარმაზარი არმია ჰყავდა.

ვიცინი განსაკუთრებული გარეგნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე ქალები წერილებს სწერდნენ და მისგან ბავშვის გაჩენაზე ოცნებობდნენ. ულამაზესი მსახიობი ქალები ცდილობდნენ მის ცდუნებას, მაგრამ მსახიობი შეუვალი იყო.
 
გიორგი ვიცინი 1918 წელს პეტროგრადში დაიბადა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მცირე თეატრის სასწავლებელში ჩააბარა, საიდანაც მალე „სწავლის პროცესის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულების გამო“ გარიცხეს.
მოგვიანებით, მომავალმა კომიკოსმა  მოსკოვის სამხატვრო თეატრის სასწავლებელში ჩააბარა. 1951 წელს კი ნამდვილი კინოკარიერა დაიწყო.

პირველივე როლი სერიოზული აღმოჩნდა - დამწყებ მსახიობს ცნობილი რუსი მწერლის ნიკოლოზ გოგოლის როლის შესრულება ანდეს. ვარაუდობდნენ, რომ ვიცინი დრამატული ჟანრის მსახიობი გახდებოდა, მაგრამ 1961 წელს გაიდაის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ძაღლი ბარაბოსი და უჩვეულო კროსი“ გამოვიდა, რომელმაც მსახიობის კინოკარიერის მიმართულება განსაზღვრა.

„არყის მხდელების“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმის რეჟისორს ლეონიდ გაიდაის მთელი ქვეყნიდან ათასობით წერილი მიუვიდა ერთადერთი თხოვნით - ვიცინის, ნიკულინისა და მორგუნოვის მონაწილეობით კიდევ ერთი ფილმი გადაეღო.
სამეულის სამსახიობო კარიერაში კულმინაციური მომენტი „კავკასიელი ტყვე ქალის“ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დადგა.
1967 წლიდან ფილმი კინოგაქირავების უპირობო ლიდერად იქცა და ეკრანებთან 76,5 მილიონი მაყურებელი შეკრიბა. ამ ფილმის გადაღებებზე ვიცინი, რომელიც კინოში გამოუსწორებელი ლოთების როლებს ასრულებდა, ძლივს დაიყოლიეს ერთი კათხა ლუდის დალევაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში მშიშარა ადამიანებს განასახიერებდა, ვიცინი რეალურ ცხოვრებაში საოცრად მამაცი ადამიანი იყო. მაგალითად, ფილმის „მას თქვენ უყვარხართ“ გადაღებებზე დაგეგმილი იყო სცენა ლომთან ერთად. გარეული ცხოველი მესერის უკან, დიდი დაშორებით უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, ვიცინის ახლოს აღმოჩნდა.
ნუ გეშინიათ. ლომები მამაც ადამიანებს არ ერჩიან - დაამშვიდა მსახიობმა პანიკაში ჩავარდნილი მსახიობები და ლომს თავზე ხელი გადაუსვა.

გიორგი ვიცინი 19 წლის ყმაწვილი იყო, როცა თავისი მასწავლებლის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ნიკოლაი ხმელიოვის მეუღლე დინა ტოპოლევა შეუყვარდა. ამ დროს დინა 35 წლის იყო, მაგრამ ქალმა გრძნობაზე გრძნობით უპასუხა და ქმარი მიატოვა. ამ სიყვარულის ისტორიამ მოსკოვის თეატრალური სამყარო შეძრა, თუმცა ხმელიოვმა ცოლს ღალატი შეუნდო და ბედნიერება უსურვა. მასთან ურთიერთობა არ შეუცვლია და თეატრში როლებს ძველებურად აძლევდა.
ვიცინმა და დინამ ერთად 20 წელი იცხოვრეს, სანამ მსახიობი თამარა მიჩურინას გაიცნობდა, რომელიც მისი მეორე ცოლი გახდა.
დინა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბევრს ავადმყოფობდა. ვიცინი მასზე ბოლო დღემდე ზრუნავდა. ფაქტობრივად, ორ სახლში ცხოვრობდა, უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ ქალს, ყიდულობდა მისთვის წამლებსა და პროდუქტებს და ზაფხულობით, თავის ოჯახთან ერთად, ქალაქიდან გაჰყავდა.

გიორგი ვიცინმა თამარა მიჩურინა, თავისი ოფიციალური ცოლი, თეატრში გაიცნო, სადაც ბუტაფორად მუშაობდა. ვიცინს ყოველთვის „სავსე“ ტანის ქალები ხიბლავდა. „სავსე ქალი ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე ფანქარივით გამხდარი“, - ამბობდა ის.
თამარა დინასთან მეგობრობდა. ქალიშვილი ნატაშა კი მამის ყოფილ მეგობარ ქალს თავის ერთგულ მესაიდუმლედ მიიჩნევდა და ყველა საიდუმლოს ანდობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერი მსახიობის ყველა კინოგმირი ქვეყანაში უზომოდ უყვარდათ, გიორგი თავისი პოპულარობით არასდროს სარგებლობდა. არ ცდილობდა, ფული და ქონება დაეგროვებინა, მომაბეზრებელი პუბლიკისგან თავის მყუდრო ბინაში იმალებოდა ან მოლბერტით ხელში ბუნების პეიზაჟის სახატავად მიდიოდა. მსახიობი ყოველთვის თავის ასაკზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, ამიტომ როლებსაც შესაფერისს ურჩევდნენ. 37 წლის ასაკში მან 18 წლის სათადარიგო მოთამაშის როლი შეასრულა. 46 წლისას 25 წლის მიშა ბალზამინოვის როლი ანდეს.

მსახიობი თავის ჯანმრთელობას პასუხისმგებლობით ეკიდებოდა. სწორად იკვებებოდა, ვარჯიშობდა, არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს და არ ეწეოდა.
„იღბლიანი ჯენტლმენების“ გადაღებებზე დამეგობრებულმა საველი კრამაროვმა იოგის შესახებ იმდენი საინტერესო რამ უამბო, რომ მთელი ცხოვრება იოგით იყო გატაცებული. კრამაროვმა, სანამ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდოდა, იმ დროისთვის აკრძალული იოგას ქსეროასლები ვიცინს გადასცა.

გიორგი ვიცინმა კინოში ასზე მეტი როლი შეასრულა, მაგრამ მაყურებლის ცნობიერებაში სასაცილო და დაბნეული კაცის იმიჯი იმდენად მტკიცედ ჩაჯდა, რომ რეჟისორებს აზრადაც არ მოსდიოდათ, ვიცინისთვის სხვა ტიპის როლი მიეცათ. რუსი კომიკოსი, რომელიც ეკრანული სახისგან სრულიად განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში  იუმორისტულ კონცერტებს ატარებდა და გამომუშავებული ფულით უპატრონო ცხოველებისთვის საკვებს ყიდულობდა.

გიორგი ვიცინი 2001 წლის 22 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულისა და ქრონიკული დაავადებები გახდა.


წაიკითხეთ ცნობილი პიროვნებების სიყვარულის ისტორიები, რომლებმაც დროს გაუძლეს!