ერთ დღეს დაბადება და გარდაცვალება - XX საუკუნის რომეოსა და ჯულიეტას ამბავი

სიყვარულის ისტორიები

18 თებერვალი 12:00
84

მათი სიყვარული ზღაპარს ჰგავს, რომელიც ასე მთავრდება - ...და ცხოვრობდნენ ისინი ერთად დიდხანს და ბედნიერად. ლესი და ჰელენ ბრაუნები ერთ დღეს დაიბადნენ, 75 წელი ერთად გაატარეს და იმქვეყნადაც ერთად წავიდნენ...


ჰელენი და ლესი ქვეყანას ერთ დღეს, 1918 წლის 31 დეკემბერს მოევლინნენ. საახალწლო ფოიერვერკებით განათებულმა ზეცამ ორივეს უჩვეულოდ ლამაზი და ბედნიერი ცხოვრება მოუმზადა.


შესაძლოა, ერთმანეთი ვერასოდეს ენახათ, რომ არა Huntington Park-ის სკოლა, სადაც სწავლობდნენ.
მოზარდების ხასიათების მსგავსებამ პირველივე  შეხვედრაზე იჩინა თავი. ამას საოცარი მიზიდულობაც დაემატა  და მალე უერთმანეთოდ წუთსაც ვერ ძლებდნენ.

წლების შემდეგ ჰელენი იხსენებდა, რომ პირველივე პაემანზე მათ შორის უხილავი ძაფები გაიბა. თუ სხვა მოზარდებისთვის  სწავლა დამღლელი და მომაბეზრებელი პროცესი იყო, ლესისა და ჰელენს სკოლაში მიუხაროდათ. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ვაჟის მშობლები შვილის უცნაური ცვლილების მიზეზს გაიგებდნენ.

მოზარდები  განსხვავებულ სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ - ლესი შეძლებული ოჯახიდან იყო, რითიც ჰელენის ოჯახი ვერ დაიკვეხნიდა. ახალგაზრდებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია, თუმცა მშობლები და ნათესავები მათ ერთად ყოფნას ეწინააღმდეგებოდნენ.  
მოზარდებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე ებრძოლათ და 1937 წლის 19 სექტემბერს სახლიდან გაიპარნენ, 1938 წლის დასაწყისში კი იქორწინეს.
ლესის მშობლები იმედოვნებდნენ, რომ ახალგაზრდების სიყვარული დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა, წლებთან ერთად, ჰელენისა და ლესის გრძნობები უფრო ღრმა და სტაბილური ხდებოდა.

ყოველწლიურად ამერიკაში სახლიდან ათასობით შეყვარებული მოზარდი გარბის. ნაადრევ ქორწინებას მალე პრობლემებით სავსე ოჯახური ცხოვრება მოჰყვება. ყველა მოზარდი არ არის მზად იმაზე ფიქრისთვის, როგორ იშოვოს ოჯახის სარჩენი ფული, როგორ დაალაგოს სახლი, გააკეთოს საჭმელი  და შვილები გაზარდოს, თუმცა ლესისა და ჰელენის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. პრობლემებმა და წინააღმდეგობებმა მათი სიყვარული უფრო გააძლიერა და წყვილი უფრო დააახლოვა.
ლესისა და ჰელენს ორი ვაჟი - დენიელი და ლესლი-უმცროსი შეეძინათ.
1963 წელს ოჯახი კალიფორნიაში, ქალაქ ლონგ-ბიჩში გადასახლდა. ლესმა ფოტოატელიე შეიძინა და ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა. ჰელენი კი უძრავი ქონების აგენტი გახდა.
„ეს ნამდვილი სიყვარული იყო. 75 წლის მანძილზე ერთი დღეც კი არ უცხოვრიათ ცალ-ცალკე“, - უთხრა ჟურნალისტებს უმცროსმა ბრაუნმა.
ვაჟები აღიარებენ, რომ მშობლებს პრობლემები ჰქონდათ, თუმცა, მათი დაძლევისთვის ყველაფერს აკეთებდნენ.
დენიელ ბრაუნი იხსენებს, რომ მშობლებს უერთმანეთოდ ერთი დღეც არ გაუტარებიათ. ჰელენს იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ შესაძლოა, ერთ დღეს მარტო დარჩენილიყო. არ მინდა მის სიკვდილს მოვესწრო. მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა და არ შემიძლია, - ამბობდა ქალი.

მათ ერთად 75 ბედნიერი წელი გაატარეს, თუმცა საბოლოოდ, ასაკმა თავისი გაიტანა - ჰელენი კუჭის კიბოს ებრძოდა, ლესს პარკინსონის დაავადება სტანჯავდა.
ჰელენ ბრაუნი 2013 წლის 16 ივნისს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეორე დღეს კი ლეს ბრაუნიც აღარ იყო.

ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ სიყვარულის ლამაზი ისტორიები იდეალისტების გამოგონილია, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ლესი და ჰელენ ბრაუნების ცხოვრება ამის დასტურია.



წაიკითხეთ სიყვარულის ისტორიები, რომლებმაც დროს გაუძლეს და ისეთივე საინტერესოა, როგორ მათი მთავარი გმირები!