დიდი სიყვარულის დასასრული, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

სიყვარულის ისტორიები

2 მარტი 20:00
19862

გოგონა ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი იყო, ვაჟი კი ყველაზე ახალგაზრდა მოციგურავე, რომელმაც სიცოცხლე ყინულზე დაასრულა. მათი ლამაზი სიყვარულის ასეთ ფინალს ვერავინ წარმოიდგენდა!

ფიგურულ სრიალში ოლიმპიური ჩემპიონები სერგეი გრინკოვი და ეკატერინე გორდეევა მხოლოდ სილამაზითა და ნიჭიერებით გამორჩეული წყვილი არ ყოფილა. მათ შეძლეს, ცეკვაში გადატანილი სიყვარულით მსოფლიო გაეოცებინათ. 


ერთმანეთს რომ შეხვდნენ, სერგეი გრინკოვი 14 წლის იყო, ეკატერინე გორდეევა კი - მხოლოდ 10-ის.
ისინი მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ, სანამ ბავშვები ფიგურულმა სრიალმა არ დააწყვილა.
ისინი ხუთი წლის ასაკიდან ცდილობდნენ ფიგურულ სრიალში სოლო კარიერის გაკეთებას, მაგრამ მწვრთნელებმა დაადგინეს, რომ ინდივიდუალური სრიალისთვის ორივეს არასაკმარისი პოტენციალი ჰქონდა და მათი წყვილად გაერთიანება გადაწყვიტეს.


იმ დროისთვის არავინ იცოდა, რომ ბედმა ბავშვები მხოლოდ სპორტულ დარბაზში კი არა, ცხოვრებაშიც სამუდამოდ დააკავშირა.


სერგეიმ და ეკატერინემ 1982 წლიდან ერთობლივი გამოსვლები დაიწყეს და სამიოდე წლის შემდეგ იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.
ახალგაზრდა სპორტსმენების პოტენციალი შეუმჩნეველი არ დარჩენია იმ დროისთვის ყველაზე ცნობილ მწვრთნელს სტანისლავ ჟუკს.
სწორედ მისი ხელმძღვანელობით, 1986 წელს მოციგურავეებმა პირველად მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეკატერინე ფიგურული სრიალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა - 14 წლის ჩემპიონი გახდა.
იმავე წელს წყვილმა ევროპისა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედალი აიღო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი ყველა შეჯიბრში გაიმარჯვა, რომელშიც კი მონაწილეობდა: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საბჭოთა კავშირის პირველობა და ა.შ.


მალე ყველასთვის შესამჩნევი გახდა, რომ წყვილს მხოლოდ სპორტული ინტერესები არ აერთიანებდა და „მენდელსონის მარშის“ ჰანგებზე ბრწყინვალედ შესრულებული ცეკვა მოახლოებულ ქორწინებას მოასწავებდა.
მოგვიანებით, ეკატერინე გაიხსენებს, რომ მისი ცხოვრების უბედნიერესი წუთი 1989 წლის 31 დეკემბერი იყო, როცა სერგეი სიყვარულში გამოუტყდა.
წყვილი  1991 წელს დაქორწინდა. სერგეი 21 წლის იყო, კატია - 17-ის.
სერგეი ქორწილში დაგვიანებით და  მხრის ტრავმის გამო, შეხვეული ხელით მივიდა. ქორწინების რეგისტრაციის პროცესში აღმოაჩინა, რომ პასპორტი სახლში დარჩა, მაგრამ მმაჩის ბიუროს თანამშრომლებმა ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონის გულმავიწყობაზე თვალი დახუჭეს...
თაფლობის თვე არ ჰქონიათ, რადგან სწორედ ამ დროს გადავიდნენ პროფესიონალების თანრიგში.
ერთი წლის თავზე კი მათი გოგონა დარია გაჩნდა.
რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ, ცოლ-ქმარმა  საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა გააგრძელეს და ორი ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს.
იდეალური ტექნიკისა და უზარმაზარი სიყვარულის გამო, რომელსაც ერთმანეთის მიმართ ავლენდნენ, სერგეისა და ეკატერინეს ამერიკასა და კანადაში გვარების პირველი ასოების მიხედვით G&G შეარქვეს.


1994 წელს, მეორე ოლიმპიური ოქროს შემდეგ, წყვილი მიხვდა, რომ თითქმის ყველა მწვერვალი დაპყრობილი ჰქონდათ და ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის შედეგად მოპოვებულით ტკბობის ეტაპი დაუდგათ.


1995 წელს ამერიკულ ქალაქ ლეიქ-პლესიდიში საწვრთნელი ვარჯიშის დროს სერგეი მოულოდნელად ყინულზე წაიქცა. ამაში სპორტსმენისთვის უჩვეულო არაფერი იყო, ამიტომ ეკატერინეს განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა მეუღლე ფეხზე ადგომას აგვიანებდა...
სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე ოთხ წუთში მივიდა, მაგრამ სპორტსმენის გადარჩენა ვერ შეძლეს - 28 წლის სერგეი გრინკოვმა მეორე ინფარქტი ვეღარ გადაიტანა.



საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილი 24 წლის ქვრივი დიდხანს ეძებდა საკუთარ თავში ძალას, რომ ყინულზე დაბრუნებულიყო.
1996 წელს ეკატერინე გორდეევა ყინულზე დაბრუნდა და თავისი პირველი გამოსვლა გარდაცვლილ ქმარს უძღვნა. გუსტავ მალერის მეხუთე სიმფონიის კომპოზიციაზე დადგმულმა ცეკვამ „სიცოცხლის დღესასწაულმა“ დარბაზი ემოციებით ააფეთქა. ცეკვის დასრულებისას ათასობით მაყურებლის ცრემლიანი ოვაციების ფონზე ახალგაზრდა მოციგურავე ატირდა, ყინულზე გამოსული ოთხი წლის დაშა გულში ჩაიხუტა და დარბაზში მჯდომ სერგეის დედას მოეხვია.
 
წლების შემდეგ ეკატერინეს ცხოვრებაშიც და ყინულის მოედანზეც ახალი პარტნიორები გამოუჩნდა, თუმცა ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ბავშვობის მოგონებები და დიდების მწვერვალებისკენ სვლა აკავშირებს, სერგეი გრინკოვია.


ნახეთ ეკატერინე გორდეევას 27.02.1996 წლის სოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი.