ურთიერთობა

Felicita - ბედნიერებაზე მომღერალი წყვილის ოჯახური ტრაგედია

fun time

18:00 ხუთ. 23 სექტემბერი, 2021 წელი

ალ ბანო და რომინა პაუერი

14
დაკოპირებულია

მათ ხშირად ურჩხულსა და მზეთუნახავს ადარებდნენ და შეუფერებელ წყვილად მიიჩნევდნენ, თუმცა მომღერლებს სხვების აზრი ნაკლებად აინტერესებდათ და საჯაროდ ახდენდნენ სიყვარულის დემონსტრირებას.

ბედნიერება, რომელსაც თავის ყველაზე პოპულარულ სიმღერაში უმღეროდნენ, ნამდვილი იყო.

როგორ იწყებოდა მათი ბედნიერება


ერთმანეთი 1967 წელს, ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. ამ დროს რომინა ჰოლივუდში ცნობილი ოჯახის 16 წლის ქალიშვილი იყო, ალ ბანო კი - 24 წლის ყმაწვილი, რომელიც ცდილობდა, საკუთარი ნიჭით გაეკაფა გზა.

რომინა ფრანჩესკა პაუერის მამა ჰოლივუდელი მსახიობი ტაირონ პაუერი იყო, დედა კი ლინდა კრისტიანი გახლდათ. ულამაზეს რომინას არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები ჰქონდა. მას პრინცესასავით ზრდიდნენ და ანებივრებდნენ, მაგრამ ზღაპარი მალე დასრულდა... რომინა ხუთი წლისაც არ იყო, რომ ტაირონ პაუერი ოჯახიდან წავიდა და სხვა ქალთან იქორწინა, ერთი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა.
მარტო დარჩენილი ლინდა კრისტიანი, ქალიშვილთან ერთად, ამერიკიდან საცხოვრებლად ქმრის სამშობლოში - იტალიაში გადავიდა.

რომინა 14 წლის იყო, როცა კინოკარიერა დაიწყო და პირველი სოლო ალბომი ჩაწერა. ლინდა გრძნობდა, რომ ქალიშვილს დიდი მომავალი ელოდა და ძალიან ამაყობდა, მაგრამ დიდი იმედგაცრუება განიცადა, როცა ქალიშვილმა საქმრო დაბალი, სათვალიანი იტალიელი წარუდგინა.

ალბანო კარიზი ღარიბ იტალიურ ოჯახში დაიბადა. მამამ, რომელიც ოჯახს მიწის ხვნით არჩენდა, შვილს ალბანო ალბანეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის სახსოვრად დაარქვა. ყმაწვილს თავისი უცნაური სახელის რცხვენოდა და მას ორ ნაწილად ყოფდა. ასე იქცა ალბანო კარიზი ალ ბანოდ.

მილანში მომღერლის კარიერის გასაკეთებლად ჩასული 16 წლის ყმაწვილი ოფიციანტად, მზარეულად და მუშად მუშაობდა, სანამ 1965 წელს ადრიანო ჩელენტანოს ორგანიზებულ კონკურსში არ მიიღო მონაწილეობა. სწორედ აქ გაუღიმა ბედმა - ის შეამჩნიეს და მალე იტალიაში ცნობილი მომღერალი გახდა.

რომინამ მოახერხა დედის გავლენისგან განთავისუფლება. ქორწინება, რომელსაც ლინდა კრისტიანი მთელი არსებით ეწინააღმდეგებოდა, 1970 წელს მაინც შედგა. რომინამ შეძლო, უარი ეთქვა ამერიკულ სტერეოტიპებზე და მყარი კათოლიკური ოჯახი შეექმნა, სადაც ცოლი ქმრის მორჩილია.

მათ იდეალურ წყვილს მარტო იტალია კი არა, მთელი მსოფლიო აღმერთებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო - მუსიკას, შემდეგ კი ერთად ასრულებდნენ თავიანთ სახელგანთქმულ „Felicita“-ს, „Ci sara“-ს და სხვა სიმღერებს. მათი სიმღერების მოტივებზე 7 ფილმი გადაიღეს, რომლებშიც მთავარ როლებს ალ ბანო და რომინა პაუერი ასრულებენ.

1970 წელს წყვილს პირველი შვილი - ილენია შეეძინა, სამი წლის შემდეგ კი ვაჟი - იარი. შემდეგ ისევ ქალიშვილები - კრისტელი და რომინა უმცროსი.

1976 წელს ოჯახურმა დუეტმა იტალია „ევროვიზიაზე“ წარადგინა. პოპულარობის მწვერვალს 1982 წელს, სან-რემოს ფესტივალზე მიაღწიეს, თუმცა...

უბედურებამ მათი ოჯახის კარზეც დააკაკუნა


1994 წლის 6 იანვარს ალ ბანო კორიზიმ და რომინა პაუერმა პოლიციას უფროსი ქალიშვილის - 24 წლის ილენიას დაკარგვის განცხადებით მიმართეს. ისინი შვილს უკანასკნელად ერთი კვირით ადრე ესაუბრნენ, როცა მან ამერიკიდან ოჯახს ახალი წელი მიულოცა.

მას შემდეგ გოგონა სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა. ილენია ახალ ორლეანში ალტერნატიულ ახალგაზრდულ ფესტივალზე გაემგზავრა. მუსიკა, ნარკოტიკები, სექსუალური თავისუფლება - ფესტივალის ასეთი ატმოსფერო მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ასიათასობით ახალგაზრდას იზიდავდა. ფესტივალის დასრულების შემდეგ კი უამრავი მშობელი დაკარგულ შვილს პოლიციის განყოფილებებში ეძებდა.ზოგიერთებს პოულობდნენ, მაგრამ უმეტესობა სამუდამოდ იკარგებოდა.

ასე მოხდა ილენიას შემთხვევაშიც. ვერც ტელევიზორის ეკრანიდან რომინას ცრემლიანმა მიმართვებმა, ვერც ამერიკასთან გავლენიანმა კავშირებმა და ვერც კერძო დეტექტივების მუშაობამ შედეგი ვერ გამოიღო.
რომინა თითქმის შეიშალა მწუხარებისგან. მან უარი თქვა დაგეგმილ ქირურგიულ ოპერაციაზე და სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ქალი ვეღარ ამჩნევდა დანარჩენ სამ შვილს, რომლებიც მის მზრუნველობას საჭიროებდნენ. მის გარეშე სიცოცხლე არ მინდა, - განუცხადა რომინამ ქმარს.

ალ ბანო რომინაზე ნაკლებ არ იტანჯებოდა, მაგრამ შვება ხელოვნებაში ნახა. ის ხვდებოდა, რომ ცხოვრება დანარჩენი შვილების გამო უნდა გაეგრძელებინა. პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღიარა: ილენია მკვდარია და მე ამ აზრს უკვე შევეგუე. ეს სიტყვები რომინასთან ურთიერთობაში საბედისწერო აღმოჩნდა. „შენ ჩვენს შვილს უღალატე, მე კი მოღალატესთან ცხოვრება არ მინდა“, - ასეთი იყო ქალის განაჩენი, რომელსაც ბოლომდე სჯეროდა და იმედოვნებდა, რომ გოგონა ცოცხალი იყო.

განქორწინება იტალიურად


ოჯახი კათოლიკური იტალიის ყველაზე დიდი ფასეულობაა. იქ დაქორწინება ადვილია, მაგრამ განქორწინება - ძალიან ძნელი. ამას ნერვები, ბიუროკრატიული წინაღობების გადალახვა, უზარმაზარი ფული და წლობით ლოდინი სჭირდება.
ალ ბანო და რომინა პაუერი ქუჩაში სკანდალებს არ აწყობდნენ, ერთმანეთს არ ლანძღავდნენ და არ ღალატობდნენ. მათ მედიასა და საზოგადოებას ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპეს, რომ მათ განქორწინებაზე ეჭორავათ. ოჯახის ახლობლები ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი შესანიშნავი წყვილი შეიძლებოდა ერთმანეთს დაშორებოდა, მაგრამ ასე მოხდა...

1995 წელს ალ ბანომ და რომინამ თავიანთი უკანასკნელი ალბომი ჩაწერეს. ერთი წლის შემდეგ კი ალ ბანო სან-რემოში გამართულ ფესტივალზე მსმენელის წინაშე მარტო წარდგა თავისი ავტობიოგრაფიული სიმღერით Е’ la mia vita („ეს ჩემი ცხოვრებაა“). სიმღერის ბოლოს ის მუხლებზე დაეცა და მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ ამით რომინას პატიება სთხოვა.

ცხოვრება ცალ-ცალკე

გადიოდა თვეები, მაგრამ სახელგანთქმული წყვილი სცენაზე ერთად აღარ ჩნდებოდა. ორი წლის შემდეგ ჟურნალისტებმა ალ ბანო 26 წლით უმცროს სლოვაკელ ჟურნალისტთან გაბრიელა სკრაბაკოვასთან ერთად შენიშნეს. მომღერლის თქმით, მის უბედურებას ჟურნალისტი ისე თანაუგრძნობდა, რომ შეუყვარდა...

1999 წელს ალ ბანო და რომინა პაუერი ოფიციალურად განქორწინდნენ. ამის შემდეგ მათი გზები საბოლოოდ გაიყარა. ალ ბანომ სიმღერების წერა და სცენაზე გამოსვლა განაგრძო, რომინამ კი თავისი ცხოვრების 180 გრადუსით შეცვალა - რომის ელიტარულ რაიონში მდიდრული სახლი იყიდა და ხატვას შეუდგა. ქალმა წიგნებისა და სცენარების წერა და დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო.
ასაკისა და გადატანილი უბედურების მიუხედავად, რომინამ მშვენიერი გარეგნობა შეინარჩუნა.

ბოლო წლებში მედია რომინა პაუერის 25 წლის მხატვარ ჯონათან ბოშოპთან რომანზე ალაპარაკდა. ნამდვილად ასეა თუ არა, უცნობია, თუმცა იტალიისა და მთელი მსოფლიოსთვის ალ ბანო და რომინა პაუერი დღემდე შეყვარებულ წყვილად რჩება, რომელიც ბედნიერებას უმღეროდა.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!