როცა სიყვარული კლავს!

სიყვარულის ისტორიები

1 აპრილი 12:00
1275

მოდილიანი 19 წლის მხატვარ გოგონასთან ერთად საზოგადოებაში პირველად რომ გამოჩნდა, მის მორიგ პარტნიორად მიიჩნიეს, თუმცა გოგონას შთამბეჭდავი გარეგნობა ყველასთვის თვალშისაცემი იყო. უნაკლო აღნაგობა, საოცარი პლასტიკა, ქათქათა სახის კანი და მოოქროსფრო წაბლისფერი თმა ჟანა ებიუტერნს მოდილიანის ყველა ქალისგან გამოარჩევდა...

ამადეო მოდილიანისა და ჟანა ებიუტერნის საბედისწერო შეხვედრა 1917 წლის გაზაფხულზე, კოლაროსის სამხატვრო აკადემიაში შედგა, სადაც მოდილიანი უფასო ნატურებთან ხატვის სეანსებზე დადიოდა.

როცა მოდილიანი 19 წლის მხატვარ გოგონასთან ერთად საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა, მის მორიგ პარტნიორად მიიჩნიეს, თუმცა გოგონას შთამბეჭდავი გარეგნობა ყველასთვის თვალშისაცემი იყო. უნაკლო აღნაგობა, საოცარი პლასტიკა, ქათქათა სახის კანი და მოოქროსფრო წაბლისფერი თმა ჟანას მოდილიანის ყველა ქალისგან გამოარჩევდა.

ამადეოზე თავდავიწყებამდე შეყვარებული მშვიდი და სევდიანი ჟანა მხატვრის მუზად და მფარველ ანგელოზად იქცა, მაგრამ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი მხატვრის დაუოკებელი სწრაფვა ბოლომდე ვერ შეაჩერა და ვერც მხატვრის ქრონიკულ ტუბერკულოზთან გამკლავება შეძლო...

ვინ იყო ქალიშვილი, რომელსაც მოდილიანი თავის ქალად მიიჩნევდა, საკუთარი შემოქმედების უდიდესი ნაწილი უძღვნა და რომ არა სიკვდილი, მასთან ურთიერთობის დაკანონებას აპირებდა?


ჟანა ჩვეულებრივი, წვრილბურჟუაზიული ოჯახიდან იყო და ლათინურ კვარტალში ცხოვრობდა. მამამისი უზარმაზარი სამოდელო სახლის ბუღალტერი და მე-17 საუკუნის ფრანგული ლიტერატურის თაყვანისმცემელი გახლდათ. ჟანას ოთხი წლით უფროსი ძმა ჰყავდა, რომელსაც აღმერთებდა. და-ძმამ ხატვის მიმართ ინტერესი ადრეული ბავშვობიდან გამოავლინეს და მშობლებიც ყველანაირად ახალისებდნენ მათ მონდომებას.

ჟანა ძალიან ბევრს ხატავდა ფანქრით, აკვარელით, გუაშით... თავის ნახატებს ყოველთვის ხელს აწერდა, თუმცა გამოფენებზე არასოდეს გაჰქონდა. მოდილიანი ქალიშვილის ნიჭს აფასებდა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რამდენი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ მოდილიანი გახდე. ალბათ, ამით აიხსნება, რომ თავისი ტილოების გვერდით, ჟანას ნამუშევრებს არასოდეს გამოფენდა, თუმცა თავის ნამდვილ წარმატებას მაინც არ მოსწრებია...

ჟანამ სერიოზულად ხატვა მოდილიანის გაცნობამდე ორი წლით ადრე დაიწყო. მის მიერ სახელოსნოს ფანჯრიდან შექმნილი პეიზაჟები, ნატურმორტები და მეგობრების პორტრეტები გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ქალიშვილის საცხოვრებელსა და მის შინაგან სამყაროზე. ყურადღებას იქცევს, ასევე, ჟანასა და მოდილიანის მიერ ერთი და იმავე ნატურის განსხვავებულად ასახვის სტილი.

ჟანას მშობლები შვილებზე შეყვარებული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც საშინლად განიცადეს ქალიშვილის გაურკვეველი ოჯახური მდგომარეობა. რამდენიმე თვის მანძილზე მშობლებმა არაფერი იცოდნენ მათი არასრულწლოვანი ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობაზე 14 წლით უფროს, ცუდი რეპუტაციის მქონე მხატვართან.

1917 წელს ებიუტერნების ოჯახი პარიზისგან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში გაემგზავრა, მაგრამ ჟანამ მოულოდნელად პარიზში დაბრუნება გადაწყვიტა, რაც მშობლებს საკმაოდ უცნაურად ეჩვენათ. ჟანა ამადეოსთან მიდიოდა, მაგრამ ეს მისთვის უზარმაზარი მორალური მსხვერპლის გაღება იყო, რადგან მშობლებისა და საყვარელი ძმის მოტყუება მოუწია.

1918 წლის მარტში ჟანას თავზარდაცემულმა დედამ ოჯახს ქალიშვილის ფეხმძიმობის შესახებ აცნობა. რაღაც დროის შემდეგ, მშობლები მეტ-ნაკლებად შეეგუვნენ თავიანთ მდგომარეობას, თუმცა 23 წლის ანდრემ საყვარელ დასთან ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა.

1918 წლის 19 ნოემბერს ჟანას გოგონა შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ დასთან კავშირი გაწყვიტა, ანდრეს ძალიან უყვარდა ჟანა და თავისებურად განიცდიდა მის მდგომარეობას, მაგრამ იმაში, რაც 1920 წლის იანვარში მოხდა, არავის დადანაშაულება არ შეიძლება.

ანდრესა და ჟანას უახლოესი მეგობრის, სტანისლას ფიუმეს მონაყოლიდან ირკვევა, რომ ჟანა ყოველთვის ბევრს ფიქრობდა და საუბრობდა სიკვდილზე. მოდილიანის გაცნობის შემდეგ კი ასეთ საუბრებს მოუხშირა.

ძმისა და მშობლების მოტყუება, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი, გამუდმებული უფულობა, მეორე ფეხმძიმობა, ამადეოს დამღუპველი მისწრაფება ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისკენ და იმის გაცნობიერება, რომ მხატვარს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ქალიშვილს ანადგურებდა და დეპრესიაში აგდებდა. მოდილიანისა და ჟანას სიკვდილს შორის არსებულ 40-საათიან ინტერვალში შესრულებულ უკანასკნელ ტილოზე ჟანა იმავე საწოლზე წევს, სადაც ამადეოსთვის პოზირებდა, თუმცა უკვე გარდაცვლილია და ხელში დანა უჭირავს...


ამადეო მოდილიანი 1920 წლის 24 იანვარს, 20 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა. ცხრა თვის ფეხმძიმე ჟანა ამ დროს, სენის ქუჩაზე მდებარე პატარა სასტუმროს ოთახში იმყოფებოდა. მარტო რომ არ დაეტოვებინათ, მასთან გამუდმებით რამდენიმე მეგობარი რჩებოდა.

ქალიშვილი საავადმყოფოში მამასა და მეგობრებთან ერთად მივიდა. ამადეოს ცხედარს ხმის ამოუღებლად მოუახლოვდა და ცრემლის გარეშე, ძალიან დიდხანს უყურა. შემდეგ, ისე, რომ გარდაცვლილისთვის თვალი არ მოუცილებია, ოთახი უკუსვლით დატოვა.

საავადმყოფოდან ჟანა მამამ სახლში წაიყვანა. ის არ ტიროდა და არ ლაპარაკობდა, უბრალოდ, იდგა და ფანჯრიდან იყურებოდა. სწორედ ამ პოზაში ხედავდა მას ძმა, რომელიც პერიოდულად დის მოსანახულებლად ოთახში შედიოდა. გამთენიის ხანს ანდრეს რამდენიმე წუთით ჩასთვლიმა და ძილბურანში ჩაესმა მეზობელ ოთახში ფანჯრის გაღების ხმა. ანდრე დის ოთახში ტყვიასავით შევარდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო...
დილის 4 საათზე ებიუტერნების სახლის ეზოში სრულიად შემთხვევით მყოფმა მუშებმა გარდაცვლილის სხეული სახლში აიტანეს.

ახალგაზრდა კაცი მიხვდა, რომ დედამისი ჟანას დასახიჩრებული სხეულის ნახვას ვერ გადაიტანდა და მუშებს სთხოვა, ჟანას ცხედარი მოდილიანის სახელოსნოში გადაეტანათ.

როცა მოდილიანს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე კრძალავდნენ, მისმა მეგობრებმა ჯერ არაფერი იცოდნენ მეორე ტრაგედიის შესახებ.
ჟანა, ყოველგვარი სამგლოვიარო განცხადებების გარეშე, გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დილის 8 საათზე პარიზის გარეუბანში დაკრძალეს.

1926 წელს ამადეო მოდილიანის ძმამ ემანუელე მოდილიანიმ ჟანას მშობლებს თხოვნით მიმართა, რომ ქალის ცხედრის მხატვრის გვერდზე დაკრძალვის უფლება მიეცათ, რითიც მათ სიყვარულსა და ერთგულებას მიაგებდნენ პატივს.
10-წლიანი განშორების შემდეგ, ჟანა და ამადეო ისევ ერთად აღმოჩნდნენ.


ამადეოსა და ჟანას ერთადერთმა შვილმა, რომელიც ამადეოს დეიდამ იშვილა, მთელი ცხოვრება მამის ბიოგრაფიის შედგენას შეალია.
ჟანა მოდილიანისაც რთული ცხოვრება ერგო. 1984 წლის 27 ივლისს ის დაცემის შედეგად, ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა.

ჟანა ებიუტერნის ოჯახი გადატანილმა ტრაგედიამ სულიერად გატეხა. ანდრე ცხოვრებიდან ისე წავიდა, რომ დის შესახებ არავითარი მოგონება, ჩანაწერი თუ ინტერვიუ არ დაუტოვებია. მრავალი წლის მანძილზე, ჟანა ებიუტერნის ცხრა ტილო ანდრეს სახელოსნოში გამოკეტილი ინახებოდა. ამ ტილოების ხილვა საზოგადოებამ მხოლოდ 2000 წლის ოქტომბერში მოახერხა, როცა ამადეო მოდილიანის ტილოების გვერდით, ჟანა ებიუტერნის 80-მდე ნახატი გამოიფინა.