კარლ ტანცლერის ისტორიაზე სპეციალისტები და უბრალო ადამიანები დღემდე ბევრს კამათობენ. ზოგისთვის ის უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადების მაგალითია, ზოგისთვის კი ფსიქიკურად შეშლილი და შემზარავი იდეების მქონე მოხუცი, თუმცა, ასეა თუ ისე, მან შეძლო, მსოფლიოს ყურადღება მიექცია...
კარლ ტანცლერი 1877 წელს, გერმანიაში დაიბადა. 1930 წელს, უკვე შუახნის მამაკაცი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და ფლორიდის სამხედრო ჰოსპიტალში ტექნიკოსად დაიწყო მუშაობა.
სწორედ ამ ჰოსპიტალში გაიცნო ტანცლერმა კუბური წარმოშობის ამერიკელი გოგონა ელენა დე ხიოსი, რომელმაც კაცის მშვიდი და მონოტონური ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მოგვიანებით, ტანცლერი ამტკიცებდა, რომ ელენას სიზმრებში ჯერ კიდევ ამერიკაში გამგზავრებამდე ხედავდა და იცოდა, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილნი. გაცნობის მომენტისთვის ელენა უკვე გათხოვილი გახლდათ, თანაც აშკარა იყო, რომ 21 წლის გოგონას 53 წლის თაყვანისმცემელი და მისი სასიყვარულო ვნებები სრულიად არ აინტერესებდა.
ყველაფრის მიუხედავად, მამაკაცი ელენას მოხიბვლის იმედს არ კარგავდა და ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა.
არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ასე, რომ არა გოგონას დაავადება. 1931 წელს ელენა ავად გახდა. ექიმებმა მას ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა დაუდგინეს. მწუხარებისგან განადგურებულმა გერმანელმა საყვარელი ადამიანის სამკურნალოდ ყველაფერი გაყიდა და მთელი დანაზოგი დაახარჯა, თუმცა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო.
ელენა 1931 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. ტანცლერი რამდენიმე დღეში მოტყდა და ერთიანად დაბერდა. მან გოგონას დაკრძალვის ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო და ელენას ოჯახი დაარწმუნა, რომ გოგონა აკლდამაში უნდა დაემარხათ.
ამ დღიდან იწყება ისტორია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.
როგორც მოგვიანებით გამოძიების მასალებიდან გაირკვა, ელენას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, ნიჩბითა და წერაქვით შეიარაღებული კარლ ტანცლერი აკლდამას მიადგა, ცხედარი ამოთხარა და სახლში წაიღო.
სასამართლო პროცესზე კარლი მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ამის გაკეთება თავად გოგონამ აიძულა, რომელიც ძილში ხშირად ეცხადებოდა.
ცხედრისთვის რომ მეტ-ნაკლებად პირვანდელი სახე დაებრუნებინა, ტანცლერმა ელენას სხეულს ცვილი წაუსვა, თვალის ბუდეებში შუშის „თვალები“ ჩაუსვა და ახალ ტანსაცმელში გამოაწყო. სახლში გაჩენილ უსიამოვნო სუნს მოხუცი სუნამოსა და ქიმიკატების გამოყენებით ებრძოდა.
დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ შვიდი წლის განმავლობაში კარლი საყვარელი გოგონას სხეულთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა და, ალბათ, ბოლომდე ასე გაგრძელდებოდა, რომ ელენას ოჯახს ცარიელი სამარხი არ აღმოეჩინა. ეჭვი მაშინვე ტანცლერზე მიიტანეს, ამიტომ ელენას და მოხუცს სახლში ეწვია და შეძრწუნებულმა დის ცხედარი მოხუცის ლოგინში აღმოაჩინა. ტანცლერი დააპატიმრეს, მისი შეშლილი სიყვარულის შესახებ კი მსოფლიომ შეიტყო.
სასამართლომ კარლ ტანცლერი საფლავის შეურაცხყოფასა და ვანდალიზმში დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო მალევე გაათავისუფლეს.
სკანდალური პროცესის შემდეგ მოხუცმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ტანცლერი სახლიდან იშვიათად გამოდიოდა და წყნარი, უშფოთველი ცხოვრებით ტკბებოდა, თუმცა საყვარელ გოგონას ერთი წუთითაც არ ივიწყებდა.
მისი სახლი მხოლოდ ელენას სურათებით იყო სავსე და გარდაცვალების დროსაც მოხუცს ხელში მისი პორტრეტი ეჭირა.