ბლანშ მონიე - გოგონა, რომელსაც სიყვარულისთვის უმძიმესი სასჯელი ერგო

სიყვარულის ისტორიები

5 აგვისტო 12:00, 2017 წელი

ზოგჯერ ადამიანს სიყვარულის გამო დიდი საზღაურის გადახდა უწევს. ასე მოუვიდა პარიზელ ლამაზმანს, ბომონდური ცხოვრების მოტრფიალეს, 25 წლის ბლანშ მონიეს. იმ დროს, როცა ოჯახი ბლანშისთვის ფულიანი საქმროს ძიებით იყო დაკავებული, ქალიშვილი უკვალოდ გაუჩინარდა.

ეს ამბავი 1876 წელს მოხდა.

ბლანშ მონიეს გაუჩინარების შემდეგ ბლანშის დედა და ძმა რაღაც დროის მანძილზე შავი ფერის, სამგლოვიარო ტანსაცმლით დადიოდნენ, მერე კი ყველა ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდა. რომ არა პოლიციისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილი, ალბათ, ბლანშის საიდუმლოებით მოცული გაქრობა სამუდამოდ ამოუხსნელი დარჩებოდა.

წლების შემდეგ გაირკვა, რომ ქალიშვილის გაქრობის მიზეზი მისი დაუგეგმავი სიყვარული გახდა, რომელმაც დედამისი სასტიკად გააღიზიანა - გოგონას ასაკით უფროსი, გაკოტრებული ადვოკატი შეუყვარდა, რაც მისთვის საბედისწერო შეცდომად იქცა...

თანამედროვეთა მოგონებებიდან ირკვევა, რომ ბლანშის დედა ლუიზა მონიე ბრიყვი, ნერვიული, ბუზღუნა და საშინლად ძუნწი ქალი იყო. ის გამუდმებით ეჩხუბებოდა ქალიშვილს და ყოველთვის ერთი და იგივე, ჭუჭყიანი კაბით დადიოდა.
ბლანშის ძმა, მარსელ მონიე პუატიეს უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობაზე სწავლობდა. 1872 წელს მან სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო და პრეფექტურის ადმინისტრაციაში მრჩევლად მუშაობა დაიწყო. მარსელი ესპანელ დიდგვაროვანზე დაქორწინდა და ოჯახთან ერთად, მშობლების სახლის გვერდით დასახლდა.

სხვებისგან განსხვავებით, ოჯახის უფროსი შარლ-ემილ მონიე კეთილი და განათლებული ადამიანი იყო. ის პუატიეს ლიცეუმის ფილოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი და, მოგვიანებით, დეკანი გახლდათ და თავის საქმეს სიყვარულით ემსახურებოდა. ქმრის  ინტელიგენტური თვისებებით და დამთმობი ხასიათით მშვენივრად ისარგებლა მისმა დესპოტმა ცოლმა და ოჯახის მართვა ხელში აიღო.

მონიეს ოჯახში გოგონა, სახელად ბლანში, 1849 წელს დაიბადა. გარშემომყოფებისთვის ბლანში ნერვიული გოგონა იყო, რასაც თავისი მიზეზები ჰქონდა - ის დედის ავტორიტარულ ხასიათს ვერ იტანდა. უკვე მოზრდილი გოგონა იყო, როცა პროტესტის ნიშნად, ოთახში ჩაიკეტა და საჭმლის მიღებაზე უარი განაცხადა. ყველაფერი ანორექსიით დასრულდა, თუმცა მაშინ გოგონას განკურნება მოხერხდა. 

23 წლის იყო, როცა ბლანშმა მათი სახლის მეზობლად მცხოვრები, ასაკით უფროსი, ღარიბი ადვოკატი გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ  ბლანში პაემნებზე მოახლის გარეშე არასოდეს წასულა, სამეზობლოში მაინც ჭორაობა დაიწყეს. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ ქალბატონი მონიე ამ ქორწინების სასტიკად წინააღმდეგი გახლდათ - გარდა იმისა, რომ სასიძო ღარიბი იყო, ოჯახებს სხვა რამეც განასხვავებდა. მონიეები კათოლიკეები და მონარქიული წყობის მხარდამჭერები იყვნენ, ბლანშის საქმრო კი პროტესტანტი და რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი გახლდათ, თუმცა, ამ ფაქტორებისა და დედის აკრძალვების მიუხედავად, ბლანში საქმროსთან დაშორებასა და სიყვარულზე უარის თქმას არ აპირებდა. 

ქალიშვილის ისედაც მყიფე ფსიქიკა, დედასთან გამუდმებული კონფლიქტების გამო, კიდევ უფრო დამძიმდა. 1880 წელს ბლანშს მოჩვენებები დაეწყო. ის უმიზეზოდ ტიროდა და მოთქვამდა ისე, რომ მისი ხმა მეზობლებს ესმოდათ. ადვოკატთან ურთიერთობის გასაწყვეტად, ბლანში, დედის ბრძანებით, ფანჯრებდაგმანულ,  ბნელ ოთახში გამოკეტეს.

ქალიშვილის მდგომარეობა განსაკუთრებით 1882 წელს - მამის, 1896 კი ბლანშის საყვარელი მოახლის გარდაცვალების შემდეგ დამძიმდა. ბლანშმა უახლოესი გარემოცვიდან ორი ახლობელი ადამიანი დაკარგა.

ლუიზა მონიემ შვილის მოსავლელად ორი ახალგაზრდა მოახლე დაიქირავა, მაგრამ ბლანშმა ოთახში მათ შეშვებაზე უარი განაცხადა. ოთხ კედელში გამოკეტილ ქალს გონება დაბინდული ჰქონდა, მაგრამ სული საყვარელი ადამიანისკენ მიუწევდა. ის თითქმის არაფერს ჭამდა, არ ბანაობდა და თმას არ ივარცხნიდა და ამ მდგომარეობაში 25 წელი იცხოვრა.

მარსელ მონიემ დედას ბლანშის სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსება შესთავაზა, მაგრამ ქალს მოსმენაც არ სურდა. მას შეშლილი ქალიშვილის საზოგადოებაში გამოჩენას და „ოჯახის შერცხვენას“ პრობლემის საგულდაგულოდ დამალვა ერჩივნა.
ხალხისთვის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგული იყო, ამიტომ, ადრე თუ გვიან, მის შეშლილობასა და ადვოკატთან რომანზე ჭორაობა ყველას მიავიწყდებოდა. დიახ, სწორედ „ოჯახის პრესტიჟის“ გამო, მონიეს ოჯახი მეოთხედი საუკუნის მანძილზე მალავდა ამ საშინელ საიდუმლოს. ხალხის თვალში მონიეს ქვრივი და მისი ვაჟი პატივსაცემ მოქალაქეებად ითვლებოდნენ. მეტიც, საქველმოქმედო საქმიანობისთვის მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან ჯილდოც კი გადაეცათ...
 
1901 წელს პოლიციაში ანონიმური შეტყობინება შევიდა - წერილში მონიეების სახლის უფანჯრო ოთახში 25 წლის მანძილზე გამოკეტილ ქალზე იყო საუბარი.
ამბავი დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ პოლიციამ გადამოწმება გადაწყვიტა, რადგან ვიღაცას გაახსენდა, რომ 25 წლის წინათ მოულოდნელად გაუჩინარდა ახალგაზრდა, ლამაზი და მხიარული ქალიშვილი, რომელსაც უნაკლო ფიგურა და ლამაზი თმა ჰქონდა. 

1901 წლის 23 მაისს მონიეს სახლში პოლიცია მივიდა და ჩხრეკის ჩატარება დაიწყო. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, პოლიციელებმა ბლანშის ოთახს მიაგნეს და საკეტი მოხსნეს, მაგრამ წყვდიადით მოცულ ოთახში შესულები აუტანელმა სუნმა შეაჩერათ. ფანჯრებიდან დარაბების მოგლეჯის შემდეგ, გამოჩნდა ლოგინზე ფეკალიებისა და საჭმლის ნარჩენების გროვაში მწოლი სრულიად შიშველი ქალის გაძვალტყავებული სხეული. როდესაც პოლიციელებს პლედში გახვეული ბლანში სახლიდან გამოჰყავდათ, დედამისი სასტუმრო ოთახის მაგიდასთან მშვიდად იჯდა და ყავას მიირთმევდა. 

უბედური ქალი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ის მთლიანად გამოფიტული იყო და მხოლოდ 25 კილოგრამს იწონიდა. ბლანში დაბანეს, უზარმაზარი, დაუბანელი თმის „ბუჩქი“ შეჭრეს და უმკურნალეს. ერთწლიანი მკურნალობის შედეგ, ქალის ფიზიკური მდგომარეობა ნორმაში ჩადგა, მაგრამ დღის სინათლეს სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუა.

1901 წლის 24 მაისს მარსელ მონიე და დედამისი დააპატიმრეს. 15 დღის შემდეგ მადამ მონიე ციხის საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

სასამართლოზე მეზობლებმა გაიხსენეს, რომ მონიეს სახლიდან ზოგჯერ ქალის ყვირილისა და გოდების ხმა ისმოდა. შესაძლებელი იყო ცალკეული სიტყვების გარჩევა: „მოწყალება“, „თავისუფლება“, „პოლიცია“, „გემუდარებით“, თუმცა, არც ერთ მოწმეს პოლიციასთან დაკავშირება თავში არ მოსვლია.

ბლანშის ძმის ქმედებებში პირდაპირი ძალადობა არ იკვეთებოდა, ამიტომ სამართალში განსწავლულმა მარსელ მონიემ თავის დაძვრენა მოახერხა და გათავისუფლების შემდეგ, საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა.
ბლანშ მონიე სიცოცხლის ბოლომდე ფსიქიატრიულ კლინიკაში დარჩა და 1913 წელს გარდაიცვალა.
ადვოკატი, რომელსაც ბლანში უყვარდა, ქალის ტყვეობიდან გამოხსნამდე 15 წლით ადრე, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მას ბოლომდე სწამდა, რომ მისი საცოლე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

პოლიციისთვის გაგზავნილი ანონიმური წერილის ავტორის ვინაობა უცნობი დარჩა, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მარსელმა გააკეთა, რომელიც შიშობდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ შეშლილ დაზე ზრუნვა თავად მოუწევდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?