სონკა - ქურდული სამყაროს დედოფალი, რომელიც სიყვარულმა დაამარცხა

სიყვარულის ისტორიები

12 აგვისტო 12:00
19368

ქალი, რომლის ცხოვრება ბურუსითაა მოცული, მე-19 საუკუნეში ქურდული სამყაროს დედოფლად იყო აღიარებული. ქურდი, გარდასახვის საოცარი უნარით, სამართალდამცავებს ყოველთვის უსხლტებოდა ხელიდან, თუმცა უპასუხო გრძნობამ საბედისწერო შეცდომა დააშვებინა...

მისი ნამდვილი სახელი სურა სოლომონიაკი გახლდათ. ოჯახში, სადაც ქურდული სამყაროს მომავალი დედოფალი დაიბადა, მოპარული ნივთების  გასაღება, კონტრაბანდა და ყალბი ფულის დამზადება ცხოვრების წესი იყო.
სონკა 18 წლის იყო, როცა ვარშავაში, ვინმე როზენბადს ცოლად გაჰყვა, მაგრამ შვილის გაჩენისთანავე ქმარი მიატოვა და გამომშვიდობებისას პირწმინდად გაძარცვა. ამის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა, სადაც მისი თავბრუდამხვევი ქურდული კარიერა დაიწყო.


ამბობენ, რომ ის სუსტებს არასოდეს ჩაგრავდა, თუმცა მდიდარი ვაჭრების და ბანკირების ძარცვაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. მესამე კლასის ვაგონებში წვრილმანი ქურდობიდან დაიწყო და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც 1860-70-იან წლებში რუსეთის უდიდეს ქალაქებსა და ევროპას შიშის ზარს სცემდა.
საოცარი ნიჭიერების, გარდასახვის უნარისა და ფანტაზიის წყალობით, მისი ყოველი თაღლითობა საზოგადოებისთვის სენსაცია ხდებოდა. რამდენჯერმე გისოსებს მიღმაც აღმოჩნდა, თუმცა თავი ადვილად დაიძვრინა.


1868 წელს სონკა მოხუც, მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს ცოლად გაჰყვა. როგორც კი ქმრის ფული ბოლომდე გაანიავა, სონკამ შკოლნიკი მიატოვა და ბანქოს შულერს აეკიდა, რომელიც მალე მატარებლების ქურდზე მიხეილ ბლიუვშტეინზე გაცვალა.

ქურდებმა მეტსახელი „ოქროსხელება სონკა“ მოქნილი, ყოვლისშემძლე თითებისა და  იღბლიანობის გამო შეარქვეს. გრძელი ფრჩხილების ქვეშ ქალი საიუველირო მაღაზიებიდან მოპარულ ბრილიანტებს მალავდა. გრძელი, ფართხუნა კაბის დახმარებით კი ქსოვილების მაღაზიებიდან უძვირფასები ქსოვილები გამოჰქონდა.

დაბალი, გამხდარი სონკა მზეთუნახავი არ ყოფილა, თუმცა მამაკაცებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ქალი, რომელსაც სკოლაში არასოდეს უსწავლია, ხუთ ენაზე თავისუფლად საუბრობდა. ევროპაში მოგზაურობის დროს ის თავს ხან გრაფინიად, ხან ბარონესად აცნობდა და მის სიტყვებში ეჭვი არავის ეპარებოდა.

1866 წელს პოლიციამ „ოქროსხელება“ ჩემოდნის მოპარვის ბრალდებით დააკავა, თუმცა ქალმა ადვილად დაარწმუნა, რომ ჩემოდანი შეცდომით აიღო. სწორედ ამ პერიოდში სონკამ პეტერბურგში ბანდიტური დაჯგუფების შექმნა დაიწყო და ამ საქმეში ცნობილი ქურდი, ლევიტა სანდანოვიჩი ჩართო. ის ოდესასა და ლონდონში არასრულწლოვანი ქურდების „სკოლების“ შექმნაზე ზრუნავდა და ამბობენ, რომ ქურდული „ობშიაკის“ შექმნისა და გაჭირვებაში ჩავარდნილი კრიმინალების დახმარების იდეაც მას ეკუთვნის.

„ოქროსხელება“ ყოველთვის მარტო მუშაობდა. საქმეს საგულდაგულოდ გეგმავდა და ასევე, გულმოდგინედ ახორციელებდა. მან მსხვერპლის სექსზე დაყოლიების გზით, ქურდობის ახალი მეთოდი, სახელად „ხიპესი“ შექმნა, რომელიც თითქმის  ყოველთვის ამართლებდა - ფულიანი, მექალთანე მამაკაცები ძვირად ღირებულ ბეწვის ქურქში გამოწყობილ და ბრილიანტებით დამშვენებულ ლამაზ ქალს სასტუმროს ნომერში მორჩილად მიჰყვებოდნენ და სანამ მასთან ლოგინში ნებივრობდნენ, სონკას თანამზრახველი ჯიბეებს და საფულეს უსუფთავებდა.

„ოქროსხელება“ ქალის ცხოვრების არსი ფული, ვნება და ძალაუფლების სურვილი გახლდათ და რომ არა მოულოდნელად თავს დამტყდარი სიყვარული, არავინ იცის, ასე როდემდე გაგრძელდებოდა.

სონკას ცხოვრებაში ოდესელი ახალგაზრდა, სიმპათიური ქურდის ვალოდია კოჩუბჩიკის (ვოლფ ბრომბერგი) გამოჩენა საბედისწერო აღმოჩნდა. ნამდვილი სიყვარული მანამდე არასოდეს გამოუცდია, ამიტომ ახალგაზრდა საყვარლის შენარჩუნებას ფულითა და ძვირფასი საჩუქრებით ცდილობდა.
კოჩუბჩიკმა ამით მშვენივრად ისარგებლა და სონკასგან ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვდა. ის გამუდმებით ბანქოს თამაშობდა და უზარმაზარ ფულს აგებდა. სონკა ცდილობდა, ალფონსი გონზე მოეყვანა, სათამაშო სახლებში აკითხავდა და სახლში დაბრუნებას თხოვდა.
ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ კოჩუბჩიკს ქალის მეურვეობა მალე მობეზრდა. ის სათამაშო სახლებში მისულ „ოქროსხელებას“ გინებით და ცემა-ტყეპით აგდებდა, თუმცა კრიმინალური სამყაროს ძლევამოსილი დედოფალი საყვარლისგან ყველანაირ დამცირებას ითმენდა.

გაუმაძღარი საყვარლის გამო სონკა იძულებული იყო მეტი ემუშავა და მეტად გაერისკა, მაგრამ ამანაც ვერ უშველა. ბანქოს შულერმა ქალის მთელი ქონება გაანიავა და ასაკით უფროსი, დაღლილი საყვარელი აღარაფერში ჭირდებოდა.

სონკა ფულისა და ძვირფასეულობის გარეშე დარჩა, თანაც ყველგან წესრიგის დამცველები უთვალთვალებდნენ. ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ ოდესაში ყოფნა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, მაგრამ საყვარლის გარეშე ცხოვრებას სიკვდილი არჩია და დარჩა.
ამ დროს, კოჩუბჩიკი მოხუცი და უფულოდ დარჩენილი სონკას მოცილებაზე ოცნებობდა. მან უყოყმანოდ დაასმინა პოლიციასთან თავისი მფარველი, რათა აზარტისა და ახალგაზრდა გოგონების სამყაროში გადაშვებულიყო.

სონკა გაასამართლეს და ციმბირში გააგზავნეს. „ოქროსხელებამ“ კატორღიდან გაქცევა სცადა. მეორე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ის სასტიკად გაროზგეს და ხელებზე და ფეხებზე ბორკილები დაადეს, რომლებიც სამი წელი ატარა. ამბობენ, რომ მანამდე კატორღაზე ქალი ასე მკაცრად არასოდეს დაუსჯიათ. სონკას კატორღიდან გაქცევა ერთადერთი მიზნის გამო სურდა -  საყვარლის ნახვა და თვალებში ჩახედვა უნდოდა, თუმცა კოჩუბჩიკს სინდისის ქენჯნა ნამდვილად არ სტანჯავდა.

სონკას თავიდან მოცილების შემდეგ ის ბესარაბიაში გაემგზავრა, სადაც საყვარლის ფული და ძვირფასეულობა სახლებსა და ადგილ-მამულებში მომგებიანად დააბანდა და ცხოვრების ბოლომდე უზრუნველად იცხოვრა.

სონკას სიკვდილზე უამრავი ლეგენდა არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ის კატორღიდან გამოვიდა და 1947 წელს ოდესაში, ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მეორე ვერსიით, ოდესაში აღარასოდეს ჩასულა და 1920 წელს მოსკოვში მოკვდა.

სონკას გარდაცვალების შემდეგ როსტოვის, ოდესის, პეტერბურგის და ლონდონის ქურდებმა ფული შეაგროვეს და ვაგანოვსკის სასაფლაოზე მის საფლავზე საძმოს სახელით, იტალიელი ოსტატების დამზადებული თეთრი მარმარილოს ქანდაკება დადგეს.  
ძეგლის კვარცხლბეკზე უამრავი წარწერაა „სოლნცევოს საძმო არასოდეს დაგივიწყებს“, „როსტოვს ყველაფერი ახსოვს“, „ერევნელი ბანდიტები გიხსენებენ“, „დაგვეხმარე სონკა, საქმეზე მივდივართ“...

მე-19 საუკუნის უდიდესი ავანტიურისტი ქალის სიცოცხლე და გარდაცვალება დღემდე ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა ერთი რამ ცხადია - „ოქროსხელებამ“ სიყვარულში საბედისწერო შეცდომა დაუშვა, რომელიც განაჩენად ექცა.