ჟან მარეს მამა თითქმის არ ახსოვდა. ბიჭუნა ძალიან პატარა იყო, როცა მისი მშობლები დაცილდნენ. უფროსი და ჟანა მადლენი მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ჟანის დედა იმედოვნებდა, რომ მომდევნო შვილიც გოგონა იქნებოდა და როცა ქვეყანას ჟან მარე მოევლინა, ხანგრძლივ დეპრესიაში ჩავარდა. შესაძლოა, მსახიობის ცხოვრებაში საბედისწერო როლი სწორედ დედის ქვეცნობიერმა სურვილმა და უმამობამ შეასრულა.
ახალგაზრდა ჟანი პარიზის ქუჩებში ხშირად ქალის კაბაში გამოწყობილი დასეირნობდა და ძალიან მოსწონდა, როცა გამვლელებს გოგო ეგონათ.
ჟანის დედა ხშირად სახლიდან დიდი ხნით იკარგებოდა. დეიდა და ბებია ბიჭუნას უხსნიდნენ, რომ ის საქმიან მივლინებებში დადიოდა. მსახიობმა მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო, რომ დედამისი თაღლითი და კლეპტომანი იყო და ქურდობის გამო ხშირად ციხეში ხვდებოდა. ამ დროს კი ჟანს ქუჩა ხულიგნად ზრდიდა.
ის ცუდად სწავლობდა, ხშირად ჩხუბობდა და იპარავდა, რის გამოც ანგელოზის სახიანი მონსტრი შეარქვეს. მეზობლები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ახალგაზრდა სიცოცხლეს კატორღაზე დაასრულებდა, თუმცა ჟანს სხვა ოცნება ჰქონდა - სამსახიობო კურსებზე სწავლა, რისთვისაც ნებისმიერ სამუშაოს თანხმდებოდა.
ეფექტური გარეგნობის წყალობით მომავალი მსახიობი ხშირად ფოტოგრაფის ობიექტივში ხვდებოდა. საბოლოოდ, მან მოახერხა, შეექმნა პორტფოლიო, რომლითაც თეატრები და კინოსტუდიები მოიარა.
ფრანგული კინოს მომავალი ვარსკვლავი რამდენიმე წლის მანძილზე მასობრივ სცენებში მონაწილეობასა და ეპიზოდურ როლებს თანხმდებოდა, სანამ ბედმა ცნობილ დრამატურგს, პოეტსა და რეჟისორ ჟან კოკტოს არ შეახვედრა. ეს საბედისწერო შეხვედრა იყო - კოკტო ჟან მარესთვის არა მარტო წარმატების ტრამპლინად, არამედ მის ერთადერთ სიყვარულად იქცა.
ჟან მარე არასოდეს ამახვილებდა ყურადღებას თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, თუმცა არც მალავდა.
კოკტოსთან შეხვედრამდე მარეს გოგონასთან ჰქონდა რომანი, რომელიც იმდენად ტრაგიკულად დამთავრდა, რომ მსახიობი თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.
მოგვიანებით, მან კვლავ სცადა ქალებთან ურთიერთობების გაბმა, თუმცა არაფერი გამოვიდა. „მე ქალებთან ხანგრძლივი სექსუალური ურთიერთობები მქონდა, თუმცა არცერთი მათგანი არ მყვარებია. ძალიან მინდოდა შვილი მყოლოდა, მაგრამ ბედისწერამ ჩემი მამობით გაბედნიერება არ მოისურვა. ეს რომ მომხდარიყო, ღმერთს ვფიცავ, ჩემი შვილის დედაზე დაუყოვნებლივ დავქორწინდებოდი“, - აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.
ჟან კოკტო მარეს თავის სპეკტაკლებსა თუ ფილმებში მთავარ როლებს აძლევდა, ამიტომ კულისებში რეჟისორისა და ახალგაზრდა მსახიობის რომანზე დაიწყეს ჩურჩული. ერთხელ კოკტომ მარეს დაურეკა, სასწრაფოდ მასთან სახლში მისვლა სთხოვა და სიყვარულში გამოუტყდა. მარესგანაც სიყვარულის ახსნა მიიღო, თუმცა ეს ტყუილი იყო. „მე ვიცრუე. იმაზე ფიქრმა, რომ ისეთი უბადრუკი ქმნილება, როგორც მე ვარ, უდიდეს პოეტს შეუყვარდა, ფრთები შემასხა. საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი, მაგრამ, ალბათ, კარიერისტის ბუნებამაც იმოქმედა, რომელიც მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზადაა. თუმცა, ეს კომედია დიდხანს არ მითამაშია. ჟანი ყველას უყვარდებოდა, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა“, - განმარტა მსახიობმა.
აღფრთოვანება და პატივისცემა მალე ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა. ჟან მარეს უყვარდა რეჟისორი, რომელიც სიკვდილამდე ოპიუმზე იყო დამოკიდებული. 1963 წელს, როდესაც კოკტო გარდაიცვალა, მსახიობმა თქვა: „ამიერიდან მხოლოდ თავს მოგაჩვენებთ, რომ ცოცხალი ვარ“.
მოგვიანებით, მარეს სხვა სასიყვარულო კავშირებიც ჰქონდა, თუმცა ისეთი გრძნობა აღარავისთან განუცდია. წლების მატებასთან ერთად, ჟან მარე ოჯახის მოთხოვნილება სულ უფრო უმწვავდებოდა.
1962 წელს მსახიობმა 19 წლის ობოლი ბიჭუნა სერჟი იშვილა, თუმცა ყმაწვილს მხოლოდ მისი ფული აინტერესებდა და მამობილის რეპუტაციის გამო, განცალკევებით ცხოვრებას არჩევდა.
ასაკოვან ჟან მარეს სულ უფრო იშვიათად იწვევდნენ ფილმებში გადასაღებად, ამიტომ ის ძველ გატაცებას დაუბრუნდა - ფერწერასა და ქანდაკებას მიჰყო ხელი და გალერეა გახსნა. წარმოუდგენლად დიდი ფიზიკური ძალისა და უკიდეგანო სიმამაცის მიუხედავად (ფილმებში ყველა ტრიუკს დუბლიორის გარეშე ასრულებდა), მსახიობი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე მორცხვი, თვითკრიტიკული და მეოცნებე დარჩა.
„ათლეტის ტანში გამოკეტილი ბავშვის სულია“, - ამბობდნენ მასზე, რასაც თავადაც არ უარყოფდა. „მე ხომ მსახიობი ვარ, მსახიობები კი სიბერემდე ბავშვებად რჩებიან“...