„დავლევ, აბა, რას ვიზამ“ - როგორ აპოვნინა ამ სიმღერის ავტორს საკუთარმა შემოქმედებამ სიყვარული

სიყვარულის ისტორიები

15 აგვისტო 14:00, 2015 წელი

მიხეილ ზაქარიაშვილს თითქმის ყველა სიმღერა სიყვარულზე აქვს დაწერილი. ეთანხმება იმ აზრს, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი - შეიძლება, ადამიანს რამდენჯერმე ეწვიოს...


უყვარს ოჯახი და ოჯახზე შეყვარებული ადამიანები. ვერ იტანს მატყუარებს და ყველაზე მეტად ერთგულების ნიჭს აფასებს. მსახიობი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი დაიბადა თბილისში. სამუსიკო სასწავლებლის შემდეგ, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ სამსახიობო და შემდეგ სარეჟისორო ფაკულტეტი.
შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისა და სპექტაკლებისათვის: „ამიკო“, „ბალზამინოვის ქორწინება“, „სიყვარულის მზე“, „იყო და არა იყო რა“ და სხვ. ხალხის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება კი მოუტანა სიმღერებმა „დავლევ, აბა რას ვიზამ“ და „იასამანმა“ . მერე იყო „მე გვირილასთან გიცდიდი“, „იმ ღამეს თოვდა“, „მიყვარხარო“, „მთვარე ანათებს“, „თურმე იასთან გეძინა“, „ნიკალა პაპა“, „მზეო თიბათვისა“ და მრავალი სხვა. არის ავტორ-შემსრულებელთა გაერთიანება „ბარდების“ პრეზიდენტი.


- სიყვარულის ფორმულა ჯერ არავის ამოუხსნია, მაგრამ ყველამ იცის, რომ კარგი და აუცილებელია. ჩემი აზრით, შესაძლებელია, სიყვარული ადამიანს რამდენჯერმე ეწვიოს. შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ მაშინვე ვერ გააცნობიერო და მხოლოდ მოგვიანებით აღმოაჩინო, რომ გყვარებია... ან შეიძლება, სიყვარული გეგონოს და მერე მიხვდე, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ვნება იყო. 


- როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე ნინო ბადაგაძე?
- ჰოო... ამაზე არასოდეს მილაპარაკია, პირველად თქვენთან ვყვები. ამ ისტორიაში ის არის საინტერესო, რომ სანამ ჩემი მეუღლე გახდებოდა, ნინო ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელი იყო. ჩემს ინტერვიუებსა და ჩემთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას აგროვებდა, ოთახში ჩემი სურათები ჰქონდა გაკრული...


- რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ამბავი?
- დიდხანს, მაგრამ მაშინ ცოლი მყავდა და გამოჩენა არ უცდია. წლების შემდეგ გრიბოედოვის თეატრში დავდგით სპექტაკლი, სადაც ჩემი მუსიკა იყო და მთავარ როლსაც ვთამაშობდი. ნინოს მეზობელი ჰყავდა, რომელიც თეატრში მუშაობდა და მოსაწვევებით ამარაგებდა. ყველა სპექტაკლზე მოდიოდა. ერთ დღესაც მისმა მეზობელმა მითხრა, შენი ფანი უნდა გაგაცნოო. გავიცანი, მერე ეს ურთიერთობა გაგრძელდა, სიყვარული გაჩნდა და დღეს ერთად ვართ. ცოლად რომ მოვიყვანე, მერე მაჩვენა გაზეთებიდან ამოჭრილი ჩემი ინტერვიუები, ფოტოები და გაოგნებული დავრჩი.


- შენი მეუღლე პირველი მეუღლის, ნინო ლეჟავას სეხნიაა და ფიზიკურადაც ძალიან ჰგავს...
- ამბობენ, მაგრამ მე ვერ ვამსგავსებ.


- „ვკრეფდი იასამნებს მხოლოდ შენთვის / შორს შენგან ყოფნა, მე ვიცი, შემშლის“... იქნებ გაგვიმხილო, „იასამანი“ ვის ეძღვნება?
- სიყვარულზე სხვაც ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, მაგრამ კონკრეტულად ვინმეს რომ ეძღვნებოდეს, ასე არ არის. მიძღვნები ჩემი საქმე არაა. უცბად მოვა და დაწერ. „იასამანიც“ ასე შეიქმნა, წარმოსახვით..


- იქნებ, ბოლოს და ბოლოს, გაგვარკვიო, „დავლევ, აბა, რას ვიზამ“ ბახუსის სიყვარულმა დაგაწერინა თუ ქალის?
- ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს. შეყვარებულთან კონფლიქტი მომივიდა. ამის მერე ისე  მოხდა, რომ რამდენიმე დღე გადაბმით დალევა მომიწია. იმან ეს ამბავი, რატომღაც, კონფლიქტს დაუკავშირა და მითხრა, ასე ძალიან ნუ განიცდი, არ შეიძლებაო. მეც შევიფერე და ვუთხარი, - დავლევ, აბა რას ვიზამ-თქო. ეგრევე „დამარტყა“ თავში და ვერაზე წავედი. სახლში ერთი შავი პიანინო მქონდა. დავჯექი და დავიწყე, „დავლევ, აბა რას ვიზამ / შენს ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე. / თავი მე ცოცხალი რად მინდა, / სიყვარულში ერთხელ თუ არ გამიმართლებს“. მერე „გავიჭედე“, დავანებე დაკვრას თავი და რესტორანში წავედი. ძალიან მიყვარს ცაბაძის სიმღერა „ძველი თბილისი ისევ მიგონებს“ და დამკვრელებს ვუთხარი, მიდით, ერთი მადლიანი, თბილისური შეუბერეთ-მეთქი და ეგრევე დავამთავრე ჩემი სიმღერა. ასე რომ, სიყვარულზეა ეს სიმღერა და არა ქეიფსა და დროსტარებაზე.


- ეჭვიანობა სიყვარულის ნიშანია?
- ეჭვიანობა ნიშნავს, რომ დაკარგვის გეშინია, მაგრამ როცა მის სიყვარულში დარწმუნებული ხარ, ეჭვები უადგილოა. საერთოდ, მე ეჭვიანი ბუნების ვარ, მაგრამ ნინო ყველანაირად ცდილობს, არ მაეჭვიანოს. ამ მიმართულებით ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს.


- შენც ცდილობ?
- მე ხელოვანი ვარ და შეიძლება, ვიღაცამ კომპლიმენტი მითხრას ან გამეპრანჭოს. ნინო წიგნიერი და განათლებული გოგოა და იცის, რომ ამისგან ტრაგედია არ უნდა შექმნას. ამას წინათ ქობულეთში ვიმღერე და ნინოც იქვე იყო. სიმღერა რომ დავამთავრე და მასთან მივედი, უცებ მითხრა, მოდი, ვიცეკვოთო. გამიკვირდა, ასე უცნაურად არასოდეს უთხოვია ცეკვა. თურმე ორი უკრაინელი გოგონას მზერა დააფიქსირა და ცეკვის დროს გამომიტყდა, ის გოგოები ძალიან ცუდად გიყურებდნენო. მერე ამაზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. სხვათა შორის, თუ ეჭვი გამიჩნდა, არ არსებობს, ის არ დადასტურდეს. სიყვარულზე არ ვამბობ, ზოგადად...  კარგი ინტუიცია მაქვს და ბევრ რამეს წინასწარ ვხვდები.


- რა აზრისაა ტრადიციების მოყვარულ, თბილისურ ოჯახში გაზრდილი ადამიანი ოჯახების გახშირებულ ნგრევაზე?
- დიახ, მე ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და დარწმუნებული ვარ, რომ როგორ ოჯახშიც იზრდები, იმის მიხედვით  ქმნი საკუთარსაც. ძნელი და ცუდია ოჯახის დანგრევა. ოჯახი მეც დამენგრა, თუმცა მის გადარჩენას ყველანაირად ვეცადე  და არაფერი გამოვიდა. ადამიანები ვართ, ყველას რაღაცა გვეშლება, მაგრამ პატიებაც უნდა შეგვეძლოს. მშობლების დაშორებით ბავშვი იმხელა ტრავმას იღებს, რომ არაფრად ღირს იმის ძახილი, შემიყვარდა და რა მექნაო. სანამ შეგიყვარდებოდა, მანამდე უნდა გეფიქრა. თუ შვილებისთვის რაღაცების დათმობა არ შეგიძლია, არც შვილის და არც ოჯახის ღირსი არ ხარ. ამაზე ქალებმაც უნდა იფიქრონ, როცა ისეთ ადამიანთან ცდილობენ დაახლოებას, რომელსაც ოჯახი და შვილები ჰყავს. ზოგადად კი, ყველაზე მეტად უღალატო ადამიანს ვაფასებ. სწორედ მოღალატეებმა გააკრეს ქრისტე ჯვარზე... ძალიან ხშირად ვფიქრობ ამაზე.


- ცოტა მსუბუქ თემებზე გადავიდეთ... ლუდის ბარის წინ ხუთ თეთრად მართლა იმღერეთ?
- იყო ასეთი ისტორია. სამეზობლოში დალევა მომიწია. მეორე დღეს ნაბახუსევზე გამოსვლა და ისევ შესვლა არ მიყვარს, მაგრამ როცა წინა დღის თანამეინახემ მთხოვა, წამო, ლუდი დავლიოთო, ხათრი ვერ გავუტეხე. ისე მოხდა, რომ ფული არც ერთს არ გვქონდა. ჯიბეში რაღაც ხურდები მოვიჩხრიკეთ და ლუდის ბარში წავედით. რიგში რვა-ცხრა წლის ბავშვი მოგვადგა და ფული გვთხოვა, - ბიძიებო, 15 თეთრი მომეცით და მაგარ სიმღერას გიმღერებთო. ფული მივეცით და ამანაც შემოსძახა: „დავლევ, აბა, რას ვიზამო“. ამასობაში რიგმა მოგვიწია და ლუდზე 5 თეთრი დაგვაკლდა. მიუბრუნდა ჩემი ახლობელი ამ ბავშვს და უთხრა, - 5 თეთრი დაგვიბრუნე და მაგ სიმღერას ავტორი ორიგინალში შეგისრულებსო. მეც ავდექი და ვიმღერე. მერე ეს ამბავი ერთ ჟურნალისტს მოვუყევი, თან ვთხოვე, არ დაწერო-თქო, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც დაიბეჭდა სტატია სათაურით: „მიშა ზაქარიაშვილმა ლუდის ბართან ხუთ თეთრად იმღერაო“. აი, ასე იყო.


- საუბრის ბოლოს, იქნებ სამომავლო გეგმებზეც გვიამბოთ.
- 26 ივლისს 49 წლის გავხდი და გამიჩნდა იდეა, რომ 50 წლის თავზე ცოცხალ ორკესტრთან ერთად, კონცერტი გავაკეთო. სექტემბრიდან აქტიურად ვაპირებ ამაზე მუშაობას. თუ გამოვიდა, ეს ჩემთვის ფეხბურთიდან გაცილებასავით იქნება. მინდა, ხალხს რეზიუმეს სახით გავაცნო, რას ვაკეთებდი ამ წლების მანძილზე. მერე საერთოდ აღარ ამოვიღებ ხმას და სცენას დავემშვიდობები.
მე უკვე მქონდა სოლო კონცერტები 1989 და 1991 წლებში მარჯანიშვილის თეატრში და 1993 წელს ფილარმონიაში. ახლა ახალგაზრდების დროა. არანაირი შემოსავალი არ მაინტერესებს. უბრალოდ, მინდა, ხარისხიანი კონცერტი იყოს. ესაა და ეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?