„სიცილის დედოფლის“ გაუმხელელი სევდა და უკანასკნელი, აუხდენელი ოცნება

სიყვარულის ისტორიები

22 აგვისტო 14:00, 2015 წელი

„მე ცაში ვისვრი სამეფო ნიღაბს / თვალებს ცრემლებით ვივსებ, / ერთხელ გამაცინეთ, თუ ღმერთი გწამთ / მე რომ გაცინებდით, ისე“.

 
სიცილის დედოფლად“ აღიარებული, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მზია კვირიკაშვილი ყველგან და ყოველთვის მხიარულებასთან ასოცირდებოდა. მხოლოდ მისმა უახლოესმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ეს საოცარი ქალბატონი დიდი სევდის მატარებელი იყო. მსახიობის და, ვიოლა კვირიკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მზიას სევდა განსაკუთრებით მეუღლესთან დაშორების შემდეგ მოეძალა, როცა ერთადერთი ვაჟის აღზრდა და ოჯახის ტვირთი დააწვა მხრებზე. საუკეთესო მეგობართა წრის მიუხედავად, „სიცილის დედოფალი“ მაინც მარტოსული ქალბატონი იყო. 60 წლის ასაკში ბედის საძიებლად ამერიკაში გაემგზავრა, თუმცა მსახიობს უმძიმესი დაავადება - ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა. იმის გამო, რომ ამერიკაში მკურნალობისთვის სახსრები არ ჰქონდა, იძულებული გახდა, საქართველოში დაბრუნებულიყო. 
მზია კვირიკაშვილი 2010 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რაზე დარდობდა, რაზე ოცნებობდა და სიცოცხლის ბოლო წლებში ყველაზე მეტად რამ ატკინა გული?
FunTime-ს „სიცილის დედოფლის“ უახლოესი მეგობარი, მსახიობი მამუკა ლომაშვილი ესაუბრება:


- ჩემთვის დიდი პატივია, რომ მზია კვირიკაშვილის მეგობარი მქვია. ეს იყო ერთდროულად, უდიდესი და  საოცრად თავმდაბალი ადამიანი, რომელიც ვერც სიცოცხლეში და ვერც გარდაცვალების შემდეგ ვერ დავაფასეთ ისე, როგორც ამას იმსახურებდა. მზია ძალიან განათლებული და რელიგიური ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი დიასახლისი ბრძანდებოდა და ამასთანავე, გატაცებული იყო ფილოსოფიით. მასთან შეიძლებოდა საუბარი  ნებისმიერ თემაზე. ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა, ეს გამოემჟღავნებინა. უდიდეს სევდას ატარებდა, მაგრამ ხალხი მისგან მხიარულებასა და დადებით ემოციებს ელოდა. მზია კი ის ადამიანი იყო, რომელიც იმედს ვერავის გაუცრუებდა. ყველა ასაკის ადამიანთან მისი თანატოლი ხდებოდა. მახსოვს, მასთან სახლში მეგობრებთან ერთად ავედი და შემოგვთავაზა, - „დურაკა“ ვითამაშოთ გამურვაზე, ოღონდ დაგინებულია, ვინც სახიდან მოიშოროსო და ბოლოს, სრულიად გამურულები სახლიდან სიცილ-კისკისით გამოგვიშვა.


- რა იყო „სიცილის დედოფლის“ დიდი სევდის მიზეზი?
- უამრავი დარდი ჰქონდა... შეეძლო, სრულიად უცნობი ადამიანის პრობლემის გამო ეტირა. დიდხანს ეფიქრა, როგორ დახმარებოდა და ძალიან განიცდიდა, თუ ამას ვერ შეძლებდა.  ნებისმიერ ადამიანს შეიფარებდა, დააპურებდა, მოეფერებოდა. ზოგჯერ გზის ფულიც არ ჰქონდა, მაგრამ  ციხეში, მიუსაფარ ბავშვთა სახლში თუ სხვაგან, საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობაზე უარი არასოდეს უთქვამს. არც ერთი წუთი არ დაფიქრდებოდა, წავიდე თუ არაო. როგორც თავისი ქვეყნის პატრიოტი, დარდობდა ხალხისა და ქვეყნის მდგომარეობის გამო. 80-იან წლებში მოსკოვში იუმორისტების საკავშირო ფესტივალი ჩატარდა, სადაც მზია სამ უძლიერეს იუმორისტს შორის გავიდა და ლაურეატი გახდა. დარჩენის შემთხვევაში, მოსკოვი უამრავ პრივილეგიას სთავაზობდა, მაგრამ კატეგორიულად თქვა, ჩემი შვილი საქართველოში უნდა გაიზარდოსო და დაბრუნდა. რომ დარჩენილიყო, ალბათ, სხვაგვარად წარიმართებოდა მისი ცხოვრება, მაგრამ საქართველოს გარეშე ვერ გაძლო. თავისი ნიჭისა  და პოტენციალის სრულად რეალიზებას რომ ვერ ახერხებდა, დარდზე დარდი ემატებოდა. ხშირად უთქვამს, ბოლომდე ვერ ვიხარჯები და იმას ვერ ვაკეთებ, რაც მინდაო. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ სოლო კონცერტის გაკეთებაზე ოცნებობდა და  არ აღირსეს. ნაწყენი იყო, რადგან ზოგიერთმა ახლობელმა, დახმარების ნაცვლად, ყველანაირად შეუშალა ხელი, რომ სოლო კონცერტი არ და ვერ ჩაეტარებინა. თუმცა მაინც იმედიანად იყო. სიკვდილის წინა დღეებშიც კი იმეორებდა, დედას ვუტირებ და სოლო კონცერტს მაინც გავაკეთებო. გულში ხინჯად მაქვს, რომ ასეთი გულდაწყვეტილი წავიდა ამ ქვეყნიდან...


- ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მზია კვირიკაშვილი აკრძალული მსახიობების  სიაში იყო...
- დიახ. მაშინ არსებობდა პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც  მსახიობებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით ახარისხებდა... მზია „კარის მსახიობთა“ რიგს არ განეკუთვნებოდა და ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა. ხალხის გვერდით იდგა 2007 წლის ნოემბრის აქციებზეც, რომელსაც „იუმორინას“ მსახიობები შეუერთდნენ. მახსოვს მზიას ამაღელვებელი გამოსვლა, როცა მან „ლალე, ლალე“ იმღერა და თან ტიროდა. ნოემბრის აქციების შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგა. უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დაურეკეს და წინასაარჩევნო კონცერტზე გამოსვლა შესთავაზეს. რა თქმა უნდა, შემოსავალი ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა, - რაც ამათ ხალხს გაუკეთეს, მას მერე მაგათ კონცერტზე როგორ გამოვიდე, ეს ჩემი ხალხის ღალატი იქნებაო. ნაციონალები ისედაც ცუდად უყურებდნენ და უარი რომ მიიღეს, მაშინვე „შავ სიაში“ ჩასვეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ არც კონცერტებზე დაუძახებდნენ, არც ტელევიზიაში... ფაქტობრივად, ყველა გზა ჩაუკეტეს და შემოქმედი ადამიანი უმოქმედოდ დატოვეს. მზია მიხვდა, რომ მარტო „იუმორინათი“ თავს ვერ გაიტანდა და 2008-09 წლებში იძულებული გახდა, ამერიკაში წასულიყო.  იქიდან ხშირად მეხმიანებოდა და ტირილით მიყვებოდა, როგორ არ უნდოდა იქ ყოფნა და როგორ ენატრებოდა სამშობლო. საქართველოში „მოლაპარაკე ჟანრის“ სულ 8-9 მსახიობია  და მათ შორის, ერთადერთი სიცილის დედოფალი იყო. როგორ შეიძლებოდა, ასეთი პოტენციალის მსახიობისთვის ელემენტარული საარსებო პირობები ვერ შეგვექმნა?


- როდის გაიგეთ, რომ მძიმე დაავადება ჰქონდა?
- ამერიკიდან ცუცა კაპანაძემ დამირეკა და მითხრა, მზია ძალიან ცუდად არისო. ამის მოსმენა ჩემთვის შოკი იყო. ისე ჩამოფრინდა, რომ მისი ავადმყოფობის შესახებ დამ და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა არაფერი იცოდნენ. ავადმყოფობა ძალიან სწრაფად განვითარდა, მზია საოცრად შეცვლილი იყო და არ უნდოდა, რომ აეროპორტში მყოფ ხალხს დაენახა. აეროპორტის ადმინისტრაციას ვთხოვეთ, სასწრაფო დახმარების მანქანის შიგნით შეყვანის უფლება მოეცათ. მორიგი შოკი ადმინისტრაციის პასუხის მოსმენის შემდეგ მივიღე: შენ და მზია ოპოზიციონერები ხართ და ამიტომ სასწრაფოს მანქანას ვერ შემოგაყვანინებთო. აეროპორტის დარბაზში რომ გამოიარა, მზიას სახეზე დოლბანდი ჰქონდა აფარებული..


- სევდიანი „სიცილის დედოფალი“ ყოფილ მეუღლესა და დანგრეულ ოჯახზე თუ საუბრობდა?
- ამაზე კი არ საუბრობდა, ხუმრობდა და ჩვენც გვახალისებდა. მისი მეუღლე გემის ორკესტრში უკრავდა. მზია ამბობდა: გემი რომ გავიდოდა და პორტიდან თეთრ „პლატოკს“ დავუქნევდი, სანამ დაბრუნდებოდა, სამი დღე „პლატოკს“ ვაფრიალებდიო. ისე ყვებოდა, თითქოს ეს მისთვის ძალიან უმტკივნეულო თემა იყო, თუმცა სინამდვილეში რას გრძნობდა, მხოლოდ მან იცოდა... რა თქმა უნდა, მარტო შვილის გაზრდას ბევრი პრობლემა ახლავს. შეიძლება განიცდიდა, მაგრამ ამას არავის დაანახვებდა.


- ახალგაზრდობაში დანგრეული ოჯახი, ერთადერთი შვილის მარტოხელა დედობა, სიცოცხლის ბოლომდე მარტოობა და სასიკვდილო დიაგნოზი... ვფიქრობ, მზია კვირიკაშვილსა და ეთერ კაკულიას ბევრი საერთო ჰქონდათ.
- კიდევ ერთ მნიშვნელოვან პარალელს დავამატებდი - ეთერ კაკულია მზია კვირიკაშვილმა გამაცნო. ისინი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ეთერიც, როგორც მზია, ძალიან დიდი სევდის მატარებელი იყო და არ იმჩნევდა. ორივესთვის ცხოვრების უმთავრესი აზრი შვილები და შვილიშვილები იყო. მახსოვს, ეთერი არაფრით იჯერებდა მზიას ავადმყოფობის ამბავს, არ უნდოდა ამის დაჯერება. ბოლოს ერთად ვიყავით მზიას მოსანახულებლად.


- იქნებ, „სიცილის დედოფლის“ სიცოცხლის ბოლო დღეები გაიხსენოთ?
- ძალიან გულდაწყვეტილი წავიდა. მზიას ცხოვრების აზრი იყო, სხვისთვის მიენიჭებინა სიხარული და სიამოვნება, მაგრამ  მის გახარებაზე არავის უფიქრია. მზიას სიმღერა „გაუღიმებელი სული დამაქვს“ მთლიანად ასახავს მის ცხოვრებას. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მაშინ სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ და მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების გამგემ შოთა მაღლაკელიძემ მზიას მკურნალობისთვის ყველაფერი მაქსიმალურად და უსწრაფესად გააკეთეს. ძალიან მინდა, ოდესმე მაინც შევძლო მზია კვირიკაშვილის ოცნების ასრულება და მისი სოლო კონცერტის ჩატარება - ისე, როგორც მზიას ეკადრებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მის გარეშე.


ყველა დროის უდიდეს კომიკოსს ჩარლი ჩაპლინს აქვს ნათქვამი: მიყვარს წვიმაში სეირნობა, რადგან ვერავინ ამჩნევს ჩემს ცრემლებსო. ადამიანებმა, რომლებმაც ცხოვრების მიზნად სხვა ადამიანების გამხიარულება დაისახეს, თითქოს თავის თავს აუკრძალეს, საკუთარი ტკივილის საქვეყნოდ გამომზეურება...  



...ჩემს სახლში სტუმრად დაგიგულოთ
გულით შევუკეთო ბუხარს,
მოდით სიცოცხლე დაგიბრუნოთ
ცუდ გუნებაზე თუ ხართ.
(ავტ. მზია კვირიკაშვილი)


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?