„თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი“... გრიშაშვილის ცხოვრების ცნობილი და უცნობი ქალები

სიყვარულის ისტორიები

5 სექტემბერი 14:00, 2015 წელი

ქართული სატრფიალო პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ხალხის მიერ „კოცნის პოეტად“ შერაცხული იოსებ გრიშაშვილი (მამულაშვილი) 1889 წლის 12 აპრილს თბილისის ძველ უბანში, ხარფუხში დაიბადა.

პოეტს მძიმე ბავშვობა ჰქონდა. 14 წლისას მამა გარდაეცვალა, შემდეგ კი დედა კი გაუთხოვდა.
სახლში მარტო დარჩენილი, იძულებული გახდა, თავის სარჩენად, სწავლისთვის თავი დაენებებინა და მუშაობა დაეწყო. მომავალ პოეტს ცხოვრების ურთულესი პერიოდი წიგნის სიყვარულმა და კითხვამ გადაატანინა. ერთხანს რუსთაველის სახელობის თეატრში სუფლიორად მუშაობაც მოუწია.
სწორედ ამ პერიოდში გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა მსახიობი ოლღა ლეჟავა, რომელსაც ოცდაათზე მეტი ლექსი მიუძღვნა.
ეს სიყვარული ცალმხრივი აღმოჩნდა. ოლღა ლეჟავა გრიშაშვილის მიმართ მეგობრულად განწყობილი გახლდათ და დამოკიდებულება ბოლომდე არ შეუცვლია.
ცალმხრივი გამოდგა პოეტის მორიგი სიყვარულიც. მისი ტრფობის ობიექტი სოფიო ჩიჯავაძე სხვაზე გათხოვდა და საცხოვრებლად უცხოეთში გადავიდა. პოეტმა ამ სიყვარულსაც ოცდაათზე მეტი ლექსი გააყოლა...
სოფიოს შემდეგ იყვნენ ფოთის თეატრის მსახიობი ნინო ჩიხლაძე, მარიჯანი და მრავალი სხვა...
იოსებ გრიშაშვილის 1906-07 წლებში გამოცემულ ლექსების პირველ კრებულში უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობაა. 1909-1914 წლებში გამოცემულ კრებულებში კი ინტიმურ-სატრფიალო მოტივი დომინირებს („მაჯამა“, „ლერწამი ხარ“, „რა კარგი ხარ, რა კარგი“ და ა.შ.).
მგოსნის ცხოვრებაში, რომელიც ყოველივე ლამაზსა და მშვენიერს ეტრფოდა, ქალებს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ. ქალი მისი შემოქმედებითი მუზა გახლდათ.
გრიშაშვილის პოეზიას მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ეროტიკულიც კი უწოდეს.
ამბობენ, რომ გრიშაშვილი ქალებს წიგნებს ადარებდა და ამბობდა, რომ ქალისა და წიგნის  სახეტიალოდ გაშვება არ შეიძლება, თორემ უკან ორივე გაცვეთილი დაბრუნდებაო.
„სადა ხართ ლამაზმანებო. / მოდით, დამათვრეთ ბუნებით. / ამივსეთ ტუჩის ყულაბა / მაგ კოცნის უზალთუნებით“, - წერდა მარადიულად შეყვარებული მგოსანი.
სრულიად განუმეორებელი პოეზიის წყალობით გრიშაშვილი უზომოდ პოპულარული გახდა.


„კოცნის პოეტს“ სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა ქალები, რომლებიც სხვადასხვა დროს უყვარდა.
მის დღიურებსა და უბის ჩანაწერებში ქალებთან დაკავშირებული ბევრი პიკანტური ამბავია შემონახული. პოეტს ზოგიერთ ქალბატონთან, სიყვარულის გარდა, დიდი ვნებაც აკავშირებდა, ზოგთან კი - მხოლოდ პლატონური ურთიერთობა.
რამდენიმე მანდილოსანი მისი შვილის დედაც გახდა, თუმცა პოეტის ერთადერთი, ოფიციალური ცოლი მსახიობი ქეთო ჯაფარიძე იყო, რომელთანაც 1949 წელს, 60 წლის ასაკში დაქორწინდა.
იოსებ გრიშაშვილი 1965 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. 
პოეტის სიცოცხლეშივე გახსნილ სახლ-მუზეუმში, რომელშიც იოსებ გრიშაშვილის იშვიათი წიგნებით ცნობილი  ბიბლიოთეკა ინახება, დღეს მისი დისშვილი და მუზეუმის დირექტორი ნოდარ გრიგალაშვილი ცხოვრობს.
პოეტის სატრფიალო პოეზიასა და ქალებთან დამოკიდებულებაზე სასაუბროდ, სწორედ ნოდარ გრიგალაშვილს დავუკავშირდით:  


- იოსებ გრიშაშვილი ბებიაჩემის ძმა იყო. მისი მუზეუმის მოწყობა დეიდას მცდელობით მოხდა.
დეიდა 1992 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ ბევრი რამ გადავიტანეთ. რომ არა ბიძინა ივანიშვილის დახმარება, მუზეუმის შენობა დანგრევისთვის იყო განწირული.
ბევრ საინტერესო ლიტერატურულ-ისტორიული ხასიათის ცნობას  მოიცავს იოსებ გრიშაშვილის  დღიურები, უბის წიგნაკები და ჩანაწერები. გრიშაშვილის ლექსების ერთ-ერთი მთავარი თემა სატრფიალო მოტივი იყო. „გრიშაშვილის ცხოვრების ქალებმა“ დიდი ადგილი დაიკავეს პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაში. სხვადასხვა დროს პოეტის ლექსების მუზებად ქცეულან ოლღა ლეჟავა, სოფიო ჩიჯავაძე, მარიჯანი (მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე), ქეთო ჯაფარიძე. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ზემოჩამოთვლილთა გარდა, პოეტის ცხოვრებაში არსებობდნენ სხვა მანდილოსნებიც, რომლებმაც არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მის ცხოვრებაში.


- ვინ იყვნენ ეს ქალები და რა არის მათ შესახებ ცნობილი?
- იყო ასეთი ქალი - ხარფუხელი მაშო, რომლის შესახებაც პოეტი თავის უბის წიგნაკში წერდა: „15-16 წლის ვიყავი, როცა მაშო შემიყვარდა, თუმცა რატომ არ შემიყვარდებოდა, ისეთი ლამაზი იყო“. ამ ხარფუხელ მაშოს გრიშაშვილმა ოთხ ენაზე მიუძღვნა ლექსი.
ოლღა ლეჟავას, სოფიო ჩიჯავაძისა და მარიჯანის შესახებ ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ნაკლებად არის ცნობილი მარუსია ყანდიმოვის შესახებ, რომელსაც გრიშაშვილმა „სად შენა და სად მარუსას თვალებიო“ უძღვნა.
ამის მერე იყო  მარუსია წერეთელი, თამარ ელიაძე, ოლია ნემსაძე, ნინო თარიშვილი, რომელსაც გრიშაშვილმა „ჩემი აღმართი“ მიუძღვნა.
„რა კარგი ხარ, რა კარგი“ მერი ნაკაშიძეს ეძღვნება.
ასე რომ, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ქალბატონებიც პოეტის სრულფასოვანი მუზები და ბევრი კლასიკური ლექსის ადრესატები იყვნენ.


- გრიშაშვილს ამ ქალბატონებთან ინტიმური სიახლოვე ჰქონდა?
- პოეტის უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერებიდან და წერილებიდან ჩანს, რომ ზოგიერთთან ჰქონდა. მაგალითად, მარუსია წერეთელი გათხოვილი ქალი იყო. მისი ქმარი საჩხერეში ცნობილი ქველმოქმედი გახლდათ, რომელიც ხშირად მართავდა პოეტურ საღამოებს. წერილებიდან ჩანს, რომ გრიშაშვილს მარუსია წერეთელთან  ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მარუსას წერს, ჩემს წერილს რომ მიიღებ, დახიეო, თვითონ კი ყველაფერს ინახავდა და რაღაც დღიურის მსგავსს აწარმოებდა, სადაც ამ ქალების შესახებ ყველაფერს წერდა. იმასაც აკონკრეტებდა, რომელი ქალი ვის გაჰყვა ცოლად...


- ბობოქარი სასიყვარულო თავგადასავლებით ცნობილ პოეტს თავისი მუზების მეუღლეებთან კონფლიქტი არასოდეს მოსვლია?
- არასოდეს. თანაც ინტიმური სიახლოვე ყველასთან არ ჰქონია. მაგალითად, ცნობილი ქველმოქმედის ს.ე-ძის მეუღლესთან თ.ე-ძესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ დღიურებიდან ჩანს, რომ მათი ურთიერთობა ხვევნა-კოცნაზე შორს არ წასულა. იოსებ გრიშაშვილი მექალთანე არ იყო. უბრალოდ, პოეტური სული ჰქონდა და ქალები შემოქმედებითი მუზისთვის სჭირდებოდა.


- ქეთო ჯაფარიძემ თუ იცოდა მეუღლის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ და ეჭვიანობდა თუ არა?
- როგორც იცით, გრიშაშვილი 61 წლის იყო, როცა დაოჯახდა. ქეთო ჯაფარიძე ცნობილი მომღერალი გახლდათ, რომელიც თამარ წერეთელთან ერთად ლენინგრადში რუსულ რომანსებს მღეროდა. მისი პირველი ქმარი შუა აზიაში გადაასახლეს. მეორე ქმარი - სერგო ბაბოვი იყო, პროფესორ არშალ ბაბოვის შვილი. როგორც მახსოვს, კიდევ ვიღაც გენერალი ჰყავდა და ბოლოს, მიხეილ ჭიაურელისა და ვერიკო ანჯაფარიძის მცდელობით, იოსებ გრიშაშვილთან დაქორწინდა. ჭიაურელი და ვერიკო ქორწილში მეჯვარეები იყვნენ. ქეთოს გრიშაშვილზე არასოდეს უეჭვიანია. ერთად 15 წელი იცხოვრეს და ქეთო ჯაფარიძეც უამრავი სასიყვარულო ლექსის ადრესატი გახდა.


- როგორც ვიცი, იოსებ გრიშაშვილს ქორწინების გარეშე რამდენიმე შვილი ჰყავდა... მათ შორის, გათხოვილ ქალბატონებთანაც.
- დიახ. მარიჯანს ქმრისგან ორი შვილი ჰყავდა და მესამე გრიშაშვილისგან ეყოლა.


- მარიჯანის ქმარმა ამის შესახებ იცოდა?
- კი, გაიგო. შვილმაც გაიგო. ეს იყო ცნობილი მოქანდაკე, რომელიც შარშანწინ გარდაიცვალა. პოეტს მარიჯანიც და მისი შვილიც ძალიან უყვარდა. ბუნებრივია, როცა ქალი გიყვარს, შვილიც გიყვარს, რომელიც მისგან გყავს. ხოლო თუ ქალი არ გიყვარს...


- გრიშაშვილის ცხოვრებაში ასეთებიც იყვნენ?
- დიახ. იყო ქალი, რომელმაც პოეტის გამოყენება გადაწყვიტა და ბავშვი გაუჩინა. რა თქმა უნდა, იმ ბავშვს არაფერი დაუშავებია, მაგრამ გრიშაშვილს არც ის უყვარდა და არც დედამისი. სამწუხაროდ, ილამაზ გრიშაშვილის ცხოვრებაც უკუღმართად აეწყო. ფსიქიკურად დაავადდა და გრიშაშვილის გარდაცვალების შემდეგ, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. დეიდასგან გამიგია, რომ იოსებს კიდევ ჰყავდა შვილი, მაგრამ მის შესახებ არაფერი ვიცი.
საუბრის ბოლოს გეტყვით, რომ გრიშაშვილის ბევრი წერილი დაკარგული და განადგურებულია. ოჯახში რომ არავის ენახა, ქალები მიმოწერას ანადგურებდნენ, თუმცა იოსები მათ ყველა წერილს ინახავდა. გრიშაშვილს თავისი ქალები სიკვდილამდე ახსოვდა და მათ მიმართ განცდილი ემოცია და გრძნობები თავის სატრფიალო ლექსებსა და პირად დღიურებში შემოგვინახა.


* * * 


შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად. 


შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!


შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად -
და სადაც წახვალ - ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა მრუშება, აგედევნება.


მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: „რისთვის დავანაწილე
მე სიყვარული ხარისხეულად! 


რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?“


მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს -
მოვალ და ჩემი კოცნით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს.


არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე, ბედნიერი და უბედური -
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.


გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?