„ქართველი ჩარლი ჩაპლინის“ სიყვარულის ისტორია - ქართლოს კასრაძის „ლურჯი აპრილი“

სიყვარულის ისტორიები

19 სექტემბერი 14:00, 2015 წელი

ლურჯი აპრილი შენს თავს მაგონებს, მე შენზე დარდი მკლავს, მკლავს და მაღონებს... - ეს ლექსი ქართლოს კასრაძემ საყვარელ ქალთან ქორწინებას მიუძღვნა.

ქართლოს კასრაძისა და თალიკო ჯაველიძის ქორწინება 1959 წლის 5 აპრილს შედგა, თუმცა თავდაპირველად, ქორწილის დღედ პირველი აპრილი ყოფილა ჩანიშნული. გურული საპატარძლო და მისი ნათესაობა ქორწილის სამზადისში იყვნენ, როცა სასიძომ ტელეფონით დარეკა და ქორწილში ვერ ვიქნებიო, გამოაცხადა.
ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოჰყვებოდა ამ ამბავს. ნახევარი გურია ქორწილის ჩაშლას გლოვობდა, როცა გაირკვა, რომ პირველ აპრილს მსახიობს „უდიპლომო სასიძოში“ იღებდნენ და ქორწილი 5 აპრილისთვის გადაიდო. მოგვიანებით, ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა: გურულებმა ქალი ქართლოს კასრაძეს გაატანეთ და მე არ მატანთო?


საქართველოს სახალხო არტისტი, მწერალი, ღირსების ორდენის კავალერი, ჟურნალისტი, მსახიობი, იუმორისტი, რომლის გახსენებაზე ღიმილის შეკავება შეუძლებელია, უდიდესი ნიჭის ადამიანი, რომელსაც ინგლისში კონცერტები ინგლისურად მიჰყავდა, გერმანიაში - გერმანულად, პოლონეთში - პოლონურად, ნიდერლანდებში - ჰოლანდიურად.
მსახიობი, რომელსაც შვედებმა პატარა ჩარლი ჩაპლინი შეარქვეს.
ოთხი შვილის - მერაბის, გურანდას, ნაისისა და დათოს მამა, ათი შვილიშვილისა და ექვსი შვილთაშვილის ბაბუა და უბრალოდ, კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს...


ქართლოს კასრაძის უკიდეგანო ნიჭიერებაზე ლეგენდები დადიოდა.  
მხოლოდ ქართლოსს შეეძლო:
მარცხენა ხელით წერა, ისე რომ ნაწერის წაკითხვა სარკეში იყო შესაძლებელი;
ზურგზე მოგდებულ გიტარაზე ესპანური მელოდიების დაკვრა, როცა ჩვეულებრივად გიტარაზე დაკვრა არ იცოდა;
ოდესმე წაკითხული ყველა ლექსის დამახსოვრება; 
აკაკი წერეთლის  „თორნიკე ერისთავის“ თავიდან ბოლომდე და ბოლოდან დასაწყისამდე უკუღმა წაკითხვა;
ხელის ერთი მოსმით ცხენისა და მხედრის, ჯონ კენედისა და ნაპოლეონ ბონაპარტის დახატვა;
19 სხვადასხვა ენაზე 2000-მდე კონცერტის ჩატარება;
...და ისეთი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო!


წიგნში „თბილისელი ბიჭი“ ქართლოს კასრაძის შვილი ნაისი კასრაძე ოჯახური ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს იხსენებს:
„თალიკოო, - ღრიალებს ქართლოსი, - წყალი მომიტანე, ტელევიზორის პულტი მომაწოდე და ერთი ცალი ბლინი გამომიცხვე.
- დე, რად გინდოდა, ასეთ კაცს რომ გაჰყევი ცოლად?
- სამაგიეროდ, კარგი მამაა, ერთგული ქმარი. ოჯახზე მეტად არაფერი უყვარს.
- მერე? არ გეზარება, ახალშობილივით რომ უვლი?
- ცოდოა, იღლება. არ გახსოვს, იმ დღესაც ძლივს რომ ამოვიდა ბელინსკიზე?!
- ეჭვიანი როა? ისეთ რამეს მოიფიქრებს! მე შენ გეტყვი, ფანტაზია აკლია.
- რას იზამ. მისი პროფესიის კაცი კიდევ კარგ ჭკუაზეა. ბევრი რამ ნახა ცხოვრებაშიც და კულისებშიც. უკეთილესია ქართლოსი. თავისთვის არაფერი უნდა. მე რომ არ ვყიდულობდე, საცვალიც არ ექნებოდა. ფილარმონიაში ხელფასს რომ აიღებდა, ჩამოდიო, მირეკავდა. რომ არ ჩავსულიყავი, იქვე არიგებდა ხოლმე.
- იცი, რას გეტყვი? რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, ძნელია ასეთი კაცის ცოლობა.
- ძნელი კია, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება საინტერესოა და უსასრულო.
- დე, მეც მინდა შენი და მამასნაირი სიყვარული ვიცოდე...“



როგორი სიყვარული იცოდა, როგორი მეუღლე, მამა და ბაბუა იყო ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ამაზე ქართლოს კასრაძის შვილი
გურანდა კასრაძე გვიამბობს:
- მამაჩემი მსოფლიოში საუკეთესო მამა იყო. მისი წასვლის შემდეგ თითქოს სიხარულმა მიგვატოვა. ბატონი მამა - ასე, ნახევრად ხუმრობით მივმართავდი და მოსწონდა, თუმცა არც არავისი ბატონი ყოფილა და ჩვენ შორის ასაკობრივი დისტანციაც არ იგრძნობოდა. მე და ჩემი და-ძმა დარწმუნებულები ვიყავით, რომ მამა ყოვლისშემძლე ჯადოქარი იყო, რადგან მთელი ცხოვრება არ წყდებოდა მასთან დახმარების მთხოვნელთა ნაკადი. მამაც ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო და რაც მის ძალებს აღემატებოდა. ბოლო დღეებამდე, მძიმე ავადმყოფიც კი დგებოდა ლოგინიდან და მეგობარს დასახმარებლად მიჰყვებოდა. უზომო სიყვარულს გასცემდა და ამიტომაც უყვარდათ იგი უპირობოდ.


- დედასთან მისი შეხვედრის შესახებ მოგვიყევით...
- დედა ოზურგეთიდან ჩამოსული სტუდენტი იყო და მამას მეზობლად ქირით ცხოვრობდა. მამა მაშინ ნუნუ ანანიაშვილზე იყო დაქორწინებული. დედა პირველად რომ ნახა, მისი სილამაზით აღფრთოვანება ძალიან უცნაურად გამოხატა - კედელს მიეყრდნო, ჩასრიალდა და ძირს დავარდა. მამას პირველი ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე ძალიან უყვარდა, უიღბლო გამოდგა. სამი თუ ოთხი წელი იცხოვრეს ერთად და დაშორდნენ.


- მეუღლესთან შერიგების მცდელობა არ ჰქონია?
- როგორც ვიცი, მამას არ უნდოდა ოჯახის დანგრევა და გამუდმებით შერიგებას ითხოვდა. ერთ დილას ნუნუმ კარი რომ გამოაღო, ნახა, რომ მამას ფეხსაწმენდზე ეძინა.
არა მგონია, რომ იმ სიყვარულებიდან, რომლებსაც ადამიანი ცხოვრებაში განიცდის, ერთი მეორეზე ნაკლებია ან მეტი.
ის სიყვარულიც იყო მამას ცხოვრებაში და ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი ძმა, რომელიც ძალიან გვიყვარს.
პირველ მეუღლესთან დიდი ხნის დაშორებული იყო, როცა მამა დედასთან შეუღლდა.
1959 წლის 5 აპრილს ჰქონდათ ქორწილი და ამ დღეს მიუძღვნა ლექსი „ლურჯი აპრილი“.
თავიდან მათ ურთიერთობაში უამრავ წინააღმდეგობას  ვხედავდი. მაგალითად, მამა ლექსებს უკითხავდა, დედას კი პოეზია არ უყვარდა, მაგრამ თურმე ამას მნიშვნელობა არ აქვს, როცა დიდი სიყვარულია. დროსთან ერთად, მათი გრძნობები უფრო სრულყოფილი ხდებოდა და ერთმანეთი იმაზე ბევრად უკეთესი გახადეს, ვიდრე წარმომედგინა. 


- ბატონი ქართლოსი ეჭვიანი ბუნების იყო?
- სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. დედაზე კი ძალიან ეჭვიანობდა. ბოლო წუთამდე ეჩვენებოდა, რომ დედა ულამაზესი იყო. როცა გიყვარს, ალბათ, ასე ხედავ. მამას დედას სიყვარულმა ლოცვა ასწავლა. შეეძლო ელოცა მხოლოდ იმის გამო, რომ დედას სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეევედრებინა. დედას ძალიან მძიმე დაავადება აღმოაჩნდა. მამამ იცოდა, რომ მეუღლის მზრუნველობის გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებდა  და ღმერთს სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე მეუღლე შეავედრა. უფალს სთხოვა, მისი ავადმყოფობა მე შემყარეო. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ მალე თავად გარდაიცვალა იმავე დაავადებით, ხოლო დედა განიკურნა. მამამ ავადმყოფობა უფლის საჩუქარივით მიიღო და მშვიდი და ბედნიერი წავიდა, თუმცა მის გარეშე ვერც დედამ გაძლო ერთ წელზე მეტი. ხშირად ამბობდა, გგონიათ, მამათქვენი აქეთ დიდხანს გამაჩერებს? მალე მეც წავალო და მართლა მალე წავიდა.


- დედა მამას დაბადების დღეს დაკრძალეთ...
- დიახ. ასე იყო... მამა კი ბერი გაბრიელის დაბადების დღეს 27 აგვისტოს დაიბადა. მკრეხელობა თუ არ იქნება, გავბედავ და ვიტყვი, რომ რაღაც თვისებებით ჰგავდა კიდეც. სხვათა შორის, თავისი ოთახი იატაკიდან ჭერამდე ნათესავებისა და ახლობლების სურათებით ჰქონდა სავსე. ყველას სურათი ჰქონდა გაკრული, ვინც უყვარდა. რემონტის დროს სურათები რომ ჩამოხსნეს და შპალერი ჩამოხიეს, ამის შემდეგ ძალიან მალე წავიდა. იმ დროს მოსკოვში ვცხოვრობდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ მამა და მამა გაბრიელი ერთ დღეს დაიბადნენ. და-ძმას ვთხოვდი, მამა გაბრიელის ზეთი მოუტანეთ-მეთქი. სწორედ ამ პერიოდში ზეთი თავისი ინიციატივით მოუტანა ადამიანმა, რომელიც მანამდე ჩვენს ოჯახშიც არ იყო ნამყოფი. ზეთს რომ იცხებდა, მაშინ მოინდომა ზიარება. ეზიარა და ისე წავიდა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იყო.  
მამა 78 წლისა გარდაიცვალა. თურმე ბავშვობიდან ამბობდა, 80 წლის ვერ გავხდებიო.


- ამბობენ, რომ მხიარული ადამიანები შინაგანად ძალიან სევდიანები არიან. ბატონი ქართლოსი როგორი იყო?
- მხიარულება სევდის გარეშე არ არსებობს. ძალიან ღრმა განცდები და  თავისი, ჩაკეტილი შინაგანი სამყარო ჰქონდა.
სულ ხალხთან ჰქონდა ურთიერთობა და ექსტრავენტულად ცხოვრობდა, მაგრამ, მე რომ მკითხოთ, ინტრავენტი იყო. მისი მსგავსი ღრმა განცდები და განსხვავებული სამყარო მარტო ინტრავენტებს აქვთ. ბევრ რამეს განიცდიდა და ბევრს დარდობდა. დარდობდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ.. ამასთანავე, ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. მტერსაც კი ეფერებოდა, თუმცა მტერი არ ჰყავდა, რადგან სიძულვილი არ შეეძლო.


ქართლოს კასრაძეზე უამრავ სასაცილო ისტორიას ჰყვებოდნენ:  
ერთხელ, პრაღაში ჩეხებს მშობლიურ ენაზე ჩაუტარა კონცერტი. დარბაზი ტაშით დანგრეულა. აცვენილან ჩეხები სცენაზე. ქართლოსს ჰკოცნიდნენ და ეკითხებოდნენ, რა ენაზე ლაპარაკობდიო.
ერთხელ, საიქიოდან დეპეშა მოსულა, წაიყვანეთ ეს კაცი აქედან, დაგვხოცა სიცილითო. ქართლოსს გაუგია და უკითხავს, თქვე კაი ხალხო, დახოცილები არ იყავით, მე რას მაბრალებთო.
ერთხელ, საბჭოთა პასპორტში ლენინის სურათი ჩაუკრავს და მილიციელებს უმტკიცებდა, მამაჩემიაო. 
ერთხელ, საბჭოთა კავშირის საზღვარზე შემოსვლისას, გაჩხრეკის პროცედურების დროს, ხელებაწეული მღეროდა „ს ჩევო ნაჩინაეტსია როდინა“-ს. ქართულ უშიშროებას რუსული „კაგებესთვის“ შეუთვლია, ეგ გიჟია და არ დაიჭიროთო.
ერთხელ, ჟურნალისტებთან საპირველაპრილო ინტერვიუს შემდეგ, თავისი სურათის მოძებნა რომ დაეზარა, გაზეთში ალენ დელონის სურათი გაუგზავნია. მეორე დღეს ამტყდარა რეკვა - რა კარგი ინტერვიუ იყო და არ გვახსოვდა, როგორი ლამაზი ყოფილხართო.
ერთხელ... 


რომ არა ჩვენი რუბრიკის ფორმატი, ამ დიდი გულისა და სიყვარულის ადამიანზე დაუსრულებლად შეიძლებოდა წერა.
მის ამბავს კი გიზო ნიშნიანიძის ლექსით დავასრულებთ, რომლითაც პოეტი ქართლოს კასრაძეს დაემშვიდობა:
„იყო და არა იყო რა - სულ ოქროს კვერცხი გვიგორა: ტირილი მოკლა სიცილით, სიცილი კვდება ტირილით...“

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?