ნიკოლოზ ბარათაშვილის სამი უპასუხო სიყვარული, სამი საფლავი და სასტიკი ბედისწერა

სიყვარულის ისტორიები

10 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

რომანტიკოსი პოეტი, რომელსაც ბედისწერამ სიყვარულში უიღბლობა და ნაადრევი სიკვდილი დაუთქვა, 1816 წლის 22 ნოემბერს თბილისში მელიტონ ბარათაშვილისა და ეფემია ორბელიანის ოჯახში დაიბადა.


პატარა ტატოს ოჯახში ქალაქის წარჩინებული ადამიანები იკრიბებოდნენ. თითქოს მომავალ პოეტს წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ვერც კარგმა წარმომავლობამ, ვერც საუკეთესო განათლებამ და გარემომ ბედნიერი მომავალი ვერ განაპირობა.
ხმაურიანი და მყვირალა მამისგან განსხვავებით, პოეტის დედა, რომელსაც გრიგოლ ორბელიანმა ლექსი „ჩემს დას ეფემიას“უძღვნა, მშვიდი და სათნო ქალბატონი ბრძანდებოდა.
ქეიფისა და დროსტარების მოყვარული მამის გამო ბარათაშვილების ოჯახმა ცხოვრება ხელმოკლეობაში გაატარა. კეთილშობილთა სასწავლებელში, სადაც ოჯახმა 1816 წელს მიაბარა, ტატო ყველასგან მხიარული ხასიათით, ცელქობით და ჭკუით გამოირჩეოდა. მომავალმა პოეტმა ლექსების წერა სწავლის პერიოდში დაიწყო. საუკეთესო მოცეკვავე იყო „ტანც-კლასშიც“, მაგრამ 16 წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო სამუდამოდ დაკოჭლდა. კოჭლობას ქალებთან არშიყობისა და სატრფიალო ლექსების წერისთვის ხელი არ შეუშლია და ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდა ქართული პოეზიის უმდიდრესი მარგალიტები, თუმცა ტატოსთვის ბედნიერება არც მის გენიალურ ლექსებს მოუტანიათ... 
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვიამბობს, რომ სანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და პოეზიაში ეკატერინე ჭავჭავაძის ხატება გაჩნდებოდა, პოეტს ორჯერ უყვარდა, მაგრამ მისი სიყვარული ორივე შემთხვევაში უპასუხოდ დარჩა.
ნიკოლოზ ბარათაშვილს სიყვარული პირველად 19 წლის ასაკში ეწვია. მისი ტრფობის ობიექტთან დაკავშირებით, საინტერესოა ტატოს მეგობრის ლევან მელიქიშვილის წერილი, რომელსაც ის გრიგოლ ორბელიანს1846 წლის 19 იანვარს უგზავნის: „არ ვიცი, იცი თუ არა, რომ პირველი სიყვარული საწყლისა იყო ნინო. არც ის ვიცი, იცი თუ არა, რომელი ნინო იყო.“
ზუსტად არაა ცნობილი, რომელ ნინოზეა საუბარი, თუმცა თავის დროზე, გიორგი ლეონიძემ ივარაუდა, რომ ეს ნინო ორბელიანი უნდა ყოფილიყო.
1836 წლის ზაფხული პოეტმა მთლიანად ნინოზე შთაგონებით გაატარა. ბარათაშვილის გრძნობები კარგად ჩანს ბიძისთვის, გრიგოლ ორბელიანისთვის მიწერილ ბარათსა და ლექსში „ღამე ყაბახზედ“, რომელშიც პოეტი შთამბეჭდავად აღწერს თავის პირველ სიყვარულთან შეხვედრის ისტორიას.


დიდი მეცნიერი პავლე ინგოროყვა წერდა, რომ პოეტის პირველი სიყვარული უფრო ყმაწვილური გატაცება იყო, ვიდრე გამტანი და ღრმა გრძნობა. მართლაც, ეს სიყვარული დიდხანს არ გაგრძელებულა  და 1837 წელს პოეტის ცხოვრებაში ჩნდება ფრანგი ქალიშვილი დელფინა ლაბიელი. საფრანგეთიდან ჩამოსახლებული დელფინას ოჯახი საკონდიტრო მაღაზიებს ფლობდა და საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. დელფინა საქართველოში იყო გაზრდილი და საფიქრებელია, ქართულს მშვენივრად ფლობდა, ამდენად, მას არ გაუჭირდებოდა ბარათაშვილის ლექსების გაგება. ლექსი „ასტრა“, რომელიც ბარათაშვილმა დელფინას მიუძღვნა,  სამწუხაროდ, ჩვენამდე ვერ მოვიდა, მაგრამ არსებობს უტყუარი ცნობა, რომ ასეთი ლექსი არსებობდა.


მურად მთვარელიძე: - ფრანგ ქალიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ტატოს ძლიერ ჰყვარებია „ფრანცუზის ქალი“, მაგრამ ერთხელ დელფინა რაღაცაზე შემოწყრომია. სწორედ მაშინ დაწერილა „რად მრისხანებ“:
„რად მრისხანებ, ჩემი ბედის ვარსკვლავო? / მაინც გეტრფი, თუმცა ხშირადა მკლავო. / შეეთვისა სული შენსა მოღრუბლვას, / შეეჩვია გული სევდითა კრთოლვას.“
ნიკოლოზ ბარათაშვილს სასიყვარულო ურთიერთობებში ბედი არ სწყალობდა და არც დელფინასთან სიყვარული აღმოჩნდა მყარი. დამნაშავე იყო თუ არა, პოეტის უიღბლობაში მისი ხეიბრობა? მეცნიერის განმარტებით, ფიზიკური ნაკლი ტატოს ხელს არაფერში უშლიდა და არც ეკატერინე ჭავჭავაძესთან ურთიერთობაში იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი. ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს ქალიშვილებს ეკატერინესა და ნინოს წარჩინებულ ყმაწვილკაცთა მთელი კრებული ეტრფოდა. რუსეთის მეფის მიერ კავკასიაში გამოგზავნილი კორნელი ბოროზდინის გადმოცემით,ორივე კალმით ნახატები იყვნენ და თავბრუს ახვევდნენ თბილისის მაშინდელ საზოგადოებას. ასე, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილს გამარჯვების მცირეოდენი შანსი ჰქონდა...


მურად მთვარელიძე: - ბარათაშვილი თავისი ბუნებით ისეთი მარდი და ცქვიტი იყო, რომ ვფიქრობ, ფიზიკური ნაკლი დიდად არაფერში უშლიდა ხელს. არც ის მგონია, ეკატერინე ჭავჭავაძესთან ურთიერთობაში, ბარათაშვილის კოჭლობა გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილიყო. ტატოს რომანი ეკატერინესთან 1838 წელს დაიწყო, თუმცა ერთმანეთს მანამდეც იცნობდნენ. ჭავჭავაძის მშვენიერ ასულს მრავალნი ეტრფოდნენ. მათ შორის იყო ივანე კონსტანტინეს ძე მუხრან-ბატონი. 1835 წელს მანანა ორბელიანი გრიგოლ ორბელიანს სწერდა „ივანე კვდება კატინასათვის, რომ აღარ აქვს სიცოცხლე.“ იმავეს სწერს თავის ძმასაც „მუხრანსკი კვდება კატინასთვის ი ნი ნა შუტკუ. ცოლად სურს.“ ეკატერინე, ფაქტობრივად, თანახმა იყო, რომ მუხრან-ბატონს გაყოლოდა, ნიშნობაც კი დაინიშნა, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რატომღაც, უარი განაცხადა ამ ქორწინებაზე.  განაწყენებულმა მუხრანსკიმ სასწრაფოდ შეირთო ცოლად ლევან დადიანის ასული ნინო. ამ ამბავს ფრიად გაუხარებია იმ დროისთვის პოლონეთში მყოფი მწერალი გიორგი ერისთავი, რომელმაც წერილი აფრინა  გრიგოლ ორბელიანთან: ივანე მუხრანსკის დადიანის ქალი შეურთავს. ღმერთო, იქნება კატინკა მე მერგოსო. მაგრამ მისი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.
1839 წელს ბარათაშვილი ელისაბედ ორბელიანის სახლში წვეულებაზე მიიპატიჟეს, სადაც ეკატერინეც იმყოფებოდა. პოეტს ვეღარ გაუძლია საყვარელი ქალის სიახლოვისგან მოზღვავებულ გრძნობისთვის და, როგორც იონა მეუნარგია იგონებს, წვეულებიდან ყაფლან ორბელიანის სახლში მისულა, სადაც მას მეგობარი, ლევან მელიქიშვილი დახვედრია და მისთვის გული გადაუშლია: ლევან, ლევან გავგიჟდი. მეტი აღარა ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესსო. სწორედ იმ საღამოს შეიქმნა ქართული პოეზიის მარგალიტი „საყურე“:


„ვითა პეპელა არხევს ნელ-ნელა სპეტაკ შროშანს, ლამაზად ახრილს, / ასე საყურე, უცხო საყურე, ეთამაშება თავისსა აჩრდილს. / ნეტავი იმას, ვინც თავისს სუნთქვას შენს აჩრდილში ამოიბრუნებდეს! / შენის შერხევით, სიოს მობერვით გულისა სიცხეს განიგრილებდეს!“
ამ საღამოს შთაბეჭდილება და ემოციები დიდხანს გაჰყოლია ბარათაშვილის ცნობიერებას, რასაც მოჰყვა მეორე ლექსი „თავადის ჭავჭავაძის ასულს ეკატერინეს“.
რასაკვირველია, ეკატერინე  არ თანაუგრძნობდა ბარათაშვილს. პოეტის სატრფო 1839 წლის 18 მაისს გათხოვდა. მისი რჩეული სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი გახლდათ, მაგრამ ჯვრისწერაზე საინტერესო რამ მოხდა - ეკატერინეს გული შეუღონდა.


დადიანები და მთელი სამეგრელო პატივით დახვდნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის სილამაზითა და ჭკუით განთქმულ ასულს, მაგრამ ეკატერინე ვერც დადიანების სასახლის ბრწყინვალებამ და ვერც დამხვდურთა პატივმა ვერ მოხიბლა. იგი მარტოსულად გრძნობდა თავს. მარტოსულობას სხვა უბედურებაც თან დაერთო. წლისაც არ იყო, რომ გარდაიცვალა მისი შვილი ლევანი, მას მეორე ვაჟი ალექსანდრეც მალე მიჰყვა. მურად მთვარელიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ გაუცხოებული ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთმანეთთან მხოლოდ ცოლქმრობის პირობა აკავშირებდა, ვერც დიდმა მწუხარებამ გააერთიანა..


არაერთი მოგონება და ჩანაწერი არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ ცოლ-ქმარი მალე გაცივდა ერთურთის მიმართ. ისინი ვერც შვილების დაკარგვით გამოწვეულმა მწუხარებამ გააერთიანა. დარჩნენ მეუღლეებად, მაგრამ მათ შორის არ იყო დიდი სიყვარული. მანამდე კი, 1840 წელს - ფაქტობრივად, გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ - ეკატერინემ თბილისში ჩამოსვლა და გარკვეული დროით დარჩენა მოახერხა. ამის შემდეგ, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინეს შეხვედრები გახშირდა. პოეტმა თავისი ლექსები რვეულში გადაწერა და ეკატერინეს მიართვა. სხვათა შორის, „ნა ფორტეპიანოზე მომღერალი“, რომელიც ეკატერინეს ეძღვნება, პოეტს მხოლოდ ამ რვეულში აქვს შეტანილი.
1840 წელს პოეტი წერს ლექსს „აღმოხდა მნათი“, რომელშიც სატრფოსთან შეხვედრის სიხარულს გამოხატავს. 1841 წელს დაიწერა ლექსი „არ უკიჟინო სატრფოო“. საგულისხმოა, რომ ამავე წელს ნიკოლოზ ბარათაშვილსა და ეკატერინეს შორის განხეთქილება მომხდარა. განხეთქილების მიზეზი უცნობია, მაგრამ ამან ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა, რასაც ადასტურებს მაიკო ორბელიასათვის გაგზავნილი წერილი: „კიდევ მომნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ... ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არ ჰქონია. ვისიც გონება მრწამდა ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერის სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი ცბიერებისა, წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?“
იმავე 1841 წელს ბარათაშვილი წერს ლექსს „ვპოვე ტაძარი“, სადაც თავის სულიერ მდგომარეობას ასე გამოხატავს: „ვერღა აღმიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი! ვერსად აღვანთე დაშთომილი მისი ლამპარი! ესრეთ დამიხშო უკუღმართმა ნუგეშის კარი, და დავალ ობლად, ისევ მწირი, მიუსაფარი!“


ამ პერიოდში იწერება კიდევ ერთი ლექსი, რომელიც ორმაგ, გადაკრულ აზრს შეიცავს:
არ შეემსჭვალოთ, მოკისკასე, კეკელა ქალსა,/ სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა! აშიკის ენა მას ახარებს,მას ასულდგმულებს, / ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიიკარებს!“
ლექსში საუბარია ზოგადად კეკელა ქალზე, მაგრამ ცნობილია, რომ ეკატერინეს სახლში კეკელას ეძახდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, ეკატერინე ზუგდიდში დაბრუნდა და პოეტი თავის კაეშანთან მარტო დარჩა.

1845 წელს განჯაში სამსახურში გამწესებულ პოეტს ციება შეეყარა და მარტოობაში გარდაცვალა.
ამ დროს გენიალური პოეტი 28 წლისაც არ იყო.
არის კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძესა და მის ოჯახს უკავშირდება.
1858 წელს პეტერბურგში მყოფი ილია ჭავჭავაძე იმხანად პეტერბურგთან ახლოს, ცარსკოე სელოში მცხოვრებ ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახს ესტუმრა. ზოგი ვერსიით, ეკატერინე ჭავჭავაძემ და ზოგი ვერსიით მისმა ქალიშვილმა სალომე მიურატმა ილიას რვეული გამოუტანა და უთხრა: ვიდრე ჩაის მოვამზადებდე,  ჩვენი ახლობლის, ტატოს ლექსებით შეიქციე თავიო.
ილიას მეგობარი კოხტა აფხაზი იგონებს:  მახსოვს მე და ილია პავლოვსკიდან ცარსკოე სელოში წავედით და იქ ვეწვიეთ ქალბატონ დადიანისას. ქალბატონმა დადიანისამ გამოიტანა წასაკითხად ბარათაშვილის ლექსები. რამდენადაც მახსოვს, ბარათაშვილის საკუთარი ხელნაწერი. ეს ლექსები იყო „ბედი ქართლისა“ და „მერანი“. ვერ წარმოიდგენთ, რა შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლექსებმა ილიაზე. თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ბოდავდა ბარათაშვილით. ილიამ მაშინ ლექსიც მიუძღვნა ბარათაშვილს და საკუთარ თავთან პირობაც დადო, რომ საქართველოს დაუბრუნებდა გენიოსი პოეტის შემოქმედებას და თავისი პირობა შეასრულა.


ბარათაშვილის გარდაცვალებით ახდა მისი წინასწარმეტყველური სიტყვები:
ნუ დავიმარხჩემსა მამულში,
ჩემთა წინაპართ საფალავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა,
ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის“.


პოეტი პატარა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მის საფლავზე თავისით ამოსულა კვიპაროსი, რომელიც მუდამ ჰყვაოდა. 1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ პოეტის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენება დაადგინა. ბარათაშვილის ნეშტს თბილისში ათასობით მამულიშვილი დახვდა. ამბობენ, რომ „დედებს მოეყვანათ თავიანთი პატარა შვილები, აჩოქებდნენ კუბოს წინ და თაყვანს სცემდნენ კუბოს, როგორც წმინდანის ნეშტს“. ბარათაშვილი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1938 წლის 19 ოქტომბერს კი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?